როგორც შაბათს მოგახსენეთ, შეჯიბრების გეოგრაფია ამჯერად გაიზარდა და აზერბაიჯანელების გარდა, ერთი მალაიზიელი მსროლელიც მონაწილეობდა - დევი დასი იშვარი ჯანავა, რომლის სახელიც მჭიდროდ უკავშირდება სალუქვაძეს.
ჯანავა ეროვნებით უკრაინელია - ირინა კოჩეროვაა და 1986 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ამ გვარ-სახელით მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი.
მაშინ კვარცხლბეკი მთლიანად აწ უკვე ყოფილმა საბჭოელებმა შეავსეს - ჩემპიონი მარინა დობრანჩევა-ლოგვინენკო გახდა, მესამეზე კი სალუქვაძე გავიდა.
გერმანულ
ქველიაშვილის წლევანდელი მემორიალი ახალი წესებით ჩატარდა - შეიკვეცა სროლისთვის განკუთვნილი დრო. ამიერიდან ვაჟები 60 გასროლას 1.45 წუთის ნაცვლად 1.15-ს დაუთმობენ, ქალებმა კი 40 ტყვია 1.15-ის მაგივრად 50 წუთში უნდა გაისროლონ.
ახალმა წესებმა ჩვენს შეჯიბრებას თავისი დაღი დაასვა. განსაკუთრებით - ახალგაზრდებში, სადაც დაბალი შედეგებია. სამაგიეროდ, ცვლილება წამალივით მოუხდა სალუქვაძეს, რომელიც სწრაფ სროლებში ადრეც წყალში მოხვედრილი თევზივით გრძნობდა თავს.
ნიჭისა და გამოცდილების ხარჯზე მან ახალ წესებს ალღო იოლად აუღო და საკვალიფიკაციოში საუკეთესო მაჩვენებლით გაიმარჯვა - 385 ქულა. აღსანიშნავია, რომ წლეულს მას ამ დისტანციაზე ასეთი შედეგი არ უჩვენებია. სალუქვაძემ ფინალშიც ყველაზე კარგად ისროლა - 99.6 და ჯამური 484,6 ქულით ჩემპიონიც გახდა.
მეორეზე აზერბაიჯანელი მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი ირადა აშუმოვა გავიდა - 379+99.2 და 478,2 ქულა ჯამში.
მესამე ადგილი შესარჩევში დამატებითი მაჩვენებლებით გამოვლინდა - ჯანავამ და თბილისელმა თამილა ასათიანმა 371-371 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბოლო სერიაში სტუმარს უკეთესი შედეგი ჰქონდა და მესამეობაც მას ერგო.
ფინალში უფრო წარმატებით უკრაინელ-მალაიზიელმა ისროლა - 95.9, ჯამში 466.9 და როგორც მერე გაირკვა, ბრინჯაოც მოიპოვა, რადგან ასათიანმა მხოლოდ 93.4 ქულა დააგროვა და საბოლოო მაჩვენებელი 464.4 გამოუვიდა, რითაც მეოთხეზე დარჩა.
ვაჟებში წლეულსაც გაგრძელდა აზერბაიჯანელთა უპირატესობა და ოქრო-ვერცხლი მათ მოიპოვეს. ჩემპიონი ამჯერადაც რუსლან ლიუნიოვი გახდა 673,5 ქულით, მეორეზე კი რასულ მამადოვი გავიდა 669,9-ით. თუმცა შესარჩევში მამადოვმა ერთი ქულით აჯობა თანაგუნდელს - 575 ქულა ჰქონდა, მაგრამ ლიუნიოვმა ფინალში უკეთ ისროლა და საბოლოო შედეგითაც აჯობა. აქ სტუმრებმა მასპინძლებს მხოლოდ ბრინჯაოს მედალი დაუტოვეს, რომელსაც ბესიკ სირაძე (სკა) დაეუფლა 654.3 ქულით.
ახალგაზრდა გოგონებში ჩვენების უპირატესობა აშკარა იყო და სამივე მედალი მათ მოიპოვეს, თუმცა არასახარბიელო შედეგებით. ოქრო სალუქვაძის ტირის აღზრდილმა მარიამ მაღრაძემ მოიპოვა 361 ქულით.
ცხარე ბრძოლა გაჩაღდა მეორე ადგილისთვის - სალუქვაძის ტირის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ანი გაგილაძემ და 13 წლის ქუთაისელმა ლიზი კილაძემ 359-359 დააგროვეს, მაგრამ ბოლო სერიაში გაგილაძეს 92 ქულა ჰქონდა, კილაძეს - 86 და ამიტომ ვერცხლის მედალიც თბილისელს დარჩა, ქუთაისელი კი მესამეზე გავიდა.
