ოლიმპიური კომიტეტის კომისია "თბილისი-2015"-ის მზადებით კმაყოფილია

AutoSharing Option
თბილისში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისია (GOGOM) იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც კომისიის თავმჯდომარე ჯოზეფ ლიბა და მენეჯერი კატერინა ნიცოვა შედიან. ესაა პირველი ინსპექტირება, რომელიც "თბილისი-2015" ფესტივალისთვის მზადებას ამოწმებს.

სტუმრებმა 23 თებერვალს უკვე დაათვალიერეს რამდენიმე მშენებარე სპორტული ბაზა - ვერის კალათბურთის დარბაზი, "ახალი თბილისის" ობიექტები დიდ დიღომში, ძიუდოსა და ხელბურთის არენები, "მზიურის" კორტები, ოლიმპიური სოფელი; პარალელურად კი, შეხვდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დედაქალაქის მერ დავით ნარმანიას, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს...

დღის ბოლოს სტუმრებმა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პრესკონფერენცია
გამართეს, რომელსაც ესწრებოდნენ ლიბა, "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ლიბამ დიდი კმაყოფილება გამოთქვა იმ პროგრესის გამო, რაც წინა ვიზიტის შემდეგ იხილა.

"ესაა ამ წლის პირველი ინსპექტირება და გასული წლის ბოლო შემოწმებიდან მოყოლებული, ძალიან დიდ პროგრესს ვხედავ, რისიც დიდად მოხარული ვარ.

პროგრესი განსაკუთრებით შეიმჩნევა როგორც ოლიმპიურ სოფელთან, ასევე ცალკეულ ბაზებთან დაკავშირებით. როგორც პრემიერ-მინისტრს, სპორტის მინისტრსა და ქალაქის მერს მოვახსენე, ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ ფანტასტიკური გარემო გვექნება და ფანტასტიკურ ფესტივალს შევთავაზებთ მის მონაწილეებს.

ჩვენი შემდეგი ვიზიტი აპრილის ბოლოს იქნება, თუმცა მარტონი არ დავბრუნდებით - ჩვენთან ერთად ჩამოვლენ ტექნიკური დელეგატები სპორტის ყველა სახეობაში და დელეგაციების ხელმძღვანელები ევროპის 50-ვე ოლიმპიური კომიტეტიდან. ის ძალიან მნიშვნელოვანი სატესტო ღონისძიება იქნება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზების გზაზე.

მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას, სპორტის მინისტრს, მთავრობას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და ქალაქის მერს" - განაცხადა მან.

ლიბა 24 თებერვალს უკვე გაემგზავრება საქართველოდან, კატერინა ნიცოვა კი კვირის ბოლომდე დარჩება და გამართავს შეხვედრებს როგორც "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტთან, ასევე, ცალკეული დეპარტამენტების (უსაფრთხოება, ტრანსპორტირება, კვება...) ხელმძღვანელებთან, რათა დეტალურად განიხილოს მზადების ყველა ნიუანსი ცალკეულ სფეროებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული