29 სექტემბერს ძველ ოლიმპიაში ოლიმპიური ცეცხლი დაინთება

AutoSharing Option
კვირას, ძველ ოლიმპიაში მზის სხივებისა და პარაბოლური სარკეების მეშვეობით 2014 წლის ზამთრის თამაშების ცეცხლი დაინთება. ამის შემდეგ დაიწყება ოლიმპიური ჩირაღდნის მოგზაურობა საბერძნეთისა და რუსეთის დასახლებულ პუნქტებში და ეს ესტაფეტა 130 დღეში, სოჭში ოლიმპიური ცეცხლის დანთებით დასრულდება.

ტრადიციულად, ესტაფეტის პირველი ნაწილი საბერძნეთში ჩაივლის - ქვეყანაში, რომელმაც აჩუქა სამყაროს ოლიმპიური თამაშები. ერთი კვირის განმავლობაში, ჩირაღდანი პელოპონესიდან მაკედონიის გავლით ათენამდე მიაღწევს, სადაც 5 ოქტომბერს ის რუსულ მხარეს გადაეცემა. ოლიმპიურ ცეცხლს რუსეთში 6 ოქტომბერს ჩაიტანენ.

პროპაგანტისტული პროექტი
პირველად თანამედროვე ისტორიაში ოლიმპიური ცეცხლი 1928 წელს,
ამსტერდამის ზაფხულის თამაშების დროს დაანთეს. ესტაფეტის საბერძნეთში სტარტის იდეა ეკუთვნის ბერლინის 1936 წლის ოლიმპიადის გენერალურ მდივანს კარლ დიმს, რომელიც ჰიტლერის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. თავდაპირველად, ეს ღონისძიება მხოლოდ პოლიტიკური და პროპაგანდისტული იყო.

პირველმა ესტაფეტამ იმ ქვეყნის ტერიტორიებზე ჩაიარა, რომელიც ჰიტლერის გერმანიის სტრატეგიული ინტერესების სფეროში იყო. ესტაფეტას თან ახლდა ნაცისტური რეჟიმის მხარდასაჭერი აქციები, მთავარ სპონსორად კი იარაღის მწარმოებელი გერმანიის უმსხვილესი კონცენრი გამოვიდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იდეა იდეოლოგიური დატვირთვისგან განთავისუფლდა და 1952 წლიდან მოყოლებული, ესტაფეტა წინ უძღვის ყოველ ოლიმპიადას.

თუმცა ცეცხლის დანთების ადგილის გაპროტესტებას ცდილობდნენ ნორვეგიელები. 1952 წლის ზამთრის თამაშების წინ, ესტაფეტამ სტარტი აიღო ქალაქ მიურგედალის იმ სახლის ბუხრიდან, რომელშიც დაიბადა სათხილამურო სპორტის დამაარსებელი სონდრე ნორდჰეიმი. მაგრამ, შემდეგ საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა მოითხოვა, რომ ყველა ცერემონია - ზამთრის და ზაფხულის - ძველი ოლიმპიიდან დაწყებულიყო.

სხვადასხვა ოლიმპიადის ორგანიზატორები ცდილობდნენ ესტაფეტის ორიგინალური მარშრუტის შედგენას. მაგალითად, 1968 წელს მექსიკაში ოლიმპიურმა ჩირაღდანმა გაიმეორა ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობის მარშრუტი. 1976 წელს, კანადელებმა ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკაში ცეცხლის გადასატანად ორიგინალური ხერხი მოიფიქრეს: მათ სენსორით დაიჭირეს ცეცხლის ენერგია, გარდაქმნეს ის რადიოსიგნალად და თანამგზავრის საშუალებით გაგზავნეს კანადაში, სადაც ლაზერული სხივის საშუალებით დაანთეს ახალი ჩირაღდანი – და ესტაფეტა გაგრძელდა. სხვადასხვა წელს, ცეცხლის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა ირმებში შებმული მარხილი, კანოე, ფორმულა 1-ის ბოლიდი და ასე შემდეგ.

იალბუზი, ბაიკალის ტბა, კოსმოსი...
სოჭი 2014-ის ესტაფეტა 123 დღე გაგრძელდება, ცეცხლი გაივლის რუსეთის ფედერაციის 2900 დასახლებულ პუნქტს, ჯამში დაფარავს 65 ათას კილომეტრს, ხოლო ჩირაღდანს 14 ათასი ადამიანი წაიღებს.

რუსეთის გეოგრაფია და კლიმატური პირობები იმის საშუალებას იძლევა, რომ ოლიმპიური ცეცხლი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაიტანონ ერთი ადგილიდან მეორეზე. ჩრდილოეთ რეგიონებში გამოიყენებენ რუსულ სამეულს, ირმებს, ძაღლების მარხილებს, თოვლმავლებს და ყინვაში ცურვის მოყვარულებს (“მორჟებს”). ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ჩირაღდანს გადაიტანენ კომბაინით, ეტლით, ტრავმაით და აქლემითაც კი.

ესტაფეტის რანგში დაგეგმილია რამდენიმე სპეცპროექტი. მაგალითად, ოქტომბრის შუაში ყინულმჭრელის საშუალებით, ოლიმპიური ცეცხლი ჩრდილოეთ პოლუსს მიაღწევს. ტექნიკურად რთული იქნება ბაიკალის ტბაში ოლიმპიური ჩირაღდნის წყლის სიღრმეში ჩატანა.

ესტაფეტის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იქნება სოჭის ოლიმპიური ჩირაღდნის ღია კოსმოსში გატანა. დაბოლოს, 2014 წლის პირველ თებერვალს, ორი რუსი ალპინისტი ოლიმპიური თამაშების სიმბოლოს იალბუზზე აიტანს. ცეცხლის დანთების საზეიმო ცერემონია 5642 მეტრზე მოხდება.

ესტაფეტა დასრულდება 7 თებერვალს, სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე. სწორედ ამ დღეს აიღებს სტარტს 2014 წლის ოლიმპიური თამაშები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული