ტურ დე ფრანსი: საფრანგეთის ეროვნული გმირი

AutoSharing Option
ტურის მე-16 ეტაპი რეალური შესაძლებლობა უნდა ყოფილიყო ვინჩენცო ნიბალისთვის, რათა მას გარდატეხა შეეტანა საერთო ჩათვლაში გამარჯვებისთვის ბრძოლაში. ყოველ შემთხვევაში, ეცადა ამის გაკეთებას.

ველომრბოლელებს ორი უმაღლესი და ორი პირველი კატეგორიის სირთულის მთა უნდა დაელაშქრათ, მათ შორის ლეგენდარული "ტურმალე", რომელიც ზღვის დონიდან თითქმის 3000 მეტრზე მდებარეობს.

თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ეტაპის ბოლო 13 კილომეტრი დაღმართი იყო, ბევრს სჯეროდა, რომ იტალიელი თავს გამოიჩენდა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ვინჩენცომ იაქტიურა, რის გამოც ის შექებას იმსახურებს. შეტევისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობდა, მისმა გუნდმა კი, შეუდარებელი
ივან ბასოს მეთაურობით, საკმაოდ სწრაფი ტემპი განავითარა ბოლოსწინა და ბოლო მთაზე.

მაგრამ ყოველთვის გვერდით იყვნენ საერთო ჩათვლის ლიდერები, "თიმ სქაის" წევრები - ბრედლი უიგინსი და კრისტოფერ ფრუმი. ნიბალი მათ მაშინაც ვერ გაექცა, როცა ბოლო აღმართის თავზე ფრუმმა არცთუ ისე კარგად იგრძნო თავი. მაშინვე ამუშავდა თავად უიგინსი და გაანეიტრალა შეტევა.

თუმცა ნიბალი ამის გამო დიდად არ უნდა განაწყენდეს, რადგან თითქმის გარანტირებული აქვს პირველ სამეულში მოხვედრა. თავის მესამე ადგილს ის იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ რომელიმე ეტაპზე კრიზისული დღე დაუდგება - ისეთი, როგორიც ამ ეტაპზე ტურის მოქმედ ჩემპიონს კეიდელ ევანსს ჰქონდა.

ავსტრალიელმა კონკურენტებთან ხუთ წუთზე მეტი წააგო, რითაც საბოლოოდ დაკარგა პოდიუმზე ასვლის შანსი. უფრო მეტიც, გენერალურ კლასიფიკაციაში მას ახალგაზრდა თანაგუნდელმა ტიჯეი ვან გარდერენმა გაუსწრო.

რაც შეეხება უშუალოდ ეტაპზე გამარჯვებისთვის ბრძოლას, თავდაპირველად პელოტონს 40-კაციანი ჯგუფი გაექცა.

აქ ბევრი ცნობილი ველომრბოლელი იყო. ყველაზე საინტერესო კი შვედი ფრედერიკ კესიაკოფისა და ფრანგი ტომას ფიოკლერის დუელი უნდა ყოფილიყო, რადგან ისინი ერთმანეთს "მთის მეფის" მაისურს ეცილებოდნენ.

თითქოს კესიაკოფი უკეთ გრძნობდა თავს, მაგრამ ერთ მომენტში ფიოკლერი თავის თანამემამულე ბრის ფეილიუსთან ერთად გაიქცა და სკანდინავიელმა ვერაფერი მოახერხა - ის კეიდელ ევანსის ჯგუფთან ერთად მივიდა ფინიშთან.

ტომას ფიოკლერმა კი, პრაქტიკულად, მარტომ იმუშავა 80 კილომეტრი და ფინიშზე პირველი მივიდა. მისი უპირატესობა მეორე ადგილზე გასულ დანიელ კრის ანკერ სიორენსენთან თითქმის ორ წუთს შეადგენდა. ფიოკლერის ფინიშის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა ტომასის გუნდის - Europcar-ის მენეჯერმა ჟან-რენე ბერნადომ.

ზედიზედ მეორე ტურია, Europcar ბრწყინვალედ გამოდის. შარშან ფიოკლერმა ათი დღე გაატარა ლიდერის ყვითელი მაისურით, პიერ როლანმა კი სამეფო სამთო ეტაპი მოიგო. წელს ბერნადოს შეგირდებმა უკვე სამ ეტაპზე გაიმარჯვეს (ფიოკლერის ანგარიშზე დუბლი მოდის). თან ფიოკლერმა ხელთ იგდო "მთის მეფის" მაისურა.

XVI ეტაპი

1. ტომას ფიოკლერი (საფრანგეთი - Europcar); 2. კრის ანკერ სიორენსენი (დანია - SaxoBank-Tinkoff Banmk) - +1,40; 3. გორკა ისაგირე (ესპანეთი - Euskaltel-Euskadi) - +3,22; 4. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზახეთი - "ასტანა") - იგივე დრო; 5. ბრის ფეილიუ (საფრანგეთი - Saur-Sojasun) - +3,58; 6. იენს ფოხტი (გერმანია - RadioShack-Nissan) - +4,18; 7. დანიელ მარტინი (ირლანდია - Garmin-Sharp) - +6,08; 8. სიმონე სტორტონი (იტალია - Lampre-ISD) - იგივე დრო; 9. ჯანპაულო კარუზო (იტალია - "კატიუშა") - იგივე დრო; 10. ლორენს ტენ დამი (ჰოლანდია - Rabobank) - +6,11...

საერთო ჩათვლა

1. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky); 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +2,05; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas) - +2,23; 4. იურგენ ვან დერ ბრეკი (ბელგია - Lotto-Belisol) - +5,46; 5. აიმარ სუბელდია (ესპანეთი - RadioShack-Nissan) - +7,13; 6. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ - BMC Racing Team) - +7,55; 7. კეიდელ ევანსი (ავსტრალია - BMC Racing Team) - +8,06; 8. იანეც ბრაიკოვიჩი (სლოვენია - ასტანა) - +9,09; 9. პიერ როლანი (საფრანგეთი - Europcar) - +10,10; 10. ტიბო პინო (საფრანგეთი - FDJ) - +11,43...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული