სეოკ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა

AutoSharing Option
16 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა სეოკ-ის აღმასკომის სხდომა.

დამსწრეთ სოჭის ოლიმპიადისთვის ქართველ სპორტსმენთა მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სამთო-სათხილამურო სპორტის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოგლა ცაგარელმა და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა.

ცაგარელის თქმით, გუნდი კარგ ფორმაშია და მოთხილამურეები ოლიმპიადისთვის ინტენსიურად ემზადებიან. ამჟამად ისინი ავსტრიაში განაგრძობენ ვარჯიშს. არის შანსი, ლიცენზიანტი სნოუბორდშიც გვყავდეს.

მაკა გიორგობიანმა აღნიშნა, რომ გერმანიაში ჩატარებულ ტურნირზე ელენე გედევანიშვილმა დამაჯერებლად იასპარეზა და ლიცენზიაც დამსახურებულად მოიპოვა.

იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ემზადება და შეუძლია სოჭში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

სამწუხაროდ, არ გაუმართლათ ოთარ ჯაფარიძე-ანგელინა ტელეგინას წყვილს და მათ მიზნის მისაღწევად სულ ცოტა დააკლდათ.

საციგაო სპორტში ლიცენზიის მოსაპოვებლად ლევან გურეშიძე იბრძვის. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ფელიქს ქუმარიტაშვილმა აღნიშნა, დიდი ალბათობით, გურეშიძე მოახერხებს ოლიმპიურ თამაშებზე მიმავალ მატარებელზე შეხტომას.

სეოკ-ის დაფინანსებით, მან უკვე გაიარა სამი შეკრება სოჭის ოლიმპიურ ტრასებსა და სიგულდაში (ლატვია). 10 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე ჩატარდება მსოფლიოს თასის ხუთი ეტაპი, სადაც ქართველი მოციგავე შეეცდება დასახული მიზნის მიღწევას.

აღმასკომის სხდომაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ "თბილისი 2015"-ის პროგრამაში შემავალი 9 სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები, რომლებმაც ამ ფორუმისთვის მზადების თაობაზე ისაუბრეს.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, სეოკ-ის ყოველწლიური საანგარიშო სესია 24 დეკემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული