ლეგალური მეტამფიტამინი - როგორი იყო აღმოსავლეთგერმანული დოპინგ ინდუსტრია

AutoSharing Option
ინეს გაიპელი დრეზდენში 1960 წლის 7 ივლისს დაიბადა და უბრალო სოციალისტური ბავშვის ადრეული წლები გაიარა. გოგონამ სწავლა დაიწყო ვიკერსდორფის ოლქის ქალაქ ტიურინგის რუსულ სკოლა-ინტერნატში. იქ მან პირველად აღმოაჩინა საკუთარ თავში სპორტული ნიჭი: ინესი შესანიშნავად დარბოდა.

იმ მომენტისთვის, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (გდრ) სტარტი აიღო სპორტული შედეგების მიღწევის აგრესიულმა და ამბიციურმა პროგრამამ. ის მიმდინარეობდა გერმანული სიზუსტითა და დეტალების მიმართ ზედმეტი ყურადღებით. სტადიონების, აუზების, მოედნებისა და ტრამპლინების მშენებლობის, აგრეთვე, სპორტული კლუბების ორგანიზების გარდა, ტარდებოდა სამედიცინო კვლევები. ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის სპეციალისტი რუდოლფ მიულერი და
მისი მსგავსი დახელოვნებული ექიმები სწავლობდნენ სპორტსმენთა ორგანიზმის შესაძლებლობებს და სრულყოფდნენ მისი სტიმულაციის მეთოდებს.

პირველი და ყველაზე აშკარა ხერხი იყო - პერვიტინის მეშვეობით ფიზიოლოგიური ბლოკირების მოხსნა, რომელიც არ იძლეოდა საშუალებას - 100 პროცენტით გამოეყენებინათ კუნთების რესურსი. ამ მასტიმულირებელმა პრეპარატმა, უფრო მეტამფიტამინის სახელით ცნობილმა, მხნეობის ცნობილი ტაბლეტების სახით ჰპოვა გამოყენება. სწორი დოზირების პირობებში, პრეპარატი ზრდიდა სპორტსმენთა ამტანობას, განსაკუთრებით, მორბენლებისა და ველომრბოლების. საინტერესოა, რომ თავად გდრ-ში პერვიტინს არ აწარმოებდნენ, ამიტომაც ის შეიტანეს სპეციალური პრეპარატების სიაში, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო დასავლეთში ყიდულობდა.

* * *
ინესი 17 წლის ასაკში მოხვდა 10 ათასი პერსპექტიული სპორტსმენის სიაში - ძალიან გვიან იმისთვის, რომ სრული კურსი გაევლო. საიდუმლო მონაცემებით, რომელიც მოგვიანებით სასამართლოზე გამჟღავნდა, სპორტსმენთა შერჩევისას, ბიჭები და გოგონები მასტიმულირებელი პრეპარატების არარეგულარულ პორციებს იღებდნენ და მხოლოდ საუკეთესოებში მოხვედრის შემდეგ, მათ სერიოზულად რთავდნენ სადოპინგო პროგრამაში. თავდაპირველად, ეუბნებოდნენ, რომ ეს არის უწყინარი ვიტამინები, მოგვიანებით კი დუმილს აიძულებდნენ.

"მე ასე თუ ისე გამიმართლა, რადგან დოპინგით 17 წლიდან მამარაგებდნენ, როცა პუბერტატული პერიოდი (სექსუალური განვითარების პერიოდი) უკვე დასრულებული იყო", - განაცხადა სპორტსმენმა ფრანგული "ფიგაროსთვის" მიცემულ ინტერვიუში. ინეს გაიპელი შედეგებით გამორჩეული არ ყოფილა. მისი მთავარი მიღწევა იყო საკლუბო მსოფლიოს რეკორდი 4x100 მეტრზე ესტაფეტაში ბარბელ ფოკელთან, ინგრიდ ორსვალდთან და მარლის გიორთან ერთად.

შერჩევითა და პერვიტინის გამოყენებით მიღებული პირველი ციფრების შემდეგ, გერმანელი ექიმები სადოპინგო სისტემის მეორე სტადიაზე გადავიდნენ. პირდაპირი სტიმულაციების ნაცვლად, რომელიც ტურნირების დროს მოქმედებდა, მათ სპორტსმენებს მისცეს პრეპარატები კუნთის მასისა და ძალის გასაზრდელად. კომპანია JenaPharm-მა შეიმუშავა სხვადასხვა მოქმედების ანაბოლური სტეროიდები. თავად პრეპარატების გარდა, შეთავაზებულ იქნა მათი გამოყენების რთული სისტემა, რომლისაც ლენს არმსტრონგსა და მის გუნდსაც კი შეშურდებოდა. ვარჯიშების დროს სტეროიდების გამოყენებით, სპორტსმენები საჭირო მიმართულებით ვითარდებოდნენ, ტურნირების წინ კი წყვეტდნენ მიღებას და ანტისადოპინგო სამსახურები ვერაფერს პოულობდნენ.

"ჩემთვის ძლიერი მოტივაცია იყო - სამყაროს ხილვა. ასეთი შესაძლებლობა გდრ-ში მხოლოდ რჩეულებს ჰქონდათ, ჩვენ კი მხოლოდ ერთხელ ვცოცხლობთ. ამიტომაც, ფუნქციონერების მიერ ახალგაზრდებისთვის მოგზაურობის დაპირება, აქტიური სატყუარა იყო".

გაიპელს 1984 წლის ოლიმპიადისთვის ამზადებდნენ, მაგრამ კომუნისტური ბლოკის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ლოს ანჯელესის თამაშებს, რითაც სპორტსმენები გარანტირებული მედლების გარეშე დატოვეს. მექსიკაში მზადების პროცესში, 23 წლის ინესს ადგილობრივი ათლეტი შეუყვარდა. მას ესმოდა, რომ ეს ურთიერთობა გდრ-ში შეუძლებელი იქნებოდა და გაქცევა დაგეგმა. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდებოდა ოლიმპიელებს - გაიპელის იდეა ჩაიშალა, თავად სპორტსმენი კი ქირურგის მაგიდაზე მოხვდა. აპენდისქსის მოშორების საბაბით, ექიმებმა დაასახიჩრეს გოგონას მუცლის ღრუ, რითაც მოუსპეს მას სპორტული პერსპექტივები.

მხოლოდ 1989 წელს შეძლო ინესმა გდრ-დან გაქცევა - უნგრეთის გავლით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. იმ ავადსახსენებელი ოპერაციის შემდეგ, გაიპელი ლიტერატურითა და გერმანული ენით დაკავდა. შემდეგ ჟურნალისტი გახდა, რამდენიმე წიგნი დაწერა ბერლინის კედლის თაობაზე - გერმანელ ბავშვებზე, რომლებიც სოციალისტური გდრ-ის რთულ პირობებში გაიზარდნენ, ბოლოს კი დოპინგ-დანაშაულებებთან ბრძოლა დაიწყო.

* * *
2000 წელს, გერმანიაში დასრულდა სასამართლო პროცესი გდრ-ის სპორტის ყოფილი მინისტრის მანფრედ ევალდისა და ყოფილი მთავარი სპორტული ექიმის მანფრედ ჰოპფნერის წინააღმდეგ. მათ დაუმტკიცდათ ბრალი უკანანო პრეპარატების გამოყენებაში. მაგრამ ბერლინის სასამართლომ არ აღიარა ამ ადამიანების პირდაპირი კავშირი დოპინგ-სისტემის შედეგებზე და თითოეულს 22-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს შედეგების მიხედვით, გაიპელმა დაწერა წიგნი - "დაკარგული თამაშები", რომელშიც მოყვა იმის შესახებ, მოტყუებით როგორ აიძულებდნენ სპორტსმენებს სახიფათო სტიმულატორების მიღებას. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მისი აქტიური ბრძოლა 1960-80 წლების სპორტული ტყუილის გამოვლინებებთან. 2006 წელს, მან მიაღწია საკუთარი სახელის ამოღებას რეკორდსმენთა სიიდან - აღარ უნდოდა გაეგრძელებინა ადამიანების მოტყუება. "სისტემისგან დაზარალებულებმა 9600 ევრო მიიღეს, არადა, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზარალი გაცილებით მაღალია", - განაცხადა ინესმა სასამართლოს შედეგების მიხედვით.

დოპინგის მიღებას გაიპელისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. Superillu.de-სთვის ინტერვიუში მან აღიარა, რომ სტეროიდების მიღების შემდეგ, პირველ ჯერზე ბულემიით იტანჯებოდა, შემდეგ თირკმლისა და გულის პრობლემები დაეწყო. მის გარდა, დოპინგმა ასობით სპორტსმენს გაუმწარა სიცოცხლე, რომელთა უმრავლესობა მალავს თავის პრობლემებს. სტეროიდები ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევდა, ამით ხიფათი დაემუქრა სასქესო ორგანოებს. დოპინგისგან მიღებული საშინელი გამოვლინებები არასრულფასოვანი ბავშვების დაბადებას იწვედა - დასახიჩრებული კიდურებით, ჰიდროცეფალიით (ავადმყოფობა, რომელიც ხასიათდება თავის ქალის სტრუქტურის საშინელი ცვლილებებით) და უამრავი მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმებით.

გდრ-ის სპორტული პროგრამის ცნობილი მსხვერპლი გახდა ჰაიდი კრიგერი, რომელიც იძულებული გახდა სქესი შეეცვალა. ის "დინამოს" კლუბში ვარჯიშობდა 13 წლის ასაკიდან და უკვე 16 წლისა სტეროიდებს იღებდა - "ორალ-ტურინაბოლს". ის იწვევდა კუნთის მასის ზრდას და ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონების მოჭარბებას. 1985 წელს, 19 წლის ასაკში, ჰაიდი უკვე მამაკაცივით გამოიყურებოდა: ფართო მხრები, მძლავრი მუსკულატურა, ხმაც კი შეეცვალა. კრიგერის წარმატებები შემოიფარგლა 1986 წელს ევროპის ჩემპიონატის მოგებით. შემდგომი კარიერა არ აეწყო ზურგში ტკივილის გამო - ძვლები ვერ უძლებდა დატვირთვებს, განსხვავებით კუნთებისგან.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ჰაიდი მიხვდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და 1997 წელს, ოპერაციას დათანხმდა. ქალი ახლოს იყო თვითმკვლელობასთან, მაგრამ ანდრეას კრიგერად გადაიქცა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. შეიტყო რა დანაშაულებების შესახებ, ანდრეასი ბერლინის პროცესში მონაწილეობდა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალიც კი შესწირა დოპინგის მსხვერპლთა დახმარების ფონდს.

გდრ-ის სპორტული პროგრამის შედეგი ასე გამოიყურება. 1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადაზე ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა - 9 ოქროთი, 9 ვერცხლითა და 7 ბრინჯაოთი. მიუნხენში მესამე ადგილზე გავიდა (20, 23, 23), მონრეალში - მეორეზე (40, 25, 25), 1980 წელს, მოსკოვში ოქროს მედლების რაოდენობა 47-მდე ავიდა, საერთო რაოდენობა 126-მდე. ასევე წარმატებით გამოდიოდნენ აღმოსავლეთ გერმანელები ზამთრის სახეობებში. მაგალითად, 1980 წელს, გდრ-ის ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა ცხრა ოქროს მედლით.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ვერ ამჩნევდნენ სტიმულატორების გავლენას. გდრ-ის სხვა ცნობილმა სპორტსმენმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბადროს ტყორცნაში უდო ბაიერმა განაცხადა, რომ დოპინგი მხოლოდ ორ პროცენტს უმატებდა მის ძალას: "ცხენი შეიძლება გაჭყიპო სტიმულატორებით, მაგრამ ჰოპეგარტენში იპოდრომზე დოღს მაინც ვერასდროს მოიგებს".

მაგრამ ათლეტთა უმრავლესობა იძულებულია პათოლოგიებით იცხოვროს, რაც აკრძალულმა ძლიერ მოქმედმა სტიმულატორებმა გამოიწვიეს. გაიპელი აღიარებს: "სტეროიდების მიღების შედეგად, ძალიან ვიტანჯები. თითქმის ყოველ დღე სირბილი მიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებ დაძინებას ტკივილის გამო. მამაკაცთა ჰორმონების ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა - ათეროსკლეროზია. სისხლში თრომბი ჩნდება, რაც ადრე თუ გვიან მომკლავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ფეხბურთში, როცა გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ფინალში დაამარცხა მაშინდელი უძლეველი უნგრეთის დიდი გუნდი (მაშინ როდესაც ჯგუფში ის უნგრეთმა გაანადგურა 8-3)??? წლების შემდეგ რამდენიმე გერმანელი ფეხბურთელი იმ შემადგენლობიდან გარდაიცვალა სხვადასხვა დაავადებით. აიღეთ იტალია, რომელმაც 1982 წელს სასწაული მოახდინა. ქვეჯგუფში 3 უფერული ყაიმის შემდეგ გარდაისახა არნახულად ქარიზმატულ გუნდად და მოუგო არგენტინას, ბრაზილიას და ნახევარფინალსა და ფინალში შანსი არ დაუტოვა პოლონეთსა და გერმანიას. აქაც არსებობდა ეჭვები რომ იტალიის გუნდის ექიმმა მიაკვლია რაღაც ჯადოსნურ ელექსირს. ... და ბევრი სხვა
sandro K.
22:14 28-05-2017
0

სიახლეები პოპულარული