ქართველმა მსროლელებმა მიუნხენის ტურნირზე ვერ იყოჩაღეს

AutoSharing Option
მიუნხენში მიმდინარეობს ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ტყვიის სროლაში, რომელიც მხოლოდ პნევმატური პისტოლეტიდან იმართება.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენები წარუმატებლად გამოდიან. შეჯიბრების პირველ დღეს ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ მისთვის უჩვეულოდ შეუფერებელი შედეგი აჩვენა - 377 ქულა დააგროვა და 24-ე ადგილზე გავიდა.

აქ შესარჩევი ეტაპი 388 ქულით ბელარუსმა ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ვიქტორია ჩაიკამ მოიგო, მომდევნო ადგილებს კი 386-386-ით ფრანგი ევროპის ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი სელინ გობერვილი, სერბი ევროპის ორგზის გამარჯვებული ბობანა ველიკოვიჩი და მისი მსოფლიოს ჩემპიონი თანამემამულე ზორანა არუნოვიჩი
იყოფდნენ.

ფინალში ყველაფერი თავდაყირა დადგა - ჩაიკამ ცუდად ისროლა და მედალი კი არა, საბოლოოდ მეექვსეზე გადავიდა. სამაგიეროდ, კარგად გამოვიდა ველიკოვიჩი - 199.8, თუმცა ეს შედეგი გამორჩეული ამ შეჯიბრებაზეა და სერბს ჯამური 585.8-ით ოქროც მოუტანა, მაგრამ საერთაშორისო მაჩვენებლით არც ისე მაღალია. ფინალში ძლიერად გაისარჯა უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩიც - 198.7 ქულა.

არადა, შესარჩევში საკმაოდ ცუდად ისროლა - 383 დააგროვა, თუმცა ჯამში 581.7ქულა მაინც გამოუვიდა, რამაც ვერცხლის მედალი მოუტანა. ბრინჯაოს გობერვილი დაეუფლა - წინასწარ შედეგს ფინალში 179.1 დაუმატა, რითაც ჯამში 565.1 ქულა დაუგროვდა.

ლევან ქადაგიძემ მსროლელთა 8-კაციანი გუნდის მსგავსად 569 ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 45-ე ადგილი ერგო.

ახალგაზრდებში ვლადისლავ მაიოროვი პირველ დღეს 551-ით 34-ე აღმოჩნდა, გოგოებში კი ჩვენი ტრიოდან ყველაზე უკეთ ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონი ლიზი კილაძე გამოვიდა - 362 ქულა და 38-ე ადგილი.

მარიამ ბლუაშვილი 358-ით 47-ეა, მარიამ მაღრაძე კი 347 ქულით 52-ე ადგილზეა.

ვერ გეტყვით, ახალგაზრდები სასროლეთს და საშეჯიბრო ატმოსფეროს შეჩვივნენ თუ გაუთამამდნენ, მაგრამ მეორე დღეს ანუ 25 იანვარს, შედეგები ცოტათი გააუმჯობესეს.

მართალია, არა იმდენად, საბოლოო ცხრილში სერიოზულად წაეწიათ წინ, მაგრამ ნებისმიერი პროგრესი სასიამოვნოა.

გოგოებში ყველაზე კარგად ამჯერადაც ქუთაისელი კილაძე გამოვიდა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 13 წლისაა.

მისი გუშინდელი შედეგი 369 ქულაა, რამაც ცხრილში 33-ე ადგილამდე აანაცვლა. ამჯერად 364 ქულა დააგროვა ბლუაშვილმა, რამაც 38-მდე აღაზევა. სამაგიეროდ, შედეგი გააუარესა მაღრაძემ - 334 ქულა და 52-ე ადგილი.

25 იანვარს მოუმატა მაიოროვმაც - 557 ქულა და 31-ე პოზიცია ცხრილში. აღსანიშნავია, რომ მაიოროვი და მაღრაძე უცხოეთში პირველად გამოდიოდნენ ტურნირზე.

მიუნხენური შეჯიბრება დღეს დასრულდება უფროსთა ასპარეზობით. ცეცხლის ხაზზე სალუქვაძე და ქადაგიძე დადგებიან, ახალგაზრდებმა კი 25 იანვარს დაასრულეს გამოსვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული