სოჭი 2014: ციგურებით სირბილი - ოქრო ოლიმპიური რეკორდით

AutoSharing Option
სამი დღის განმავლობაში ჰოლანდიელი მოციგურავეების დომინირების შემდეგ, წესით და რიგით, "ნარინჯისფერთა" სერია 11 თებერვალს უნდა შეწყვეტილიყო, რადგან ქალთა სპრინტში ულაპარაკო ფავორიტი გახლდათ კორეელი სან-ხვა ლი. გარდა იმისა, რომ ეს აზიელი ვანკუვერის თამაშების ჩემპიონია, მას წლევანდელ სეზონში არც ერთი სტარტი არ წაუგია, თან რამდენიმე რეკორდი დაამყარა, მათ შორის, მსოფლიოსი.

სხვა სინჯის მედლებისთვის კი ბრძოლა შეეძლოთ გერმანელ ჯენი ვოლფს, ჩინელ ვან ბეისინს, რუს ოლგა ფატკულინას...რა თქმა უნდა, მედლების კოლექციის შევსებას ეცდებოდნენ ჰოლანდიელი მოციგურავეებიც.

საბოლოოდ, 11 თებერვლის სტარტმა სენსაციის გარეშე ჩაიარა. სან-ხვა ლიმ
ძალიან დამაჯერებელი გამოსვლა აჩვენა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, თან ოლიმპიური რეკორდი დაამყარა ერთ ცდაზეც (37.28 წამი) და ორი ცდის ჯამშიც (74.70 წამი).

კორეელს ღირსეული წინააღმდეგობა მხოლოდ ოლგა ფატკულინამ გაუწია, რომელმაც ორი ცდის ჯამში 0.36 წამი წააგო. კარგი დღე ჰქონდა გამოცდილ ჰოლანდიელ მარგო ბურს. მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც მისი პირველი წარმატებაა ოლიმპიურ კარიერაში.

სან-ხვა ლი

დაიბადა: 25 თებერვალი, 1989
სიმაღლე: 1.65 მ
წონა: 62 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - ვანკუვერი 2010, 500 მ
ოქრო - სოჭი 2014, 500 მ
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 3-გზის აბსოლუტური ჩემპიონი (2010, 2012, 2013), ერთგზის ვერცხლის პრიზიორი, 3-გზის ბრინჯაოს პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული