ბულგარეთში ნინო სალუქვაძე, ცოტნე მაჭავარიანი, ლევან ქადაგიძე და მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე წავიდნენ. ეს ოთხეული იქნება გერმანიაშიც. რადგან ახლა ყველაფერი ოლიმპიადას ემსახურება, ამჯერად ახალგაზრდები არ მიჰყავთ.
ტყვიის მსროლელთაგან ორი ოლიმპიური ლიცენზია გვაქვს, რაც დედა-შვილმა - ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა მოახერხეს. ოლიმპიადაზე
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ პრობლემები მაინც არის, მათ შორის - ფრიად ბანალურიც, რაზეც ნინო სალუქვაძესთან ინტერვიუდან შეიტყობთ.
- როგორი გრაფიკით მოემზადებით ოლიმპიადისთვის, რა ეტაპებია დაგეგმილი?
- რამდენიმე საათში ბულგარეთში მივდივართ შეკრებაზე, სოფიაში ვივარჯიშებთ იმავე ბაზაზე, ევროპის ჩემპიონატის წინ რომ მოვემზადეთ. იქიდან გერმანიაში გადავალთ და 19 მაისიდან მიუნხენში გამოვალთ მსოფლიოს თასზე. მერე აზერბაიჯანში გავივლით შეკრებას და თან ბაქოში ვიასპარეზებთ მსოფლიოს თასის ბოლო ეტაპზე.
ივლისის ბოლოს გავემგზავრებით ბრაზილიაში, თუმცა მანამდე დასკვნით შეკრებასაც გავივლით, ოღონდ ჯერ საბოლოოდ არ გადაგვიწყვეტია - სად, ჯერ ვარიანტებს ვარჩევთ. გვინდა, ეს ერთობლივი შეკრება იყოს და მარტო არ ვივარჯიშოთ. დაველაპარაკებით ბულგარელებს, უკრაინელებს, რუსებს, გერმანელებს, სხვებსაც და სადაც უკეთესი პირობები იქნება, იქ წავალთ.
- ოლიმპიადისთვის მზადება რამდენად შეუფერხებლად მიმდინარეობს, პრობლემები ხომ არ არის?
- პრობლემა ისაა, რომ ცოტნეს არ აქვს იარაღი 50-მეტრიან დისტანციაზე სასროლად. შვეიცარიული "მორინის" ფირმა გვპირდება საჩუქრად გადმოცემას, მაგრამ ჩვენი არალოგიკური კანონების გამო ვერ შემოგვაქვს.
ფედერაციაზე ვერ ვაფორმებთ, პიროვნებაზე რომ გავაფორმოთ, მერე შეჯიბრებაზე ვერ წავიღებთ და არ ვიცი, რა გავაკეთოთ. სპორტს ამ კუთხით არანაირი შეღავათი არ აქვს. სასაცილოა, აბა, რა არის - ხალხი საჩუქრად გვაძლევს და ვერ ჩამოგვაქვს...
- პნევმატურში როგორაა იარაღის საქმე, ან თქვენ ხომ არ გჭირდებათ მათი შეცვლა?
- მე მაქვს და შეცვლის საჭიროება არ არის. უბრალოდ, ტექნიკაა და ყოველთვის სჭირდება რაღაცის შეკეთება. ახლაც მოსაწესრიგებელია და ამას ვაგვარებთ, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა იარაღის ჩამოტანაა, რომელიც არ ვიცით, როგორ მოვაგვაროთ.
- ესე იგი, მთელ მოსამზადებელ პერიოდს უცხოეთში გაივლით, საქართველოში ვერ მოემზადებით?
- საქართველოში სად მოვემზადოთ? ღია ტირი ჩვენ არ გვაქვს და 50-მეტრიანი სასროლეთი.
- მზადების დარჩენილ ეტაპზე ძირითადი აქცენტი რაზე გაკეთდება?
- ტექნიკაზე, ფიზიკასა და ფსიქოლოგიაზე...
- ფსიქოლოგი კი გყავთ, მაგრამ ამ კუთხით კიდევ ხომ არ იგეგმება რამე დამატებითი მუშაობა?
- ამ ეტაპზე მეტი არაფერი იგეგმება. რაც შესაძლებელია, აქაც ვაკეთებთ. ცოტნესთან მუშაობს ფსიქოთერაპევტი მალხაზ დავითაშვილი და კმაყოფილიცაა მისით. უცხოეთში შეკრებებზე რომც დავიქირაოთ ფსიქოლოგი, შეიძლება ამან უფრო გვავნოს, ვიდრე - გამოგვადგეს. ფსიქოლოგის საქმე ერთდღიანი არაა, მან უნდა იცოდეს, როგორ, რანაირად მიუდგეს კონკრეტულ სპორტსმენს, მისი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს.
- საოლიმპიადოდ მეტოქეებიდან ვის გამოარჩევთ და რითი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი ეს ოლიმპიური ციკლი?
- ბოლო წლებში ინდოელები ძალიან მოძლიერდნენ. ჩინელები ისევ ლიდერებად რჩებიან, თუმცა გერმანელებს, რუსებს, შვეიცარიელებს, სერბებს, უკრაინელებს - ყველას ჰყავს კარგი გუნდი. ოლიმპიადაზე შემთხვევითი არ ხვდებიან. ამ დროს კი რამდენ კარგ მსროლელს არ აქვს ლიცენზია! მაგალითად, ბულგარელთა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა, გერმანელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური მედალოსანი მუნკბაიარ დორჯსურენი, სერბი მსოფლიოს ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი და სხვები...
- ჯერ არაფერი გვითქვამს იმაზე, რომ დედა-შვილი ერთად იასპარეზებთ ოლიმპიადაზე...
- ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ თამაშებზე დედა და ვაჟი ერთად იასპარეზებენ. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამაზე უცხოელებიც წერენ - ამერიკელებმა გამომიგზავნეს იქაური გაზეთი, სადაც ამაზე იყო სტატია, ასევე - სერბებმა, უკრაინელებმა, ავსტრალიელებმა... ერთი სიტყვით, ყველამ აიტაცა ეს ამბავი. ახლა ცოტნე გერმანიაში იყო წასული ახალგაზრდულ მსოფლიოს თასზე და იქაც მისულან მასთან ჟურნალისტები, დედაც აქ ხომ არ არისო. მე იქ არ ვიყავი წასული და მისგან აუღიათ ინტერვიუ.
- ეს ციკლი ქართული ტყვიის სროლისთვისაც გამოცოცხლების პერიოდად იქცა - თქვენ გარდა, სხვებმაც მოიპოვეს ლიცენზიაც და სხვადასხვა რანგის შეჯიბრებათა მედლებიც...
- ეს ძალიან სასიხარულოა. აგერ, ევროპაზე ახალგაზრდებში ჩვენმა გოგომ - ნინო ხუციბერიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, შარშან ასევე ევროპაზე ახალგაზრდებში ბიჭები გუნდურში მესამეზე გავიდნენ; აგერ, ცოტნემ ლიცენზია მოიპოვა, რაც პირველად მოხდა, როცა ჩემ გარდა ეს სხვამაც შეძლო.
ჩემთვის ორმაგად საამაყოა, ეს ჩემმა შვილმა რომ გააკეთა. გამოცოცხლება მართლაც არის, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი შედეგების მისაღწევად ბაზაა საჭირო. აგერ, ვითომ გავფართოვდით ჩემი ტირის გვერდით არსებული ავტოსახელოსნოების ხარჯზე, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზეა - ის ფართი არ დაცლილა და თან მფლობელები კონტრაქტის დასრულებამდე ამაზე უარს ამბობენ. არადა, მთავრობამ მისწერა, რომ ორ თვეში უნდა დაცალონ. კიდევ ორი თვე მეც დავუმატე, მაგრამ მაინც უარზე არიან, სექტემბრამდე ვერ გავალთო. იმედია, ისევ მთავრობა მიხედავს ამ პრობლემას.
დიდი სურვილი მქონდა, სექტემბრამდე გავფართოებულიყავით და ახალი სეზონი გაუმჯობესებული პირობებით დაგვეწყო. მთავრობა ლიცენზიებისთვის პრემიებს რომ გვაძლევს, იმ თანხით მინდოდა იმ ფართის გარემონტება და განახლება...
- ღია სასროლეთების მოწყობაზეც არაერთი შეპირება იყო. პრაქტიკულად თუ გაკეთდა რამე?
- სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გვპირდება, რომ "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე აგვიშენებს ღია სასროლეთს და ვნახოთ.
- პოსტოლიმპიურ გეგმებზეც გკითხავთ... შანსი გაქვთ, ოლიმპიადებში მონაწილეობის აბსოლუტურ რეკორდზეც წახვიდეთ...
- ჯერ ეს ოლიმპიადა ჩავამთავროთ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ტექნიკურად და ფსიქოლოგიურად არც შეჯიბრებებზე გამოსვლა მიჭირს და არც - მზადება, მაგრამ მარჯვენა თვალზე მხედველობის სერიოზული პრობლემა მაქვს. სად არ გამოვიკვლიე - ინგლისი, თურქეთი, საქართველო, მაგრამ ვერავინ ვერაფერი გაიგო და ვერაფერი მიშველეს. ახლა გერმანიაშიც ვაპირებ ექიმთან მისვლას და ვნახოთ. თუ მდგომარეობა არ გამომისწორდა, მაშინ ძნელია ოპტიმისტური პროგნოზი.
- ლატვიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აფანას კუზმინსმა თუ მოიპოვა რიოს ოლიმპიადის საგზური?
- ვერა. ვერც მან მოიპოვა და ვერც სლოვენიელმა თოფოსანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა რაიმონდ დებევეცმა, რომელიც ასევე 8 ოლიმპიადაზე გამოვიდა. სასაცილოა, რომ წესების გამო ამდენი კარგი სპორტსმენი დარჩა ულიცენზიოდ. კლასი იკარგება, არ ჩანს მსროლელის ოსტატობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"