20-წლამდელ ვაჟთა შორის ქუთაისელმა მსროლელმა იმარჯვა - გიორგი რამიშვილმა 549 ქულა დააგროვა და ორით აჯობა მეორეზე გასულ აზერბაიჯანელ ურფან ახუნდოვს. ბრინჯაოს კი 545-იანი ივა ჭანკვეტაძე (სალუქვაძის ტირი) დაეუფლა.
მედალოსნებს დიპლომები და სიგელები, ჩემპიონებს კი დამატებით თასებიც გადაეცათ. ისინი შოთა ქველიაშვილის შვილმა გიორგი ქველიაშვილმა დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ აშუმოვას და ჯანავას გავესაუბრეთ. მათ კმაყოფილება გამოთქვეს ტურნირის გამო, თუმცა იქვე სახელმწიფოს მხრიდან სპორტის ამ სახეობისადმი მეტი ყურადღების გამოჩენა ისურვეს, რათა უფრო მაღალი დონის შეჯიბრებების მასპინძლობა შევძლოთ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ აზერბაიჯანელებიც და აზიელიც 26 ნოემბრამდე თბილისში დარჩებიან შეკრებაზე, ანუ აქედან იწყებენ მომავალი სეზონისთვის მზადებას.
იშვარი ჯანავა: "ძალიან გამიხარდა, როცა ნინო სალუქვაძემ მომიწვია ამ ტურნირზე. ჩვენ დიდი ხანია, ვმეგობრობთ და საქართველოშიც ვარ ნამყოფი, როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში სოხუმში ჩავდიოდი შეკრებაზე, მაგრამ თბილისში პირველად ვარ. აშუმოვაც სულ მეუბნებოდა, რომ აქ კარგი ტურნირი ტარდება და ამიტომ გადავწყვიტე ჩამოსვლა.
ტირი კარგია. აქ მეგობრული, ოჯახური ატმოსფეროა. თუ ხელისუფლება დაეხმარება, კარგი იქნება. აქ კიდევ გაიზრდებიან ცნობილი სპორტსმენები, მით უფრო, ტრადიცია გაქვთ და მწვრთნელად ვახტანგ სალუქვაძე გყავთ.
ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ, რადგან ნახევარი წელიწადი არ მივარჯიშია. ძალიან მიხარია, აქ რომ ვარ".
ირადა აშუმოვა: "შოთა ქველიაშვილი უდიდესი მსროლელი იყო, სპორტსმენმა კი სპორტსმენს პატივი უნდა სცეს. ჩვენც აქ მისდამი პატივისცემის გამოსახატავად ჩამოვდივართ.
მეორე მიზეზი ისაა, რომ მეზობლები ვართ, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მესამე მიზეზი ისაა, რომ იანვარში საერთაშორისო ტურნირია, თებერვალში - ევროპის ჩემპიონატი და აქედანვე ვიწყებთ მზადებას ახალი სეზონისთვის.
ამასთან, გვინდა ახალგაზრდების გამოცდა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ნინო სალუქვაძესთან ამდენი წლის მეგობრობა მაკავშირებს. ის 17 წლის იყო, როცა პირველად ვნახეთ და მაშინ 400-დან 395 ქულა დააგროვა.
მხოლოდ 5 ქულა დაკარგა და ამ პატარა გოგომ თვალები დაგვაჭყეტინა. ასეთ სპორტსმენთან კონკურენცია კარგია და ამიტომაც ჩამოვდივართ.
ვიცი, რომ მალე თქვენთან ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. კარგი იქნება, ელექტროფარებს თუ შეიძენს. რაც აქაა, არც ეს ინვენტარია ცუდი, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიო იმით ისვრის.
ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს სერბეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან სურს აქ ჩამოსვლა და კიდეც ჩამოვლენ. ის ფარები თუ იქნება, 2-3 დღით ნებისმიერ საკალათბურთო არენას დაიქირავებ და ბევრად ძლიერ ტურნირს ჩაატარებ. საამისოდ ახალი ტირის აგება არაა საჭირო".
დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ამ ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა დღეს გაიმართება სპორტის სამინისტროში და ახალ პრეზიდენტსაც აირჩევენ. კანდიდატი ერთია - კობა ბექაური.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"