ვუელტა: ალბერტო კონტადორის მეხუთე გრანდტური

AutoSharing Option
ესპანეთში დასრულდა ველომარათონი "ვუელტა". ტრადიციულად, ბოლო ეტაპი სპრინტერული იყო და შესაბამისად, საერთო ჩათვლის ლიდერის - ალბერტო კონტადორის პოზიციებს არაფერი ემუქრებოდა.

ამიტომაც დასკვნით რბოლაში მხოლოდ ბოლო კილომეტრები იყო გამოსარჩევი, რადგან ყველას აინტერესებდა - შეძლებდა თუ არა წლევანდელ "ვუელტაზე" კიდევ ერთი ეტაპის მოგებას სპრინტის ახალი ვარსკვლავი, გერმანელი იონ დეგენკოლბი. ამ უკანასკნელს თავისი გუნდის - "არგოსის" დახმარებით ოთხი სპრინტერული ფინიში ჰქონდა მოგებული და ბოლო ეტაპზე მეხუთე ტრიუმფს მიაღწია.

ბოლო 500 მეტრზე გერმანელის გუნდმა ყველაზე კარგად იმუშავა და შეტევისთვის შ
ესანიშნავი პოზიცია შეუქმნა დეგენკოლბს, რომელმაც ეს შანსი გამოიყენა და ამ "ვუელტაზე" მეხუთედ გადაკვეთა პირველმა ფინიშის ხაზი.

ბევრს ეცადნენ იტალიელები - ელია ვივიანი და დანიელე ბენატი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ისინი მეორე-მესამე ადგილებს დასჯერდნენ.

წლევანდელი "ვუელტას" მთავარი გმირი კი, რა თქმა უნდა, ალბერტო კონტადორი იყო, რომელიც დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველ სერიოზულ რბოლას ატარებდა და კარიერაში მეორედ გაიმარჯვა ესპანურ ველომარათონში. სულ კი ამ ბრწყინვალე ესპანელს გრანდტურებზე ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

"ვუელტა" დასრულდა, მაგრამ ველოსპორტის სეზონი ჯერ გრძელდება. წინ არის ბრიტანეთის ტური და რაც მთავარია, მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ამ კვირის ბოლოს აიღებს სტარტს.

XXI ეტაპი
1. იონ დეგენკოლბი (გერმანია - Argos-Shimano); 2. ელია ვივიანი (იტალია - Liquigas); 3. დანიელე ბენატი (იტალია - RadioShack-Nissan); 4. ალან დევისი (ავსტრალია - Orica-GreenEdge); 5. კოლდო ფერნანდესი (ესპანეთი - Garmin-Sharp); 6. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, Movistar)...

საერთო ჩათვლა
1. ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo Bank); 2. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, Movistar) - +1:16; 3. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, “კატიუშა”) - +1:37; 4. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი, Sky) - +10:16; 5. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +11:29; 6. რობერტ ჰესინკი (ჰოლანდია, Rabobank) - +12:33...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული