არის პირველი დოპინგსკანდალი

AutoSharing Option
ტურ დე ფრანსზე პირველი დოპინგ-სკანდალი აგორდა. რუსული ველოსაჯინიბო "კატიუშას" წევრი ალექსანდრ კოლობნევი დოპინგის გამოყენებაშია დადანაშაულებული. დადებითი შედეგი აჩვენა დოპინგსინჯმა, რომელიც 6 ივლისს აიღეს. მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის ორგანიზმში აღმოჩნდა WADA-ის (მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო) მიერ აკრძალული პრეპარატი - ჰიდროჰლოროტიაზიდი.

ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა გამოაცხადა, რომ B სინჯის გახსნამდე არ მისცემდა რუს ველომრბოლს დროებით დისკვალიფიკაციას, რითაც კოლობნევს საშუალება ექნებოდა გაეგრძელებინა გამოსვლა ტურ დე ფრანსზე, მაგრამ თავად "კატიუშას" ხელმძღვანელობამ აუკრძალა თავის ერთ-ერთ ლიდერს ტურის მეათე ეტაპზე გასვლა, მოგვიანებით კი საერთოდ გარიცხა ის თავისი რიგებიდან.

თუ
B სინჯიც დაადასტურებს კოლობნევის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის კვალს, მაშინ ველომრბოლს ორწლიანი დისკვალიფიკაცია არ ასცდება, რაც მას ლონდონის ოლიმპიადის მიღმა დატოვებს.

* * *
ამასობაში, სხვა სახის პრობლემები აქვს ტურ დე ფრანსის მოქმედ ჩემპიონს ალბერტო კონტადორს. ორშაბათს გამართული ვარჯიშის დროს ესპანელ ველომრბოლს ორივე მუხლში ტკივილი აწუხებდა.

სავარაუდოდ, კონტადორმა ტრავმა მეცხრე ეტაპზე დაცემისას მიიღო. გარდა ამისა, ალბერტოს მარჯვენა მუხლი ტურის ერთ-ერთ საწყის ეტაპზე დაცემის დროსაც დაუზიანდა. სულ მალე ტურის მარშრუტი პირენეის მთებამდე მიაღწევს და ესპანელს მნიშვნელოვანი სტარტების წინ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა აშფოთებს.

"შეშფოთებული ვარ, რადგან მუხლის ტრავმის გამო შეუძლებელია ისეთი ტემპით სვლა და სატერფულების ისეთი სიხშირით ტრიალი, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებ ხოლმე. თუმცა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას რბოლის პირობებში უკეთ შევამოწმებ", - აღნიშნა ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული