სერ კრის ჰოი ხუთგზისაა

AutoSharing Option
ოლიმპიადაზე დასრულდა საგზატკეცილო პროგრამა და უკვე ლონდონის ტრეკზე დაიწყო ურთიერთობების გარკვევა - პირველივე დღეს მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა - ქალებისა და მამაკაცების გუნდური სპრინტი.

ორივეგან ფავორიტები მასპინძლები იყვნენ. ქალებში ბრიტანელთა რიგებში გამოდიოდა პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ვიქტორია პენდლტონი, კაცებში - ლეგენდარული სერ კრის ჰოი, რომელიც ამ ოლიმპიადას ოთხი ოლიმპიური ოქროთი შეხვდა.

მაგრამ ბრიტანეთის ნაკრებმა გეგმა სანახევროდ შეასრულა. მამაკაცებმა გაამართლეს პროგნოზი, ქალებს - არ გამოუვიდათ. არადა, კვალიფიკაიაში პენდლტონმა და მისმა მეწყვილემ მსოფლიოს რეკორდი დაამყარეს, თუმცა იქვე მათი დრო ჩინეთის ნაკრებმა გააუმჯობესა. რვა
საუკეთესო გუნდი პირველ რაუნდში გადავიდა.

ამ ეტაპზეც ჩინელებმა მეორედ იმ დღეს მსოფლიოს რეკორდი დააფიქსირეს, ბრიტანეთმა კი უკრაინა დაამარცხა, მაგრამ მოგვიანებით მსაჯებმა გაარკვიეს, რომ ბრიტანელმა ქალებმა შეცვლა არასწორად გააკეთეს და ამის გამო დისკვალიფიკაცია მიიღეს.

ფინალი გერმანიასა და ჩინეთს შორის შედგა. ამჯერად, აზიელები უფრო მოკრძალებით გამოვიდნენ, ვიდრე წინა ორ რაუნდში, მაგრამ მაინც მოახერხეს მოგება და ზეიმიც დაიწყეს, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ჩინელებმაც ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვეს, რაც ბრიტანელებმა, ამიტომაც ოქრო გერმანიას გადაეცა.

ხანგრძლივმა კამათმა და ვიდეოჩანაწერების შემოწმებამ ჩინეთს არაფერი მოუტანა და მსოფლიოს ორი რეკორდის მფლობელმა გუნდმა ვერცხლი მოიპოვა.

* * *

ამასობაში, მამაკაცების სპრინტის დრო დადგა და დარბაზი კინაღამ დაინგრა, როცა ტრეკზე კრის ჰოი გამოჩნდა. გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ ცუდი ფეხი აღმოაჩნდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონს - რომელ არენაზეც არ გამოჩნდა ის, ბრიტანელ სპორტსმენებს ხელი მოეცარათ.

ქვეყნის მეთაური გუშინ ველოტრეკის ტრიბუნაზეც ვიხილეთ, მაგრამ რა თარსი ფეხიც არ უნდა ჰქონოდა მას, კრის ჰოისა და მისი თანაგუნდელების ოსტატობას ვერ გადაფარავდა.

ბრიტანეთის ნაკრებმა კვალიფიკაციაში მსოფლიოს რეკორდით დაიწყო გამოსვლა, თუმცა ეს ეტაპი მათთვის კინაღამ სავალალოდ დასრულდა - ფილიპ ჰაინდსი სტარტზე უსიამოვნოდ დაეცა. მაგრამ განმეორებითი სტარტის შემდეგ სერ ჰოის ისეთი ფინიში ჰქონდა, რომ მაყურებელმა მაშინვე დაივიწყა ეს უსიამოვნო ეპიზოდი.

საბოლოოდ, მასპინძლებმა ფინალში გააღწიეს და იქ მათ საფრანგეთთან კლასიკური დაპირისპირება ელოდათ.

დაახლოებით წუთნახევრიანი ფინალის განმავლობაში დარბაზში ხმაური ერთი წამითაც არ შეწყვეტილა.

თავიდან ბრძოლა მიდიოდა და სხვაობა წამის მეათასედებში იყო, მაგრამ შემდეგ, ფრანგების ლიდერმა, მსოფლიოს საუკეთესო სპრინტერმა გრეგორი ბოჟემ ესტაფეტა პარტნიორებს გადააბარა და ფრანგების ჩამორჩენა გაიზარდა.

ბოლო წრეზე ჰოიმ შანსი არ დაუტოვა თავის ოპონენტს და მსოფლიოს მორიგი რეკორდიც დაამყარა. მას ყველა ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს. კრისმა ეს აპლოდისმენტები დაიმსახურა - ახლა ის უკვე ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

ქალები
გუნდური სპრინტი
I რაუნდი
ავსტრალია-ჰოლანდია - 32.806 - 33.090; გერმანია-საფრანგეთი - 32.701 - 33.707; უკრაინა-ბრიტანეთი - 33.620 - დისკვ. ჩინეთი-ვენესუელა - 32.422 (მ.რ.) - 34.415.

მე-3 ადგილისთვის
ავსტრალია-უკრაინა - 32.727 - 33.491.

ფინალი
გერმანია-ჩინეთი - 32.798 - დისკვ.

კაცები
გუნდური სპრინტი
I რაუნდი
გერმანია-რუსეთი - 43.178 - 43.909; ავსტრალია-ჩინეთი - 43.261 - 43.505; საფრანგეთი-ზელანდია - 42.991 - 43.495; ბრიტანეთი-იაპონია - 42.747 (მ.რ.) - 43.964.

მე-3 ადგილისთვის
გერმანია-ავსტრალია - 43.209 - 43.355.

ფინალი
ბრიტანეთი-საფრანგეთი - 42.600 (მ.რ) - 43.013.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული