ტურ დე ფრანსი 2013: ისინი ფავორიტები არიან

AutoSharing Option
29 ივნისს, კუნძულ კორსიკაზე სტარტს იღებს საიუბილეო, მე-100 ტურ დე ფრანსი, რომლის მოგება ორმაგად სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი მრბოლელისთვის. ვის აქვს ტურზე ტრიუმფის ყველაზე დიდი შანსი? ასეთი რამდენიმე ველომრბოლია...

კრის ფრუმი (ბრიტანეთი, Sky)
კრის ფრუმმა შარშან იმის გამო ვერ გაიმარჯვა, რომ მთელი მისი გუნდი მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონზე ბრედლი უიგინსზე მუშაობდა, არადა, წარმოშობით კენიელს ცოტა რომ მოემატებინა მთებში, მოახერხებდა თანაგუნდელისთვის ყვითელი მაისურის ჩამორთმევას. მაგრამ, ახლა, სერ ბრედლის მოუწია პირველი ნომრის სტატუსის დათმობა და ფრუმი იბრძოლებს მოგებისთვის. ამისთვის მას ყველაფერი აქვს:
მთაში შესანიშნავი ამტანობა, დროული შეტევის ალღო, დროზე განცალკევებით ბრძოლაში კარგი გამოსვლა... რაც მთავარია, ფრუმის განკარგულებაშია პელოტონში საუკეთესო გუნდი და ბრწყინვალე დამხმარე რიჩი პორტის სახით. თან, სეზონის მსვლელობისას, ფრუმი შესანიშნავა ფორმას აჩვენებს.

ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo-Tinkoff)
სულ რაღაც ორი წლის წინ, კონტადორი ნებისმიერი გრანდ-ტურის აშკარა ფავორიტი იქნებოდა, მაგრამ, ახლა, რთული ჩანს ბრიტანული Sky-ს ჰეგემონიის დამხობა. "პისტოლეროს" გუნდი უფრო მოკრძალებულია და კონტადორის შედეგებიც დაბრუნების შემდეგ არც ისე შთამბეჭდავი ("ვუელტას" მოგების მიუხედავად). განსაკუთრებით გასაკვირი იყო მისი კრახი "კრიტერიუმ დოფინეზე". მაგრამ კონტადორი უმაღლესი დონის ველომრბოლია და გამარჯვება შეუძლია მაშინაც, როცა ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგაა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენს წააგებს ის დროზე განცალკევებით რბოლაში. თუ ჩამორჩენა დიდი იქნა, ესპანელს ყველა მთაზე მოუწევს რისკზე წასვლა.

ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა")
რუსული ველოსაჯინიბოს ლიდერისთვის ეს არის, ალბათ, კარიერაში ტურ დე ფრანსის დაპყრობის ბოლო შანსი, რადგან მალე 35 წლის გახდება და არავინ იცის, როდის ამოვარდება ფორმიდან. წელს, ხოაკიმმა აქცენტი სწორედ ფრანგულ ველომარათონზე გააკეთა. კლასიკურ რბოლებში ის ხშირად თავისი თანაგუნდელის დანი მორენოს ჩრდილში ექცეოდა, რისი მიზეზი მუხლის ტრავმაც იყო, მაგრამ ტურ დე ფრანსს როდრიგესი კარგ ფორმაში ხვდება. რა თქმა უნდა, დროზე განცალკევებითი რბოლა მისი სუსტი წერტილია და ამან, შესაძლოა, სერიოზულად შეუშალოს ხელი მის მიზნებს.

ტიჯერ ვან კარდერენი (აშშ, BMC)
BMC კიდევ ერთი გუნდია, სადაც ლიდერის შეცვლა დადგა დღის წესრიგში. შარშან, ტურის ყოფილმა ჩემპიონმა კეიდელ ევანსმა არა თუ ტიტული ვერ დაიცვა, არამედ გენერალური კლასიფიკაციის პოდიუმზეც ვერ მოხდა. ამიტომაც, ლიდერობა თავის თავზე აიღო ვან გარდერენმა და საბოლოოდ, საპატიო მეხუთე ადგილზე გავიდა და საუკეთესო ახალგაზრდა მრბოლელისთვის განკუთვნილი თეთრი მაისურიც მოირგო. ამ სეზონის მსვლელობისას, ამერიკელმა მოიგო "კალიფორნიის ტური" და კარგად გამოიყურებოდა "პარიზი-ნიცაზე" და "შვეიცარიის ტურზე".

წლევანდელ ტურზე იქნება BMC-ის მეორე ლიდერი კეიდელ ევანსი, მაგრამ გაურკვეველია, მომქანცველი ჯირო დ'იტალიას შემდეგ, რა ფორმაში იქნება ავსტრალიელი. ბოლო წლებში, ერთმანეთის მიყოლებით ჯიროსა და ტურ დე ფრანსის პოდიუმზე არავინ ასულა, თვით კონტადორიც კი. თუმცა ისიც ჩანდა, რომ ევანსი იტალიურ ველომარათონზე ბოლომდე არ იხარჯებოდა (და მაინც სამეულში მოხვდა) და იმ შემთხვევაში, თუ ტურზე ვან გარდერენმა ვერ "გაქაჩა", გუნდის ლიდერობას იტვირთებს.

ნაირო კინტანა (კოლუმბია, Movistar)
უძლიერესი ესპანური საჯინიბოს რიგებში ძლიერი მრბოლელი გაიზარდა, რომელიც არ ცნობს ავტორიტეტებს. კინტანა კოლუმბიელი სამთო პილოტების ერთ-ერთი ნათელი წარმომადგენელია. თუ რა შეუძლია კინტანას, მან ეს "ბასკების ქვეყნის ტურში" გვიჩვენა, სადაც გადამწყვეტი დროზე განცალკევებითი რბოლა მოუგო კონტადორს, თანამემამულე სერხიო ენაოსა და ინდივიდუალური სვლის ოსტატს რიჩი პორტს. კინტანას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩამოართვას ვან გარდერენს თეთრი მაისურა და იბრძოლოს საბოლოო პოდიუმისთვის.

ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, Movistar)
თუმცა კინტანას სერიოზული ხელისშემშლელი ეყოლება ესპანელი თანაგუნდელის ალეხანდრო ვალვერდეს სახით. ამ უკანასკნელს არასოდეს გამოსდიოდა ტურზე წარმატების მიღწევა, სამაგიეროდ, საყვარელ "ვუელტაზე" აღწევდა მაღალ შედეგებს. შარშანაც, ის საფრანგეთში ვერ ბრწყინავდა, სამაგიეროდ, ესპანეთში პოდიუმზე ავიდა. წლევანდელ სეზონში ალეხანდრო შესანიშნავად გამოიყურებოდა სამთო კლასიკურ რბოლებში, "ვუელტა ანდალუსია" კი ზედიზედ მეორედ მოიგო. და, როგორი კარგიც არ უნდა იყოს კინტანა, Movistar - ესპანური გუნდია და მისი მრავალწლიანი კაპიტანი პრიორიტეტი გახლავთ. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ თუ ვალვერდე ტურის მესამე კვირას ლიდერთა ჯგუფში იქნება, გუნდი სწორედ მასზე იმუშავებს და არა კოლუმბიელ ვუნდერკინდზე.

ტურ დე ფრანსი ციფრებში
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლევანდელი ტური მეასეა ისტორიაში. ამასთან დაკავშირებით, ველომარათონის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომელიც რბოლის ასწლიანი ისტორიას გვიხასიათებს.

- წინა 99 რბოლაში გადაილახა 426 678 კილომეტრი. ეს უფრო დიდია, ვიდრე მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის;

- სულ სტარტზე გავიდა 14 798 ველომრბოლი;

- 8 357 ველომრბოლმა მიაღწია ფინიშამდე;

- 417 კილომეტრი - ტურის ისტორიაში ყველაზე გრძელი ეტაპის სიგრძე (ნანტიდან პარიზამდე, 1903 წელი);

- 254 მრბოლელს უტარებია ლიდერის ყვითელი მაისურა - ოიგენ კრისტოფიდან (საფრანგეთი) ბრედლი უიგინსამდე (ბრიტანეთი);

- 19-ჯერ ტურ დე ფრანსმა სტარტი უცხოეთში აიღო;

- 2 023 300 ევრო - ასეთია წელს ტურ დე ფრანსის საპრიზო ფონდი. გამარჯვებული მიიღებს 450 ათას ევროს, თითო ეტაპის გამარჯვებული - 8 ათასს. ყველა პილოტი, რომელიც პარიზამდე მიაღწევს, 400 ევროს გამოიმუშავებს;

- წელს, "ტურ დე ფრანსის ქარავანში 4500 ადამიანი იქნება. ესენი არიან - ველოსაჯინიბოების წევრები, ორგანიზატორები, ლეგენდარული სარეკლამო ჯგუფის მონაწილეებს და პრესის წარმომადგენლები;

- ტურ დე ფრანსზე მუშაობს 14 ათასი ჟანდარმი. მათ შორის - 47 მოტოციკლი პრეზიდენტის პოლკიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლენს არმსტრონგი: ტურ დე ფრანსს უდოპინგოდ ვერ მოიგებ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული