მიგელ ინდურაინი ლენ არმსტრონგს იცავს

AutoSharing Option
ტურ დე ფრანსის ხუთგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ესპანელმა მიგელ ინდურაინმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ ლენს არმსტრონგისთვის მრავალრიცხოვანი ტიტულების ჩამორთმევა მხოლოდ იმ ორგანიზაციას შეუძლია, რომლის ავტორიტეტი საყოველთაოდ არის აღიარებული.

ასეთი პოზიცია დააფიქსირა ინდურაინმა ბოლო დღეების მთავარ სკანდალზე, რომელიც ამერიკის ანტი-სადოპინგო სააგენტოს მიერ ლენს არმსტრონგის დისკვალიფიკაციასა და მისთვის 1999 წლიდან დღემდე მოპოვებული ტიტულების ჩამორთმევას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კარიერაში შვიდჯერ მოიგო ტურ დე ფრანსი.

"სანამ საყოველთაოდ აღიარებული ორგანიზაცია არ გადაწყვეტს არმსტრონგისთვის ტიტულების ჩამორთმევას, ტურ დე ფრანსზე მოპოვებული ყველა გამარჯვება მას უნდა დარჩეს.

საქმე ისაა, რომ იქმნება სიტუაცია, როცა ძალიან ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული ინსტანცია თავის ინტერესებს იცავს დოპინგთან ბრძოლის საქმეში. მაგალითად, ამერიკის ანტი-სადოპინგო სააგენტოს მიერ წამოწყებული საქმე ლენს არმსტრონგის წინააღმდეგ ძალიან უცნაურად მეჩვენა", - დაწერა თავის ბლოგში სახელოვანმა ესპანელმა.

* * *
ამასობაში ლენს არმსტრონგი პირველად გამოჩნდა პუბლიკის წინაშე მას შემდეგ, რაც USADA-მ მას ტიტულები ჩამოართვა. ამერიკელმა საჩვენებელი რბოლა გამართა ასპენში.

"ვფიქრობ, ხალხს ესმის, რომ წინ ბევრი საქმე მაქვს. მოხარული ვარ, რომ შევძელი ამ რბოლის ორგანიზება. იმასაც ვხედავ, რომ გულშემატკივრები მხარს მიჭერენ. უფრო მეტიც, უდიდესი შვება ვიგრძენი, როცა ის ტვირთი მომეხსნა, რომელიც კისერზე მთელი ათი წლის განმავლობაში მეკიდა.

არაფერზე ვწუხვარ. მყავს ხუთი შესანიშნავი შვილი და კარგი მეუღლე. შევქმენი კიბოსთან ბრძოლის ფონდი, გავაგრძელებთ მშვიდად მუშაობას და ყურადღებას არ მივაქცევ წარმოქმნილ ხმაურს", - განაცხადა ამერიკელმა მრბოლელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული