ბაქო 2015. წყალში ხტომა: რა აქვს სათქმელი ირაკლი ბართაიას?

AutoSharing Option
ბაქოში მიმდინარე თამაშებში ჩვენი წყალმხტომელებიდან ერთადერთი წარმომადგენელი, 17 წლის თამარ სიჭინავა გამოდის. სხვადასხვა შეჯიბრებაში ასპარეზობისას ამ სპორტსმენის ოსტატობა და პერსპექტიულობა უცხოელმა სპეციალისტებმაც აღიარეს და ახლაც არავის ეეჭვებოდა, რომ თამარი მე-7 ადგილს არ გასცდებოდა - უთუოდ გააგრძელებდა უკეთესი შედეგისთვის ბრძოლას 12 ფინალისტს შორის.

28-დან შეჯიბრებაში მსაჯების ნებართვით 24 მონაწილე ჩაება. თითოეულს 10, 7 და 5-მეტრიანი კოშკურებიდან (სურვილისამებრ, შერჩევით) სხვადასხვა სირთულის 8 ნახტომი უნდა შეესრულებინა. მაღალი შედეგის მაძიებლები მხოლოდ 10 მეტრიანიდან ხტომებს ირჩევდნენ, დანარჩენები შერჩევით.

ჩვენმა სპორტსმენმა 10 მეტრიანიდან სამი, 7-იანიდან კი
ხუთი ნახტომი შეასრულა. საბოლოდ ის მე-17 ადგილზე აღმოჩნდა - 320 ქულა.

შედარებისთვის ვიტყვი, რომ გამარჯვებულმა სპორტსმენმა, რუსეთის წარმომადგენელმა იულია ტიმოშინინამ (რვავე ნახტომი 10 მეტრიანიდან შეასრულა) 420,90 ქულა მოაგროვა.

საცურაო კომპლექსში, ამ შეჯიბრებაზე, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელთან და საქართველოს სპორტის წყალთა სახეობების ფედერაციის გენერალური მდივნის ირაკლი ბართაიას გვერდით ვიჯექი. თავიდანვე უიმედოდ იყო, საშინლად განიცდიდა თამარის ყოველ გამოსვლას.

"არის მიზეზები, რამაც ამ დღეში ჩაგვაგდოო", - მითხრა, გამხელა კი არ ისურვა... თბილისში ჩასვლამდე. განსაკუთრებით იმაზე ნერვიულობდა, რომ თამარს ისეთებიც კი სჯობნიდნენ, რომლებთანაც ჩვენს მხტომელს არასდროს წაუგია.

ისე, მეც კარგად ვხედავდი, რომ თამარი ჰაერში ყველაფერს იდეალურად ასრულებდა, წყალთან მიახლოებისას და შიგ ჩაშვებისას კი ყველაფერს აფუჭებდა. ასეთ სიტუაციაში ირაკლიმ ერთი კი მითხრა:

"ბოლო 11 თვეში თამრიკო სულ ორ შეჯიბრებაში გამვიდა, მეტოქეებს კი მინიმუმ 6-6 შეჯიბრება აქვთ მოლეულიო".

თენგიზ გაჩეჩილაძე ბაქოდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული