ისევ "გარმინის" ტრიუმფი

AutoSharing Option
ამერიკულმა საჯინიბო "გარმინმა" ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო - გუნდურ რბოლაში გამარჯვების შემდეგ თავი გამოიჩინა გუნდის მთავარმა სპრინტერმა ტაილერ ფარარმა, ტორ ჰუშოვდმა კი შეინარჩუნა ლიდერობა საერთო ჩათვლაში.

ტურ დე ფრანსის მესამე ეტაპის პროფილი სპრინტერს აწყობდათ. დისტანციაზე ერთადერთი ამაღლება იყო, ისიც ზემოთ მიმავალი ხიდი. მოკლედ, სპრინტერული ფინიში იყო მოსალოდნელი, რომლის ფავორიტად მარკ კევენდიში მიიჩნეოდა. მას აქამდე ტურის 15 ეტაპი ჰქონდა მოგებული, თუმცა მე-16 ტრიუმფი არ შედგა.

სტარტის შემდეგ პელოტონს გაექცა ხუთი ველომრბოლი. ამ ჯგუფის მაქსიმალური უპირატესობა პელოტონთან რვა წუთს შეადგენდა, რაც იმას
ნიშნავდა, რომ დაწინაურებულებს ფინიშთან მარტო მისვლის შანსი თითქმის არ ჰქონდათ. პელოტონი, რომელსაც სათავეში ედგა საერთო ჩათვლის ლიდერის გუნდი "გარმინი" და კევენდიშის საჯინიბო - "ჰაიროუდი", ლიდერთა ჯგუფთან სტაბილურ სხვაობას ინარჩუნებდა, მაგრამ მათი დაწევა მხოლოდ ფინიშამდე 9 კილომეტრით ადრე მოახერხა.

თუმცა მთავარ ფინიშამდე საინტერესო მოვლენას ჰქონდა ადგილი 90-ე კილომეტრზე, როცა სპრინტერული ქულები გათამაშდა საშუალედო ფინიშზე. აქ ზედმეტად იაქტიურეს კევენდიშმა და ჰუშოვდმა და ეტაპის შემდეგ ქულები ჩამოერთვათ. საქმე ისაა, რომ ნორვეგიელმა ზედ ფინიშის წინ გადაუჭრა გზა ბრიტანელს, რის გამოც კევენდიშმა თავი ჩაარტყა კონკურენტს. ტურის კომისარმა ორივეს მოქმედებაში წესის დარღვევა შენიშნა და მათ დისკვალიფიკაცია მისცა.

საბოლოო სპურტისთვის მზადებისას, ბოლო კილომეტრამდე ყველაფერი "ჰაიროუდის" გეგმის მიხედვით მიდიოდა, რომელიც ცდილობდა მაქსიმალურად კარგი პოზიცია შეექმნა მარკ კევენდიშისთვის. მაგრამ თავიდან ამ გუნდის ორი პილოტი ისე აჩქარდა, რომ თავისი კაპიტანი დაკარგა, შემდეგ კი წაიქცა სამუელ დიუმოლენი ("კოფიდისი"), რის გამოც გამარჯვებისთვის ბრძოლა მხოლოდ სამმა მრბოლელმა გააგრძელა. ასე რომ, პირველობისთვის იბრძოდნენ "გარმინის" წევრები, რომან ფეიუ და ხოსე ხოაკინ როხასი. საბოლოოდ, მოლოდინისამებრ გამარჯვება მოიპოვა ამერიკელმა ტაილერ ფარარმა. ეს მისი პირველი ტრიუმფია ტურ დე ფრანსზე და ის ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა.

III ეტაპი. 198 კმ.
1. ტაილერ ფარარი (აშშ, GRM) - 4.40,21; 2. რომან ფეიუ (საფ, VCD) - იგივე დრო; 3. ხოსე როხას ხილი (ესპ, MOV) - იგივე დრო; 4. სებასტიან ინო (საფ, ALM) - იგივე დრო; 5. მარკ კევენდიში (ბრიტ, THR) - იგივე დრო; 6. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - 9.46,46; 2. დევიდ მილარი (ბრიტ, GRM) - იგივე დრო; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,01; 4. ჯერენტ ტომასი (ბრიტ, SKY) - +0,04; 5. ლინუს გერდემანი (გერ, LEO) - იგივე დრო; 6. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, SKY) - იგივე დრო; 7. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 8. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 10. ბრედლი ვიგინსი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო... 14. ტონი მარტინი (გერ, THR) - +0,05... 19. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - 0,10... 22. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - იგივე დრო... 46. ივან ბასო (იტა, LIQ) - +0,57... 50. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +1,04... 69. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +1,42... 86. რომან კროიციგერი (ჩეხ, AST) - +2,21... 99. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +2,36...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული