ავსტრალია ზეიმობს!

AutoSharing Option
ბოლოსწინა ეტაპზე 42-კილომეტრიან განცალკევებით რბოლას უნდა გაერკვია 2011 წლის ტურ დე ფრანსის გამარჯვებული. მთავარ ფავორიტებს შორის სხვაობა 57 წამი იყო, რაც გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე მყოფ კეიდელ ევანსს ბრძოლის საშუალებას აძლევდა, რადგან ლიდერი ანდი შლეკი ინდივიდუალურ რბოლაში ძლიერი არასოდეს ყოფილა და ავსტრალიელს მისთვის ასეთი სახის რბოლებში წუთზე მეტი ბევრჯერ მოუგია.

ექსპერტები იხსენებდნენ 1989 წელს, როცა ამერიკელი გრეგ ლემონდი 50 წამს აგებდა მასპინძელ ლორან ფინიონთან, მაგრამ განცალკევებით რბოლის შემდეგ რვაწამიანი უპირატესობით მოიგო ტური. ერთი წლის შემდეგ ლემონდმა ისევ ინდივიდუალურ ეტაპზე ჩამოიტოვა
უკან კლაუდიო კიაპუჩი და ტურის ორგზის გამარჯვებული გახდა.

კეიდელ ევანსს ასეთი ხერხით ორჯერ შეეძლო ტურის მოგება, მაგრამ არ გამოუვიდა. 2007 წელს ალბერტო კონტადორთან წუთნახევრიანი ჩამორჩენა 23 წამზე დაიყვანა, 2008-ში კი უფრო იოლი ამოცანა ჰქონდა - 53-კილომეტრიან დისტანციაზე ლიდერ კარლოს სასტრესთან ისევ წუთნახევრიანი ჩამორჩენა ჰქონდა. სასტრე ინდივიდუალური რბოლის სპეციალისტი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ეტაპზე ბოლომდე დაიხარჯა და ევანსს ნახევარ წუთზე მეტი არ მისცა. ამიტომაც, წინასწარ ავსტრალიელს გამარჯვებას არავინ ანიჭებდა და შესაბამისად, პროგნოზის გაკეთება რთული იყო.

პირველი ორიენტირი ცნობილმა შვეიცარიელმა ფაბიან კანჩელარამ დააფიქსირა, რომელიც ამ სახეობაში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონია, თუმცა მას სველ ტრასაზე მოუწია სტარტის აღება, შემდეგ კი ასფალტი გაშრა და ამის წყალობით კანჩელარას დროის გაუმჯობესება ავსტრალიელმა რიჩი პორტმა მოუხერხა. თუმცა ლიდერი სულ მალე ისევ შეიცვალა - პორტს ზუსტად წუთნახევარი მოუგო ტონი მარტინმა, რომელიც ეტაპზე გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი გახდა.

გენერალური კლასიფიკაციის ლიდერებიდან პირველები ბრძოლაში პიერ როლანი და რეინ ტაარმიაე ჩაებნენ. ეს დუეტი საუკეთესო ახალგაზრდა ველომრბოლისთვის განკუთვნილი თეთრი მაისურისთვის იბრძოდა. ესტონელი აშკარად უფრო სწრაფი იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ საერთო ჩათვლაში გაესწრო ფრანგისთვის. შესაბამისად, როლანი ტურის საუკეთესო ახალგაზრდა მრბოლელი გახდა.

ამასობაში კი დაიწყო მთავარი დუელი - ევანსი შლეკების წინააღმდეგ. ძმებმა იცოდნენ ევანსის შედეგი, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუგეში იყო მათთვის.

დისტანციის პირველი ნაწილი ავსტრალიელმა ძალიან ძლიერად გაიარა და მეორე შედეგი აჩვენა საშუალედო ლიდერ კონტადორის შემდეგ. ანდი შლეკი გრძნობდა, რომ მისი უპირატესობა ძალიან სწრაფად მცირდებოდა. პირველ ორ აღმართზე ანდი ინარჩუნებდა ყვითელ მაისურას და სხვაობაც ისე სწრაფად აღარ იკლებდა, მაგრამ შემდეგ დაიწყო დაშვება და სწორი მონაკვეთი და ევანსმა დამატებითი რეზერვი აამუშავა.

ავსტრალიელმა იმდენად მოუმატა, რომ არა მარტო ტურის, არამედ ეტაპის მოგების შანსიც მიიღო, მაგრამ საბოლოოდ შვიდი წამი წააგო ტონი მარტინთან. მაგრამ ეს არ იყო მთავარი. შლეკებმა განცალკევებითი რბოლა სადღაც ოცეულის ბოლოში დაასრულეს. მათ ბრწყინვალედ წარმართეს ორკვირიანი მარათონი, მაგრამ ინდივიდუალურ რბოლაში ევანსის წინააღმდეგ შანსი არ ჰქონდათ.

ორშაბათი ავსტრალიაში დასვენების დღედ გამოცხადდა. ორი წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური რბოლის მოგების შემდეგ, ევანსი ტურის ისტორიაში პირველი ავსტრალიელი გამარჯვებული გახდა.

* * *
კვირას კი ტური ლოგიკურად დასრულდა. ბრწყინვალე ბრიტანელმა მარკ კევენდიშმა მორიგი სპრინტერული ეტაპი მოიგო და ტურზე ქულათა კლასიფიკაციისთვის განკუთვნილი მწვანე მაისურა არავის დაუთმო. სამუელ სანჩესი გახდა წლევანდელი ტურ დე ფრანსის "მთის მეფე", საუკეთესო ახალგაზრდა ველომრბოლის თეთრი მაისურა პიერ როლანს ერგო. გუნდურ კლასიფიკაციაში პირველობა მოიპოვა "გარმინ-ჩერველომ", ხოლო ტურის ყველაზე აგრესიული მრბოლელი გახდა ფრანგი ჟერემი რუა.

XX ეტაპი
1. ტონი მარტინი (გერ, THR) - 55,33; 2. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,07; 3. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +1,06; 4. ტომას დე გენდტი (ბელ, VCD) - +1,29; 5. რიჩი პორტი (ავსტრა, SBS) - +1,30; 6. ჟან-კრისტოფ პერო (საფ, ALM) - +1,33; 7. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +1,37... 13. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - +2,14; 17. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +2,38... 20. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +2,41... 31. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +3,38... 34. ივან ბასო (იტა, LIQ) - +3,47...

XXI ეტაპი
1. მარკ კევენდიში (ბრიტ, THR) - 2.27,02; 2. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, SKY) - იგივე დრო; 3. ანდრე გრაიპელი (გერ, OLO) - იგივე დრო; 4. ტაილერ ფარარი (აშშ, GRM) - იგივე დრო; 5. ფაბიან კანჩელარა (შვეიც, LEO) - იგივე დრო; 6. დანიელ ოსი (იტა, LIQ) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - 86.12,22; 2. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +1,34; 3. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +2,30; 4. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - +3,20; 5. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +3,57; 6. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +4,55; 7. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +6:05; 8. ივან ბასო (იტა, LIQ) - +7,23...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული