ტურ დე ფრანსი: არცერთი ტური დოპინგის გარეშე

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ვერც წლევანდელმა ტურ დე ფრანსმა აიცილა თავიდან დოპინგ-სკანდალი.

დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს თანამედროვე ველორბოლის ერთ-ერთი ვარსკვლავი, "რედიოშეკის" ლუქსემბურგელი მრბოლელი ფრენკ შლეკი. მის ორგანიზმში აღმოაჩინეს აკრძალული პრეპარატი - დუირეტიკი, რომელიც სპორტულ შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ წონის დაკლებისთვის გამოიყენება.

ორგანიზატორთა განცხადებით, დადებითი შედეგი აჩვენა დოპინგ-სინჯმა, რომელიც წლევანდელი ტურის მე-13 ეტაპის შემდეგ აიღეს.

ამ დღეებში შეამოწმებენ "B სინჯს" და თუ მანაც დადებითი შედეგი აჩვენა, შლეკს ორწლიანი დისკვალიფიკაცია არ ასცდება. მანამდე კი ის ჩამოაშორეს მიმდინარე ველომარათონს და ფრენკი ვერ გავიდა მე-16 ეტაპის სტარტზე.

"მე დაჟინებით ვამტკიცებ, რომ არანაირი აკრძალული პრეპარატი არ მიმიღია. არ ვიცი, რატომ აღმოჩნდა დოპინგ-სინჯის შედეგი ასეთი. ახლა უნდა დაველოდოთ "B სინჯს", რომლის გახსნის უფლებაც გამაჩნია. თუ ისიც დადებითი იქნა, მე მაინც ვიბრძოლებ ჩემი უდანაშაულობის დასაცავად. შესაძლოა, შეგნებულად მომწამლეს", - განაცხადა ლუქსემბურგელმა ველომრბოლელმა.

ფრენკ შლეკი გენერალურ კლასიფიკაციაში მე-12 ადგილზე იყო. მან ბოლო ოთხ ტურ დე ფრანსზე სამჯერ პირველ ათეულში დაასრულა გამოსვლა. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ტურზე არ ასპარეზობდა ფრენკის უმცროსი ძმა - ანდი შლეკი, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ანდი ტურ დე ფრანსის 2010 წლის ჩემპიონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული