სოჭი 2014: სნოუბორდი - ავსტრალიური მედალი თოვლში

AutoSharing Option
მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა ქალებს შორის ჰაფპაიპში. 12 თებერვლის სტარტის წინ, ძირითადად, სამი ფავორიტი სახელდებოდა - ამერიკელები კელი კლარკი და არიელ გოლდი და ავსტრალიელი ტორა ბრაიტი.

საოცარია, მაგრამ ფინალში ნაჩვენები შედეგები გაცილებით უარესი იყო კვალიფიკაციაში დაფიქსირებულ ქულებზე. თუ ამგვარი კატეგორიით განვსჯით, შეიძლება იმ აზრამდე მივიდეთ, რომ ერთბაშად ოთხმა სპორტსმენმა - კელი კლარკმა, კერალტ კასტელიემ, ტორა ბრაიტმა და ჰანა ტეტერმა კვალიფიკაციაში უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე საბოლოო გამარჯვებულმა ქეითლინ ფარინგტონმა.

ეს უკანასკნელი მთელი დღის განმავლობაში სხვებზე სტაბილურ შედეგებს აჩვენებდა. მიუხედავად ამისა, 24
წლის ფარინგტონს ნახევარფინალური ბარიერის გადალახვა მოუწია, რადგან კვალიფიკაციაში არასაკმარისად მაღალი ქულა აჩვენა და პირდაპირ ფინალში ვერ გადავიდა. ფინალში მან კარგი პირველი ცდა შეასრულა, მეორეში კი დღის საუკეთესო შედეგის ავტორი გახდა - 91.75 ქულა.

დაკარგა ვანკუვერში მოპოვებული ტიტული ტორა ბრაიტმა. მის გამოსვლაში არსებული ხარვეზების მიუხედავად, ავსტრალიელმა მხოლოდ 0.25 ქულა წააგო გამარჯვებულთან. შეგახსენებთ, რომ ორი დღით ადრე ბრაიტს ერთი ნაბიჯი დააკლდა სლოუპსტაილის პოდიუმამდე. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კელი კლარკმა, არადა, სწორედ მას მიიჩნევდნენ 12 თებერვალს ჰაფპაიპში მთავარ ფავორიტად. კელიმ ფინალში დღის ყველაზე რთული ელემენტი შეასრულა, მაგრამ მსაჯებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბოლოს უნდა აღვნიშნოთ ჰანა ტეტერისა და რანა ოკადას კარგი გამოსვლა, სამი ჩინელის ჩავარდნა, რომელთა ყველა გამოსვლა ფინალში დაცემით აღინიშნა. აგრეთვე - სოჭის ოლიმპიადაზე ესპანეთის ნაკრების მთავარი იმედის, კერალტ კასტელიეს სუსტი ასპარეზობა. კატალონიელმა სნოუბორდისტმა კვალიფიკაციაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა, მაგრამ ფინალში ნერვებს ვერ გაუმკლავდა და ყველა ნახტომი გააფუჭა.

ქეითლინ ფარინგტონი
დაიბადა: 18 დეკემბერი, 1989
სიმაღლე: 1.63 მ
წონა: 57 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014 ჰაფპაიპი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული