ვუელტა: იტალიელის დაბრუნება

AutoSharing Option
წინა დღეს ურთულესი სამთო ეტაპის შემდეგ, ვუელტას მონაწილეებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. მე-18 ეტაპი მთლიანად სწორ გზაზე გადიოდა და შესაბამისად, ყველანი სპრინტერული ფინიშის მოლოდინში იყვნენ.

მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ვიხილეთ მორიგი გაქცევა - პელოტონს გამოეყო ხუთკაციანი ჯგუფი და მათი მაქსიმალური უპირატესობა მთელი დისტანციის განმავლობაში დაახლოებით ხუთ წუთს შეადგენდა. თუმცა მათ ეს ჰანდიკაპი ვერ შეინარჩუნეს და პელოტონმა ისინი ფინიშამდე 17 კილომეტრით ადრე შეიერთა.

ბოლო კილომეტრებზე ველომრბოლებმა ძალიან მაღალი ტემპი განავითარეს. გუნდებმა კი დაიწყეს მზადება იმისთვის, რომ უკეთესი შესატევი პოზიცია მოემზადებინათ თავიანთი წამყვანი
სპრინტერებისთვის.

თავდაპირველად "თიმ სქაის" წევრებმა იაქტიურეს და თითქმის იდეალური პოზიცია შეუქმნეს ბენ სვიფტს. სამაგიეროდ, დააგვიანეს შეტევის მომზადება "არგუსის" წევრებმა, რის გამოც ბრძოლის შანსი დაკარგა გერმანელმა იონ დეგენკოლბმა, რომელმაც ამ ვუელტაზე უკვე ოთხი ეტაპის მოგება მოასწრო.

ასეთ პირობებში, სვიფტს არ უნდა გასჭირვებოდა ეტაპის მოგება, მაგრამ ბოლო მეტრებზე მოულოდნელად წინ გაიჭრა შესანიშნავი იტალიელი სპრინტერი დანიელე ბენატი და რამდენიმე სანტიმეტრით აჯობა სვიფტს.

სწორედ გამოცდილების ხარჯზე შეძლო აპენინელმა ამ სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვება, რადგან თავისი გუნდისგან - "რედიოშეკისგან" თითქმის არ ჰქონია მხარდაჭერა.

მეორე ადგილზე სვიფტი გავიდა, მესამეზე ავსტრალიელი ალან დევისი.

საერთო ჩათვლაში არაფერი შეცვლილა. სავარაუდოდ, უახლოესი ორი ეტაპი ბევრ რამეს გადაწყვეტს საპრიზო სამეულში ადგილების განაწილების მხრივ.

XVIII ეტაპი
1. დანიელე ბენატი (იტალია - RadioShack-Nissan); 2. ბენ სვიფტი (ბრიტანეთი - Team Sky); 3. ალან დევისი (ავსტრალია - Orica-GreenEdge); 4. ლოიდ მონდორი (საფრანგეთი - Ag2r La Mondiale); 5. იონ დეგენკოლბი (გერმანია - Argos-Shimano); 6. დავიდე ვიგანო (იტალია - Lampre-ISD)...

საერთო ჩათვლა
1. ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo Bank) - 72:09.45; 2. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, Movistar) - +1.52; 3. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, “კატიუშა”) - +2.28; 4. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი, Sky) - +9.40; 5. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +11.36; 6. რობერტ ჰესინკი (ჰოლანდია, Rabobank) - +12.06...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული