ბოლო რეპეტიცია

AutoSharing Option
ველომრბოლებმა მოახლოებულ ტურ დე ფრანსამდე ბოლო რეპეტიცია გაიარეს - მათ ტრადიციულად შვეიცარიის ტურზე გაარკვიეს ურთიერთობა. წელს ამ პრესტიჟული რბოლას ძალიან დრამატული ფინალი ჰქონდა და მან მოგვაგონა 1989 წლის ტურ დე ფრანსის ბოლო ეტაპზე - 25 კილომეტრზე განცალკევებით რბოლაში განვითარებული დრამა. ამ ეტაპის წინ ფრანგი ლორან ფინიონი 50 წამს უგებდა ამერიკელ გრეგ ლემონდს და წინასწარ იღებდა მილოცვებს. მაგრამ ამ 25 კილომეტრზე ლემონდმა კონკურენტს 58 წამი მოუგო და ელისეს მინდვრებზე ტრიუმფატორის რანგში მივიდა. მას შემდეგ ტურ დე ფრანსის ბოლო ეტაპზე განცალკევებითი რბოლა
აღარ იმართება.

დაახლოებით იგივე გააკეთა შვეიცარიის ტურის დასკვნით ეტაპზე 37 წლის ამერიკელმა ვეტერანმა ლევი ლაიპჰაიმერმა. 9-დღიანი ველორბოლა 32-კილომეტრიანი განცალკევებითი რბოლით სრულდებოდა. ამ ეტაპის წინ დამიანო კუნეგო ორ წუთს უგებდა პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორს და თითქოს ყვითელი მაისურის მფლობელის საკითხი დახურული იყო. რბოლის სტარტმა დაადასტურა ეს მოსაზრება - კუნეგო დისტანციის პირველი მესამედი მხნედ გამოიყურებოდა და მისთვის კატასტროფას არაფერი მოასწავებდა, მაგრამ იტალიელმა საკუთარ ტემპს ვეღარ გაუძლო და ყოველ კილომეტრზე ოთხი წამის წაგება დაიწყო, რითაც ლაიპჰაიმერმა ეტაპის დასრულების შემდეგ საერთო ჩათვლაში ოთხწამიანი უპირატესობა მიიღო.

2004 წლის ჯირო დ'იტალიას ჩემპიონისთვის ეს მარცხი განსაკუთრებით დასანანია, რადგან შვეიცარიის მთებში მან ძალიან კარგი ფორმა აჩვენა. ასეთი გამოსვლა კუნეგოს კარგა ხანია არ უჩვენებია. ბოლო მრავალდღიანი ველორბოლა მან ოთხი წლის წინ მოიგო ("ტირენო-ადრიატიკო"), მას შემდეგ კი ერთდღიანი ველომრბოლების სპეციალისტად ჩამოყალიბდა. შვეიცარიაში "ლიამპრეს" ლიდერი ყველაზე სტაბილური იყო - ორჯერ მეორე და ერთხელ მესამე ადგილი მოიპოვა.

სავარაუდოდ, კუნეგოს დღევანდელი ფორმა საკმარისი არ იქნება ტურ დე ფრანსზე გასამარჯვებლად, მაგრამ ფავორიტებისთვის პრობლემების შექმნა მას შეუძლია. რაც შეეხება ლევი ლაიპჰაიმერს, ბოლო ორი წელია ის ელიტას აღარ განეკუთვნება და საფრანგეთში ფავორიტებს შორის მისი მოხსენიება არ შეიძლება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შვეიცარიაში ტურ დე ფრანსის ფავორიტების - ძმები შლეკების გამოსვლა. ლუქსემბურგელებმა ამ რბოლაში აქცენტი უფროს ძმაზე - ფრანკზე გააკეთეს. უმცროსმა ანდიმ ძალიან ბევრი წააგო რბოლის პირველ ნაწილში და მხოლოდ მეშვიდე ეტაპზე მეორე ადგილით გამოიჩინა თავი. ფრანკი ბოლომდე ინარჩუნებდა მესამე პოზიციას, მაგრამ განცალკევებით რბოლაში სამი წუთი წააგო და პირველი ექვსეულის მიღმა აღმოჩნდა. ტურ დე ფრანსის დაწყებამდე თითქმის თვე დარჩა და შლეკებს საკმარისი დრო აქვთ ოპტიმალური ფორმის ასაკრეფად.

საერთო ჩათვლა
1. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, "რედიოშეკი") - 31:45.02; 2. დამიანო კუნეგო (იტა, "ლიამპრე") - +0.04; 3. სტივენ კრეისვიიკი (ჰოლ, "რაბობანკი") - +1.02; 4. იაკობ ფუგლსანგი (დან, "ლეოპარდი") - +1.10; 5. ბაუკე მოლემა (ჰოლ, "რაბობანკი") - +2.05; 6. მიტიას ფრანკი (შვეიც) - +2.24...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული