სალომე ფაჟავას ოქრო და ორი ვერცხლი ბუქარესტის გრან პრიზე

AutoSharing Option
ამას წინათ გაუწყეთ, რომ ქართველმა მხატვრულად ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე) ჩეხურ ბრნოში გრან პრის გათამაშებაზე მრავალჭიდში (70.700) მე-6 და გურზებით ვარჯიშში (18.600) მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო რგოლით (18.600) მეოთხე იყო.

და აი, რიოს ოლიმპიადის ლიცენზიანტმა ქართველმა სპორტსმენმა ერთი კვირის წინანდელი შედეგები ბუქარესტში გამართულ გრან პრის ეტაპზე სამივეში გააუმჯობესა და ორ-ორი ადგილით წინ წაიწია, ლენტით ვარჯიშში კი ბრნოში ფინალს რომ ვერ უწია, ამჯერად მეორე ადგილი დაიკავა.

საგულისხმოა, რომ სალომემ პირველად დაიმსახურა 19-ქულიანი შეფასება, თანაც თავისი
საყვარელი "რაჭულით".

ფაჟავამ მრავალჭიდში 72.850 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილს დასჯერდა - ბრინჯაოსპრიზიორ დინა ავერინას (რუსეთი) 0.250 ქულით ჩამორჩა. პირველი-მეორე ადგილები მელიტინა სტანიუტამ (ბელორუსი, 74.150) და არინა ავერინამ (რუსეთი, 73.600) გაიყვეს. სამაგიეროდ, სალომემ გურზებით შეჯიბრებაში იყოჩაღა - 19.000 ქულით ოქროს მედალი დაიმსახურა. მეორე-მესამე ადგილებზე რუსი დები - დინა (18.750) და არინა (18.550) ავერინები გავიდნენ.

რგოლით ვარჯიშში 18.500-მა ქულამ ფაჟავას ვერცხლის მედალი მოუტანა. ბელორუსმა სტანიუტამ ჩვენებურს 0.5 ქულით აჯობა. 18.450 ქულით მესამე იყო დინა ავერინა. ჩვენებურს მეორე ვერცხლი 18.700 ქულით ლენტით ვარჯიშში ერგო. ოქრო 18.800 ქულით მელიტინა სტანიუტას ხვდა, არინა ავერინა 18.650 ქულით მესამე იყო.

ბურთით ვარჯიშში ქართველმა სპორტსმენმა 18.050 ქულას მოუყარა თავი და მე-5 ადგილს დაჰყაბულდა. საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. მელიტინა სტანიუტა (ბელორუსი, 18.950), 2. არინა ავერინა (რუსეთი, 18.500), 3. დინა ავერინა (18.500) და კატსიარინა ჰალკინა (ბელორუსი, 18.500).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული