ალბერტო ალპებში შეუტევს

AutoSharing Option
ტურ დე ფრანსზე მეორე დასვენებას ველომრბოლები ალპური ეტაპის წინ საბოლოო შეტევის მოსამზადებლად გამოიყენებენ. მათ რიცხვშია ტურის სამგზის ჩემპიონი, ესპანელი ალბერტო კონტადორი, რომელსაც სერიოზული ჩამორჩენა აქვს ფრანგ ლიდერ ტომას ვიოკლერთან.

"ჩემი სტილი - იერიშია. თუ ფეხები წესრიგში მექნება, აუცილებლად შევუტევ. ალპებში სამი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ტურ დე ფრანსზე", - აცხადებს ფრანგული ველომარათონის მოქმედი ჩემპიონი.

წლევანდელი ტურის პირველივე დღეს კონტადორი ავარიაში მოხვდა და მუხლთან დაკავშირებული პრობლემის გამო 1,14-წუთიანი ჩამორჩენა მიიღო. "რომ არა ეს ტრავმა და ავარია, არ მომიწევდა გრენბოლში ბოლოსწინა
ეტაპამდე ლოდინი ტურ დე ფრანსის მოსაგებად. ეს ბოლო 16 დღე ყველაზე რთული იყო ჩემს კარიერაში", - აგრძელებს "საქსო-ბანკის" ლიდერი, რომელიც ამჟამად ვიოკლერთან ზუსტად ოთხ წუთს აგებს, ფრანკ შლეკთან კი ორ წუთზე მეტს.

დანიური ველოსაჯინიბოს მენეჯერი ბიარნე რიისე ჯერაც დარწმუნებულია თავისი კაპიტნის მომავალ ტრიუმფში, რადგან მას ალბერტო უნიჭიერეს და უძლიერეს სპორტსმენად მიაჩნია. სიმშვიდე - ეს არის რიისის მთავარი დევიზი. ეს ეხება არა მხოლოდ წლევანდელ ტურში გამარჯვებას, არამედ სასამართლო გარჩევას, რომელიც შარშანდელ დოპინგსკანდალს შეეხება.

"ჩვენ არ ვიცით რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ალბერტოს გაამართლებენ", - აღნიშნა დანიელმა.

რიისი უარყოფს იმას, რომ კონტადორის გამტყუნების შემთხვევაში, მას თავისი გუნდის განვითარების სათადარიგო გეგმა აქვს შემუშავებული. "სხვა არაფერი დაგვიგეგმავს", - ამბობს ტურის ყოფილი ჩემპიონი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ კონტადორის დასჯის შემთხვევაში "საქსო-ბანკი" მთავარი ლიდერის გარეშე დარჩება.

"ამ ცხოვრებაში რისკი გამართლებულია. სხვანაირად ყოველთვის წაგებული დარჩებით", - თავისი ფილოსოფიური აზრი გამოთქვა ბიარნე რიისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული