ჩემპიონატში 40 მსროლელი იასპარეზებს, თუმცა გეოგრაფია უცვლელი რჩება - საასპარეზოდ კვლავაც მხოლოდ თბილისელი და ქუთაისელი ჩუბინები გამოვლენ.
ასპარეზობა ახალგაზრდების ტურნირით დაიწყება, 11 მარტს კი ერთად ისვრიან ქალები, გოგოები და ბიჭები. პირველობა ორშაბათს დასრულდება ვაჟთა შეჯიბრებით.
ეს ტურნირი კარგი გაკვეთილი იქნება ახალგაზრდებისთვის, რომლებიც განებივრებულნი არ არიან შეჯიბრებებით. ეს შესარჩევი ეტაპიც იქნება ზაფხულში გერმანულ ზულში საერთაშორისო ტურნირზე წამსვლელთა გამოსავლენად. არა
ამავდროულად, საქართველოს ჩემპიონატი ნინო სალუქვაძის სპორტული კარიერის 30 წლისთავს ემთხვევა, თუმცა კაცმა არ იცის, ეს მიღწევა კიდევ სადამდე გაგრძელდება - სალუქვაძე ლონდონის ოლიმპიადაზეც იასპარეზებს და რამდენიმე ოლიმპიური ციკლის მომთავრება კიდევ თავისუფლად შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ლონდონი მისთვის მეშვიდე ოლიმპიადა იქნება, რითაც ქართველთა შორის აბსოლუტური რეკორდსმენია. ჯერჯერობით ასევე პირველია ტყვიის სროლაში საერთაშორისო მასშტაბითაც პისტოლეტით მსროლელთა შორის, თუმცა ამ მიღწევის გამეორების შანსს ბერძენი აგატა კასუომი და სერბი მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი იასნა სეკარიჩიც ინარჩუნებენ. ოღონდ სანამ ისინი ამ უფლებას მოიპოვებენ, მანამ სალუქვაძე სპორტის ამ სახეობაში საერთაშორისო არენაზეც პირველია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"