მერვე ეტაპზე პირველი სერიოზული გამოცდა იყო უმაღლესი კატეგორიის მთა - კოლ დე პალიარესი. აქ აღმართის სიგრძე 35 კილომეტრს აღწევდა. ამ მთიდან დაშვების შემდეგ, ველომრბოლებს მეორე სახიფათო ამაღლება - მწვერვალი აქს დომენი ელოდათ. სამი წლის წინ, ამ მთაზე გაქცეულმა ველომრბოლმა, ფრანგმა კრისტო რიბლონმა მოიგო.
შეიძლება ითქვას, რომ სწორედ პირენეებზე წლევანდელი შედგა ტურის ნამდვილი სტარტი. ბუკმეიკერები უპირატესობას ანიჭებდნენ კრის ფრუმს
ეტაპზე პირველი შეტევა ჰოლანდიელმა ჯონი ჰოგელრანდმა განახორციელა. მას ჯერ ფრანგი ჟან-მარკ მარინო აყვა, მალე კი ლიდერთა დუეტი კვარტეტად გადაიქცა: უკვე ნახსენები რიბლონი და კიდევ ერთი ფრანგი რუდი მოლარი დაეწია დაწინაურებულებს. გაქცეულებმა რვა წუთამდე გაზარდეს უპირატესობა პელოტონთან და ლიდერის ყვითელი მაისურის ვირტუალური მფლობელი რიბლონი გახდა.
ფინიშამდე 100 კილომეტრით ადრე სხვაობამ თანდათან კლება დაიწყო, რელიეფი კი სულ უფრო რთულდებოდა. ამასობაში, პელოტონის სათავეში დაიწყეს მოგროვება "სქაის" მრბოლელებმა, მათ სიმეტრიულად კი Saxo-Tinkoff-ის წევრები განლაგდნენ და ალბერტო კონტადორი გაიყვანეს წინ.
ამ დროს, გაქცეულთა უპირატესობა წუთნახევრამდე შემცირდა. ჰოგერლანდმა ლიდერთა ჯგუფის დაშლა სცადა, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. პელოტონი თანდათან კარგავდა მრბოლელებს, მაგრამ ტემპი მაღალი ჰქონდა.
ძირითადი ჯგუფიდან პირველმა შეტევა რობერტ გესინგმა წამოიწყო. მალე მას მიუახლოვდნენ ტომას ვიოკლერი და ნაირო კინტანა. თუმცა მხოლოდ ამ უკანასკნელმა შეძლო ლიდერობის შენარჩუნება და კოლუმბიელი დიდი ხანი კარნახობდა ტემპს პელოტონს. მის შემდეგ, სამთო ქულებისთვის შეტევაში წავიდნენ პიერ როლანი და იგორ ანტონი. ამასობაში, "სქაის" მონდომებით ძირითადი ჯგუფში 20-25 მრბოლელი დარჩა.
პირველმა მთა კინტანამ დაიპყრო, როლანმა კი საშუალედო ფინიშზე მეორე ადგილით დაიბრუნა "მთის მეფის" მაისურა. დაშვებისას, პელოტონი მაქსიმალურად მიუახლოვდა გაქცეულებს და როლანი პირველი დანებდა. ძირითადი ჯგუფის წინ, თითო გუნდის მაქსიმუმ ორი მრბოლელი რჩებოდა, რუსული "კატიუშა" კი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მისი ლიდერი ხოაკიმ როდრიგესი დამხმარეების გარეშე დარჩა.
"სქაის" მრბოლელი რიჩი პორტი, რომელიც ამ სეზონში ელიტურ სამთო პილოტად გადაიქცა, "დამანგრეველ" მუშაობას აწარმოებდა და ბრძოლას ერთი მეორის მიყოლებით ეთიშებოდნენ გრანდები. BMC-მ დაკარგა თავისი ორივე ლიდერი: თავიდან, ახალგაზრდა ტიჯეი ვან გარდერენი, შემდეგ გამოცდილი კეიდელ ევანსი. დაკარგეს კონტაქტი ძირითად ჯგუფთან ანდი შლეკმა, აიმარ სუბელდიამ და "ასტანას" ლიდერმა იაკობ ფუგლსანგმა.
ფინიშამდე სამი კილომეტრით ადრე, სიტუაცია ამგვარი იყო. პორტი და ფრუმი უტევდნენ, კონტადორი და რომან კროიციგერი თავს იცავდნენ, ალეხანდრო ვალვერდე კი რბოლის ლიდერისგან - კინტანასგან ელოდა დახმარებას. საბოლოოდ, როცა ბრძოლაში ფრუმი წავიდა, მის მეტოქეებს ძალები გამოცლილი ჰქონდათ. ბრიტანელმა ორი გაქცევით შეძლო ყველას ჩამოცილება. რიჩი პორტი კონკურენტებს დარაჯობდა, მაგრამ შემდეგ ისიც გაიქცა, ვალვერდემ კი თანაგუნდების დახმარებით შეძლო მესამე პოზიციაზე გადასვლა. ყველაზე ცუდად ჰქონდა საქმე კონდატორს, რომელიც კროიციგერის ზურგსუკან მძიმედ სუნთქავდა და ხანდახან ვერ უძლებდა ჩეხის ტემპს. საბოლოოდ, ფინიშთან ახლოს მას გაუსწრეს ჰოლანდიელებმა - მოლემამ და ტენ დამმა და ბასკმა მიკელ ნიევემ. ალბერტომ ამ ეტაპზე ორი წუთი წააგო.
ამ ფონზე, წუთითა და 20 წამით ჩამორჩენილი ვალვერდე ბოლომდე დამარცხებულად არ მოსჩანს. რაც შეეხება ხოაკიმ როდრიგესს, "კატიუშას" ლიდერი კონტადორის შემდეგ მივიდა ფინიშთან. ის დროზე განცალკევებით რბოლაში სუსტია, რაც მისი მხრიდან ტურზე საბოლოო გამარჯვებას გამორიცხავს.
ტურის მესამე კვირას ძალების განლაგება კიდევ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ საბოლოო პოდიუმზე პრეტენდენტთა წრე შეიკრა და ფრუმის ალტერნატივა მთებში არ ჩანს.
VIII ეტაპი
კასტრე-აქს დომენი. 195 კმ
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 5:03.18; 2. რიჩი პორტი (ავსტრა, Sky) - +0.51; 3. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +1.08; 4. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - +1.10; 5. ლაურენს ტენ დამი (ჰოლ, Belkin) - +1.16; 6. მიკელ ნიევე (ესპ, Euskatel) - +1.34...
IX ეტაპი
სენ ჟირონი-ბაინერ დე ბიგორი. 168.5 კმ
1. დანიელ მარტინი (ირლ, Garmin-Sharp) - 4:43.03; 2. იაკობ ფუგსლანგი (დან, Astana) - იგივე დრო; 3. მიხალ კვიატკოვსკი (პოლ, Omega Pharma-Quick Step) - +0.20; 4. დანიელ მორენო (ესპ, Team Katusha) - იგივე დრო; 5. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, Team Katusha) - იგივე დრო; 6. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC Racing Team) - იგივე დრო...
საერთო ჩათვლა
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 36:59.18; 2. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +1.25; 3. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - +1.44; 4. ლაურენს ტენ დამი (ჰოლ, Belkin) - +1.50; 5. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +1.51; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - იგივე დრო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტურ დე ფრანსი: ავსტრალიელთა მოულოდნელი მოგება