სოჭი 2014: ციგაობა - გერმანიის ჰეთ-თრიქი

AutoSharing Option
თუ ციგურებით სირბილში ჰოლანდიელთა დომინირებას ვხედავთ, ციგაობა სოჭში გერმანელებისაა, რომლებმაც ამ სახეობაში უკვე ჰეთ-თრიქი შეასრულეს - სამი სახეობა, სამი ოქრო.

11 თებერვალს მამაკაცები ორადგილიანი ციგებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ბოლო ორი ოლიმპიადა ამ სახეობაში ავსტრიელ ძმებს - ანდრეას და ვოლფგანგ ლინგერებს ჰქონდათ მოგებული, მაგრამ ისინი არ მიიჩნეოდნენ მთავარ ფავორიტებად. ეს სტატუსი ეკუთვნოდათ გერმანელებს - ტობიას ვენდლსა და ტობიას არლტს. ეს მათი დებიუტი იყო ოლიმპიურ თამაშებზე.

"ბავარიული ექსპრესის" ფავორიტობა განპირობებული იყო ამ სეზონში მსოფლიოს თასზე გამოსვლით - გერმანელებმა თითქმის ყველა სტარტი მოიგეს და
გაჩერებას არც სოჭში აპირებდნენ.

და მართლაც, ვენდლსა და არლტს არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ არც ტრასასთან, არც ნერვებთან და არც მეტოქეებთან დაკავშირებით. ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა გერმანელებმა ორივე ცდა შესანიშნავად შეასრულეს და თითოეულში საუკეთესო დრო დააფიქსირეს. ჩემპიონთა დუეტმა უახლოეს მდევარს ნახევარ წამზე მეტი მოუგო, რაც უდიდესი უპირატესობაა. ბრწყინვალე გამოსვლა და დამსახურებული ოქრო.

ტურინისა და ვანკუვერის ოლიმპიადების ოქრო ვერცხლით შეცვალეს ძმებმა ლინგერებმა. ავსტრიას კიდევ ერთი ეკიპაჟის აყვანა შეეძლო პოდიუმზე. პეტერ რენცი და გეორგ ფიშერი მესამე ადგილზე იყვნენ პირველი ცდის შემდეგ, მაგრამ მეორე დაშვებისას ძალიან უხეში შეცდომა დაუშვეს და ბოლო ადგილამდე დაეშვნენ. ამით კი ლატვიელმა ძმებმა - შიცებმა იხეირეს და ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე აიღეს ბრინჯაოს მედალი.

მოციგავეთა პროგრამა 12 თებერვალს დასრულდება სადებიუტო სახეობით - ესტაფეტით. გერმანიას არ უნდა გაუჭირდეს ჩემპიონობა, რადგან ტრასაზე ოთხ ოლიმპიურ ჩემპიონს გაიყვანს: ფელიქს ლოხს, ნატალი გაიზენბერგერს, ტობიას ვენდლსა და ტობიას არლტს.

ტობიას ვენდლი
დაიბადა: 16 ივნისი, 1987
სიმაღლე: 1.83 მ
წონა: 89 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, ერთგზის ვერცხლის პრიზიორი; ევროპის ჩემპიონატის 2-გზის ვერცხლის პრიზიორი, ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს თასის 2-გზის მფლობელი (2011, 2013).

ტობიას არლტი
დაიბადა: 2 ივნისი, 1987
სიმაღლე: 1.77 მ
წონა: 75 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, ერთგზის ვერცხლის პრიზიორი; ევროპის ჩემპიონატის ერთგზის ვერცხლის პრიზიორი, ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს თასის 2-გზის მფლობელი (2011, 2013).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული