ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართული დელეგაცია 41 კაცით იქნება წარმოდგენილი

AutoSharing Option
14-19 ივლისს ჰოლანდიურ უტრეხტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება, საქართველო კი მის პროგრამაში შეტანილი სპორტის 9 სახეობიდან 5-ში მიიღებს მონაწილეობას.

ესენია ცურვა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, ძიუდო და მძლეოსნობა. ჩვენები სპორტულ ტანვარჯიშშიც აპირებდნენ გამოსვლას, საამისოდ სპორტსმენიც ჰყავდათ შერჩეული - მოსკოვში მცხოვრები თამარ ჩაჩუა, რაკიღა საქართველოში ამ სახეობაში მოვარჯიშე, პრაქტიკულად, არ გვყავს, მაგრამ ფეხი იტკინა და ფესტივალსაც გამოაკლდა... ამან ჩვენებს საშუალება მისცა, მძლეოსნობაში ერთი მონაწილე დაემატებინათ.

უტრეხტში ქართული დელეგაცია 41 კაცით იქნება წარმოდგენილი. აქე
დან 27 სპორტსმენია, 7 - მწვრთნელი, 4 - ადმინისტრაციის წარმომადგენელი და 3 - ოფიციალური პირი.

სპორტის ცალკეულ სახეობებში გენდერული ბალანსის დაცვა ზემდგომთა მოთხოვნაა ანუ ისინი განსაზღვრავენ, ამა თუ იმ სახეობაში რამდენი ბიჭი და გოგო უნდა გამოიყვანოს ცალკეულმა ქვეყანამ, რაც ჩვენს შემთხვევაშიც სრულადაა დაცული.

ტრადიციულად, ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი ძიუდოში გვეყოლება, რომელიც მუდამ ჩვენი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო და ამჯერადაც ასე იქნება.

განსხვავება ისაა, რომ ახლა გოგოებისგანაც ველოდებით წარმატებას, რადგან გუნდში ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის მარიამ ჯანაშვილი (52) გვყავს.

მის გარდა, მწვრთნელ კახა მოცრაძეს ჰოლანდიაში სალომე მარგიანი (48), გურანდა შოთაძე (52) და ხატია ჯანაშვილი (63) მიჰყავს.

როგორც ვხედავთ, შემადგენლობაში არაა ევროპის ჭაბუკთა პირველობის წლევანდელი მესამე პრიზიორი მზია ბებოშვილი (48).

ბუნებრივია, მწვრთნელებს მისი წაყვანაც სურდათ და დიდი მიმოწერაც ჰქონდათ ევროპულ ფედერაციასთან, მაგრამ ქართველ ქალთაგან ოფიციალურ ტურნირებზე პირველი მედლის მფლობელი ჯერ იმდენად პატარაა, აქ გამოსვლის ნება არ დართეს - 1998 წელსაა დაბადებული და ჯერ არ უწევს უტრეხტში გამოსვლა. ეს კიდევ უფრო დიდ ფასს სძენს მის ესტონურ წარმატებას.

ბიჭების გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ლიდერი მსოფლიოს პირველობისთვის "გადაინახა", როგორც უფრო პრესტიჟული ტურნირისთვის.

შედეგად, მწვრთნელმა 21-23 ივნისს ტალინში, ჭაბუკთა ევროპირველობაზე ნაჭიდავებ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა: გიორგი ჭიკაიძე (50), ერეკლე არხოზაშვილი (55), გიორგი კაციაშვილი (60), სიმონ მამარდაშვილი (66), იესო კვირიკაშვილი (81), გიორგი გველესიანი (90) და ჯაბა მუმლაძე (+90).

ამათგან ტალინში ჭიკაიძე, არხოზაშვილი და კვირიკაშვილი საერთოდ არ გამოსულან, ხოლო კაციაშვილი, მამარდაშვილი და გველესიანი უმედლოდ დარჩნენ და შედეგით ჩამორჩნენ თავიანთ კონკურენტებს.

ესტონეთიდან ასევე ხელცარიელი დაბრუნდა მუმლაძეც, ოღონდ მას იქ სხვა კონკურენტი არ ჰყავდა. როგორც ვხედავთ, ცირეკიძეს უტრეხტში არ მიჰყავს ევროპის არც ერთი წლევანდელი მედალოსანი - რობიზონ ბეგლარიშვილი (50), კობა მჭედლიშვილი (66) და დავით რამაზაშვილი (+90), რომლებიც მესამეზე გავიდნენ.

სხვა სახეობებიდან ფესტივალზე შედარებით დიდი გუნდი მძლეოსნებს ეყოლებათ - 4 გოგო და ამდენივე ბიჭი.

მწვრთნელებს - ვასილ მახარაძეს და ვასილ ბერიშვილს იქ თემურ აბულაშვილი, ნათელა უშიკიშვილი (ორივე - ბადროს ტყორცნა), გიორგი ონიანი, სოფიო მათიაშვილი (უროს ტყორცნა), გოგა მაღლაკელიძე (სამხტომი), მარიამ ძაგნიძე (სიგრძეზე ხტომა), გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა) და მარიამ მარტინენკო (400 მ.) მიჰყავთ.

4 მონაწილე - 2-2 გოგო-ბიჭი გვეყოლება ჩოგბურთში: ანა ახალკაცი, მარიამ ბოლქვაძე, გუგა თავაძე და ირაკლი მეტრეველი, რომლებსაც დავით კვერნაძე დამოძღვრავს. ცურვაში ჩვენგან მხოლოდ აკაკი ვაშაკიძე გამოვა (მწვრთნელი: გიორგი აბზიანიძე).

ორი კაცით ვიქნებით წარმოდგენილნი ველოსპორტში - გიორგი არაბიძე და სულხან ახმაევი, რომლებსაც კობა აბიაშვილი გაწვრთნის.

ჩვენი დელეგაცია უტრეხტში 13 ივლისს გაფრინდება. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი გიორგი ესაკია იქნება, მასთან ერთად კი ადმინისტრაციულ გუნდში, რომელიც სოფელშივე იცხოვრებს სპორტსმენებთან ერთად, რუსუდან აფციაური, ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი და სეოკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კახა ბერიძე შედიან.

დელეგაციის ხელმძღვანელი სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვია, მასში აგრეთვე შედიან სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული