ბრიტანული ტრიუმფი

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ჯირო დ'იტალიას ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს მაქსიმალურად გაურთულონ ცხოვრება თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპრინტერს მარკ კევენდიშს. საქმე ისაა, რომ დაბლობის ეტაპები სხვადასხვა სირთულის ამაღლებებით არის გაჯერებული, რაც უფრო აწყობს კევენდიშის მთავარ კონკურენტ ალესანდრო პეტაკის.

მეათე ეტაპი ტერმოლიდან ტერამომდე სიგრძითა და სირთულით (მეოთხე კატეგორიის მხოლოდ ერთი მწვერვალი) არ გამოირჩეოდა, სამაგიეროდ, ბოლო რვა კილომეტრი ველომრბოლებს აღმართის გადალახვა უწევდათ, თანაც ბოლო ასი მეტრის დახრა თითქმის ოთხ პროცენტს აღწევდა.

ამ ეტაპის სცენარი დიდად არ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ეტაპებისგან, სადაც გამარჯვებულს საფინიშო სპურტი არკვევს. უკვე დასაწყისში პელოტონმა
სამი მრბოლელი გაუშვა წინ: ფრანგები პიერ კაზო და იური კრივცოვი და იაპონელი ფუმიუკი ბეპუ. მოკლე ეტაპის გამო გაქცეულების მაქსიმალურმა უპირატესობამ ხუთი წუთი შეადგინა. 100 კილომეტრის შემდეგ პელოტონმა თანდათან დაიწყო ამ ჩამორჩენის შემცირება.

ფინიშამდე 45 კილომეტრით ადრე სხვაობა უკვე ორი წუთი იყო, რაც ფინიშზე სპრინტერული გარჩევების გარანტია გახლდათ. ამ ბრძოლის ერთ-ერთმა პოტენციურმა მონაწილემ კევენდიშმა ზედმეტი ძალები დახარჯა პელოტონში დასაბრუნებლად - მისი ჩამორჩენა საბურავის გასკდომამ გამოიწვია.

ბეპუს მონდომებით გაქცეულებმა გარკვეული ხანი კიდევ შეინარჩუნეს ლიდერობა, მაგრამ 10 კილომეტრით ადრე პელოტონი სრული შემადგენლობით აღდგა და დაიწყო მზადება საფინიშო სპურისთვის. ბოლო კილომეტრებზე ტემპი არანორმალურად გაიზარდა, თუმცა ასეთი პირობებში დევიდ მილარმა მაინც გარისკა შეტევაზე გადასვლა. იერიში ეფექტური გამოვიდა და ერთ მომენტში სხვაობამ 15 წამსაც კი მიაღწია, მაგრამ ფინიშამდე კილომეტრით ადრე მასაც დანებება მოუწია. დადგა "სუფთა" სპრინტერთა დრო.

პეტაკიმ პირველმა სცადა შეტევა, მაგრამ სითამამე დააკლდა. კევენდიშმა კონტრშეტევის ხარჯზე მას მთელი კორპუსით გაუსწრო და ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეინარჩუნა ეს უპირატესობა. განაწყენებულმა პეტაკიმ ფინიშზე მეორე პოზიციაც წააგო ვენტოსოსთან.

ამით კევენდიშის მისია ჯიროზე ამოიწურა. ის ხვალ კიდევ ერთხელ იბრძოლებს გამარჯვებისთვის, რის შემდეგაც დაასრულებს რბოლას, რადგან ურთულეს სამთო ეტაპებზე ვერ შეძლებს დროის ლიმიტში ჩაჯდომას.

X ეტაპი
1. მარკ კევენდიში (ბრიტ, "ჰაიროუდი") - 4:00.49; 2. ფრანსისკო ვენტოსო (ესპ, "მოვისტარი") - იგივე დრო; 3. ალესანდრო პეტაკი (იტა, "ლამპრე") - იგივე დრო; 4. რობერტო ფერარი (იტა, "ანდრონი ჯოკატოლი") - იგივე დრო; 5. დავიდე აპოლონიო (იტა, "სქაი") - იგივე დრო; 6. ფრანჩესკო კიკი (იტა, "ქუიქ-სტეპი") - იგივე დრო.

საერთო ჩათვლა
1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 33:03.51; 2. კონსტანტინ სივცოვი (ბლრ, "ჰაიროუდი") - +0.59; 3. კრისტოფ ლე მეველი (საფ, "გარმინი") - +1.19; 4. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - +1.21; 5. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +1.28; 6. დავიდ აროიო (ესპ, "მოვისტარი") - +1.37...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული