კონტადორი გადარჩა

AutoSharing Option
ჯირო დ'იტალიას მე-11 ეტაპი ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა. შეტევები, გამოდევნება, ლიდერის მაისურის შეცვლის საფრთხე და მოულოდნელი დასასრული ჩაეტია ტორტორეტოდან კასტელფიდარდომდე 142 კილომეტრში.

დისტანციის პირველი მესამედის განმავლობაში პელოტონი არ დაშლილა. პირველად სიტუაცია "აურია" დავიდ მილარმა, რომელმაც ლიდერობა ვერ შეინარჩუნა, მაგრამ გამოაცოცხლა ათამდე ველომრბოლი, მათ შორის თავისივე გუნდის ლიდერი კრისტოფ ლე მეველი. ფრანგი საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილს იკავებდა და წარმატებული რბოლის შემთხვევაში შეეძლო ლიდერის ვარდისფერი მაისურა წაერთმია ესპანელი ალბერტო კონტადორისთვის.

ლიდერის გუნდი "საქსობანკი" დიდი ხანი არ რეაგირებდა ამ შეტევაზე, კონტადორი კი
იმდენად უზრუნველად იღიმებოდა პელოტონში, თითქოს ეს გაქცევა მას მხოლოდ ხელს აძლევდა. მაგრამ როგორც კი გაქცეულებმა ჰანდიკაპი ორ წუთამდე გაზარდეს, ბიარნე რიისის გუნდი გააქტიურდა და თავად ვარდისფერი მაისურის მფლობელი ჩაუდგა ამ პროცესს სათავეში.

სანამ ლიდერები და "საქსობანკი" ურთიერთობას არკვევდნენ, დაწინაურებულებს ესპანელი დანიელ მორენო გამოეყო და მარტო გაუდგა ფინიშისკენ გზას. წინ კიდევ 25 კილომეტრი იყო და ეს გაქცევა ავანტიურას უფრო ჰგავდა.

ბევრმა სცადა ესპანელის დაწევა, მაგრამ ყოველ მთაზე მორენო სკამიდან დგებოდა და შეტევებს იოლად იგერიებდა. ერთადერთი, ვინც მის ტემპს აჰყვა, ლიტველი იგნატას კონოვალოვასი იყო. მისმა და მორენოს დუეტმა ნაყოფიერად იმუშავა, რისი წყალობითაც სხვა გაქცეულები განწირულები აღმოჩდნენ, მათ შორის, ლე მეველი, რომელიც აღარ აცხადებდა პრეტენზიას ვარდისფერ მაისურზე.

სამაგიეროდ, პელოტონი გააქტიურდა და ბოლო აღმართზე მთის სპეციალისტებმა ისე მოუმატეს ტემპს, რომ მალე დაინახეს მორენოსა და კონოვალოვასის ზურგები. უფრო მჩატე ესპანელმა მეწყვილე მიატოვა და ფინაშამდე მარტო მისვლა გადაწყვიტა. მხოლოდ 150 მეტრით ადრე "დაიჭირეს" მორენო. ფრანგმა ჯონ გარდემ შესანიშნავი საფინიშო სპურტი განახორციელა და მას უკვე ვეღარავინ დაეწია.

ასეთი დაძაბული ეტაპის მიუხედავად, გენერალურ კლასიფიკაციაში არაფერი შეცვლილა. და არც შეიცვლება პარასკევამდე, როცა მორიგი სამთო ეტაპი გაიმართება.

XI ეტაპი
1. ჯონ გარდე (საფ, "აჟ2რ"); 2. ხოაკინ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - იგივე დრო; 3. ჯოვანი ვისკონტი (იტა, "ფარნეზე") - იგივე დრო; 4. ხოსე სერპა (კოლ, "ანდრონი ჯოკატოლი") - იგივე დრო; 5. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - იგივე დრო; 6. რომან კროიციგერი (ჩეხ, "ასტანა") - იგივე დრო.
საერთო ჩათვლა
1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 33:03.51; 2. კონსტანტინ სივცოვი (ბლრ, "ჰაიროუდი") - +0.59; 3. კრისტოფ ლე მეველი (საფ, "გარმინი") - +1.19; 4. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - +1.21; 5. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +1.28; 6. დავიდ აროიო (ესპ, "მოვისტარი") - +1.37...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული