გერმანელი ტონი მარტინი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, როცა ძალიან იოლად დაამარცხა ორი მთავარი კონკურენტი - ბრიტანელი სერ ბრედლი უიგინსი და შვეიცარიელი ფაბიან კანჩელარა.
მარტინი მიმდინარე სეზონში თითქმის ყველა ინდივიდუალურ რბოლაში დომინირებდა, ამ ჩემპიონატზე კი პირველი ოქრო კვირას, გუნდურ რბოლაში მოიპოვა "ქუიქ სტეპთან" ერთად. ასე რომ, გერმანელი დროზე რბოლაში მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ არავინ ივიწყებდა იმას, რომ ცოტა ხნის წინ ესპანური ვუელტას ინდივიდუალურ რბოლაში კანჩელარამ დაამარცხა მარტინი.
ჩემპიონობის პრეტენდენტებიდან ყველაზე აქტიურად მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა კანჩელარამ დაიწყო, რომელიც პირველ საშუალედო ფინიშზე წამს უგებდა მარტინს. ამის შემდეგ გერმანელმა ტემპს მოუმატა და ის ფინიშამდე შეინარჩუნა. ტონი 57-კილომეტრიან დისტანციაზე უკონკურენციოდ იყო და მაყურებელმა მხოლოდ მეორე ადგილისთვის ბრძოლა იხილა.
უიგინსმა რბოლა ზედმეტად ფრთხილად დაიწყო, კანჩელარა კი პირიქით, თავს არ ზოგავდა. თუმცა შვეიცარიელს ფინიშზე ვერ უშველა ფენომენალურმა სპრინტერულმა შესაძლებლობებმა. სერ ბრედლი ორი წამით სწრაფი აღმოჩნდა პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონზე და ის მესამე ადგილზე გაუშვა. ამ ორმა კი მარტინთან, შესაბამისად, 46 და 48 წამი წააგო.
ასე ჩაიწერა მარტინმა თავის კარიერაში მესამე ტიტული. ვერავინ იტყვის, რომ ეს არ იყო დამსახურებული გამარჯვება. მომავალ სეზონში გერმანელი აპირებს, ტურ დე ფრანსზე გამარჯვებისთვის იბრძოლოს, მანამდე კი ის სამართლიანად ითვლება დროზე განცალკევებით რბოლაში საუკეთესო ოსტატად.
საბოლოო შედეგი
1. ტონი მარტინი (გერმანია) - 1:05:36; 2. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი) - +0:46; 3. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია) - +0:48; 4. ვასილი კირიენკო (ბელორუსი) - +1:26; 5. ტეილორ ფინი (აშშ) - +2:08; 6. რასმუს კვოდე (დანია) - +2:36...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"