ჩვენი მეზობლები ბაზების ტესტირებისთვის სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენების მონაწილეობით შეჯიბრებებს აწყობენ.
ამჯერად ბაქოს სპორტული და მხატვრული ტანმოვარჯიშეები, ბატუტზე მხტომელები, აკრობატები და აერობიკის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ქართველები სამ დისციპლინაში ცდიდნენ ძალებს. შესანიშნავად იასპარეზა მხატვრულად ტანმოვარჯიშემ, ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის აღზრდილმა სალომე ფაჟავამ.
იმის მიუხედავად, რომ ქართველ სპორტსმენს ფეხის ტრავმა აწუხებს და სარბიელზე გამაყუჩებლებით გადიოდა, მრავალჭიდში მე-5 ადგილი დაიკავა (პირველ-მესამე ადგილები რუს მსოფლიოს ჩემპიონ იანა კუდრიავცევას და აზერბაიჯანელებს - მარინა დურუნდას და
სამაგიეროდ, სალომემ რგოლით ვარჯიშში იყოჩაღა - მცირედით ჩამორჩა კუდრიავცევას და ვერცხლის ჯილდო ერგო. მესამე იყო დურუნდა.
გურზებით ასპარეზობის შემდეგაც კვარცხლბეკზე ეს სამეული ავიდა, ოღონდ დურუნდამ და ფაჟავამ ადგილები გაცვალეს - ჩვენებური ბრინჯაოს დაყაბულდა. პირველობა აქაც კუდრიავცევას ხვდა.
თითო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს ბატუტზე მხტომელებმა. სინქრონულ ხტომებში თამარ კაკაშვილმა და ნანა გოგაშვილმა მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო თენგიზ კოშკაძე და გიორგი ფუტკარაძე ბრინჯაოს დასჯერდნენ.
ინდივიდუალურ ხტომებში ფუტკარაძე მე-5 ადგილზე გავიდა, კოშკაძე კი ფეხის ტრავმის გამო სარბიელზე არ გასულა.