ვუელტა: იონ დეგენკოლბს უკვე პოკერი აქვს

AutoSharing Option
ვუელტაზე მორიგი სპრინტერული ფინიში კვლავ გერმანელი მრბოლელის - იონ დეგენკოლბის გამარჯებით დასრულდა. ეს მისი მეოთხე ტრიუმფია ესპანურ ველომარათონზე.

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, "ვუელტას" მონაწილეებს არც თუ ისე რთული ეტაპი ელოდათ - მათ საწყის კილომეტრებზე უნდა გადაელახათ ერთადერთი ამაღლება, ისიც მესამე კატეგორიის სირთულის.

რბოლის მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობდა, ვინ შეძლებდა სპრინტერთაგან დაუმარცხებელი იონ დეგენკოლბისთვის ბრძოლის შეთავაზებას.

ტრადიციულად, გაქცევაში მონაწილეობა მიიღეს ესპანელმა ველომრბოლებმა. ესენი იყვნენ - ადრიან პალომარესი და ხავიერ არმენდია. სწორედ ამ უკანასკნელმა მოიგო ეტაპის ერთადერთ მთაზე საშუალედო ფინიში.

გაქცეულმა დუეტმა მშვიდად
მიიღო ოთხწუთიანი უპირატესობა, მაგრამ შემდეგ, პელოტონმა, "თიმ სქაის" მონდომებით, ფინიშამდე 80 კილომეტრით ადრე წუთამდე დაიყვანა ეს სხვაობა. ცხადი იყო, რომ ყველაფერს საფინიშო სპურტი გადაწყვეტდა.

ფინიშთან ახლოს პირველი შეტევა "რედიოშეკის" ლიდერმა დანიელე ბენატიმ წამოიწყო, მაგრამ ძალიან იჩქარა. ქარი შემხვედრი მიმართულებით უბერავდა და იტალიელი სპრინტერი იძულებული გახდა ბრძოლას ჩამოშორებოდა.

დეგენკოლბი კი ფინიშამდე 300 მეტრით ადრე აჩქარდა. მას საბურავზე აჯდა ფრანგი ნასერ ბუჰანი, მაგრამ ვერაფერი მოახერხა და მეორე ადგილზე გავიდა. ბენატიმ კი მონახა კონტრშეტევისთვის ძალები და პირველ სამეულში მოხვდა.

ამ გამარჯვებით, დეგენკოლბმა მწვანე მაისურა მოიპოვა და "ვუელტას" ქულათა კლასიფიკაციაში ჯერჯერობით მარტო უმკლავდება მთის სპეციალისტებს. საერთო ჩათვლაში არაფერი შეცვლილა. ხოაკიმ როდრიგესმა შეინარჩუნა დროზე განცალკევებითი რბოლის წინ წუთიანი უპირატესობა.

სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ის დაკარგავს ლიდერის წითელ მაისურს, მაგრამ შემდეგ რამდენიმე სამთო ეტაპია დაგეგმილი და ესპანელს იქ შეეძლება დაკარგულის ანაზღაურება.

X ეტაპი
პონტეარეასი-სანხენხო (190 კმ)
1. იონ დეგენკოლბი (გერმანია, Argos) - 4:47.24; 2. ნასერ ბუჰანი (საფრანგეთი, FDJ) - იგივე დრო; 3. დანიელე ბენატი (იტალია, Radioshack) - იგივე დრო; 4. ჯანი მერსმანი (ბელგია, Lotto) - იგივე დრო; 5. მანუელ ანტონიო ლეალი (პორტუგალია, Caja Rural) - იგივე დრო; 6. ლოიდ მონდორი (საფრანგეთი, AG2R) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - 39:32.23; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი, Sky) - +0.53; 3. ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo Bank) - +1.00; 4. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, Movistar) - +1.07; 5. რობერტ ჰესინკი (ჰოლანდია, Rabobank) - +2.01; 6. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +2.08....

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული