სალომე ფაჟავას ბრინჯაო და "რაჭული" მოსკოვის გრან-პრიზე [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: ია იონ სონი, ალექსანდრა სოლდატოვა, სალომე ფაჟავა
გასულ უქმეებზე მოსკოვმა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა გრან-პრის ეტაპს უმასპინძლა. შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტი წარმომადგენელი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის. არც არის გასაკვირი, რადგან საოლიმპიადე წელია და ყველას უნდა, საკუთარი შესაძლებლობები სეზონის უძლიერეს ტურნირში გამოსცადოს.

მოასპარეზეთა შორის იყო სალომე ფაჟავა (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე), რომელმაც შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე რიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.

ნაახალწლევს ელისო ბედოშვილმა გვითხრა, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის სალომესთან ერთად ლენტითა და ბურთით ვარჯიშში ახალ პროგრამებს ამზადებენ:

"სალომეს შესაბამისი მუსიკა შევურჩიეთ.
თავადაც მოსწონს, უწინდელზე უკეთესი ვარჯიშები გამოგვდის ორიგინალური ქორეოგრაფიით. რაც შეეხება გურზებითა და რგოლით ვარჯიშებს, სპეციალისტების თხოვნით, ისინი არ შეგვიცვლია. ქომაგებსაც ძალიან მოსწონთ სალომეს გურზებით შესრულებული "რაჭული". კარგი პროგრამა აქვს რგოლშიც ორიგინალური ილეთით, რომელიც 0.4 ქულით ფასდება. ოლიმპიადამდე ვარჯიშებში, ალბათ, რამდენიმე ორიგინალურ ილეთს კიდევ ჩავამატებთ".

სალომე ფაჟავამ მოსკოვის გრან პრიზე განსაკუთრებით სწორედ რგოლში იყოჩაღა - ფინალში 18.016 ქულა დაიმსახურა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ-მეორე ადგილებზე ალექსანდრა სოლდატოვა (რუსეთი, 18.500) და ია იონ სონი (კორეა, 18.283) გავიდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქართველმა სპორტსმენმა რუსეთის დედაქალაქშიც მოხიბლა მაყურებლები გურზებით ვარჯიშში. არბიტრებმა 18.150 ქულით შეაფასეს მისი "რაჭული", მაგრამ ეს მხოლოდ მე-5 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი. აქ კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. მარგარიტა მამუნი (რუსეთი, 18.950), 2. არინა ავერინა (რუსეთი, 18.350), 3. მელიტინა სტანიუტა (ბელორუსი, 18.316). მეოთხე იყო ია იონ სონი - 18.250.
იხილეთ ფაჟავას გამოსვლა რაჭულის ფონზე
Sportall.Ge

- იხილეთ ინგლისური ვერსია

მართალია, ფაჟავას ბურთითა და ლენტით ახალი ვარჯიშები ჯერ კიდევ დაუხვეწავია და მაყურებლის წინაშე იგი პირველად წარდგა ამ პროგრამებით, მაგრამ ორივე საგნით ფინალში იასპარეზა და საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიმსახურა: ბურთით (17.933) მეხუთე, ლენტით (16.633) კი მერვე იყო.

არადა, ასპარეზობის პირველ დღეს 17.950 ქულა მიიღო. ამ სახეობებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:

ბურთი. 1. მარგარიტა მამუნი (რუსეთი, 18.883), 2. ალექსანდრა სოლდატოვა (რუსეთი, 18.883), 3. ია იონ სონი (18.383).
ლენტი. 1. არინა ავერინა (რუსეთი, 18.500), 2. ალექსანდრა სოლდატოვა (18.333), 3. ია იონ სონი (18.133).

რაც შეეხება მრავალჭიდს, სალომე ფაჟავამ 71.748 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა, რაც სეზონის დებიუტისთვის სულაც არ არის ურიგო. მით უმეტეს, რომ ჩვენებური ბრინჯაოსპრიზიორს მხოლოდ 0.936 ქულით ჩამორჩა. 74.066 ქულით გრან პრი ალექსანდრა სოლდატოვამ მოიგო. მეორე-მესამე ადგილები ია იონ სონმა (72.964) და არინა ავერინამ (72.682) გაინაწილეს.

შეჯიბრებაზე გამგზავრების წინ სალომე ფაჟავამ გვითხრა: "წლეულს ჩემთვის პირველი სტარტი მოსკოვის გრან პრი იქნება. შარშანაც მოსკოვის ტურნირით დავიწყე, გურზებით ბრინჯაო მოვიპოვე და მერე წარმატებული სეზონიც გამომივიდა. ღმერთმა ქნას, წლეულსაც ასე იყოს".

ქართველ ტანმოვარჯიშეს პირველი ნატვრა აუხდა.

რუსეთის დედაქალაქში გრან პრის პარალელურად, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ტურნირიც გაიმართა, რომელშიც 27 გუნდი მონაწილეობდა. ქართველებმა (ნატალია თაბაგარი, ნინო კვაშილავა) 82.250 ქულით მე-14 ადგილი დაიკავეს.

100.297 ქულით ყველას რუსეთის პირველმა ნაკრებმა (ალინა ერმოლოვა, პოლინა შტატკო) აჯობა. თაბაგარმა გურზებით ფინალში იასპარეზა და 15.350 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა უფროსი ასაკის ტანმოვარჯიშეთა შორის, სადაც ნათელა ბოლატაევამ 66,715 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. ტურნირში უკონკურსოდ ასპარეზობდა თამარ ჭანტურიძე, რომლის მონაგარიც 56,848 ქულაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული