ბაქო 2015. სამბო: დაბრუნება ბრინჯაოს ხანაში

AutoSharing Option
ფოტოზე: ვახტანგ ჩიდრაშვილი (მარცხნივ)
საქართველოს დელეგაციამ პირველ ევროპულ თამაშებზე კიდევ სამი მედალი მოიპოვა, ოღონდ ისევ ბრინჯაოსი. ახალ ჯილდოებს სამბისტები დაეუფლნენ: ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), კახა მამულაშვილი (74) და დავით კარბელაშვილი (90).

ამით ქართული დელეგაციის საერთო მონაგარი 10 მედლამდე გაიზარდა, თუმცა კვლავ არ ჩანს მთავარი - ოქრო. არადა, ამის გარეშე ძნელია ლაპარაკი წარმატებაზე... სამწუხაროდ, კარგად მომზადებულები ვერც სამბისტები ჩამოვიდნენ, თუმცა კი მათზე ოქროს გათვლა ნამდვილად კეთდებოდა. უფრო სწორად, მათ ვერ შეძლეს იმ შედეგის ჩვენება, რასაც მათგან ველოდით და რაც შეეძლოთ.

* * *
ჩვენმა სამბისტებმა ძალიან ცუდად დაიწყეს გამოსვლა და პირველივე წრიდან ოთხი მათგანი გამოვარდა, ნახევარფინალში კი მათ დარჩენილი წყვილიც მიჰყვა...

მათი საერთო მოსაზრება ისაა, რომ უფრო ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლეს, დაიძაბნენ და შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინეს.

ამავე აზრზეა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილიც, რომელიც შედეგით უკმაყოფილოა. თუმცა ექიმების დიდი გარჯა რომ არა, კიდევ უარესი ვითარება იქნებოდა - სხვებს თავი დავანებოთ და კარბელაშვილი, ფაქტობრივად, ტრავმირებული ჭიდაობდა.

აღსანიშნავია, რომ 74 და 52 კილოგრამების მედალოსნები ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.

პირველი წრე ჩიდრაშვილმა და მამულაშვილმა გაიარეს. ევროპის ბოლო ორი პირველობის გამარჯვებულმა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჩიდრაშვილმა პირველ წრეში ბორისლავ იანაკოვს სძლია - 4:0, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ისლამ გასიმოვთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენმა ფალავანმა ქულა გაფრთხილებების გამო დაკარგა, რასაც მწვრთნელები მთლიანად ბულგარელ მსაჯ ივან ნეტოვს აბრალებენ. მათ საამისო მიზეზი მართლაც აქვთ - არც აზერბაიჯანელი ბრწყინავდა და სადაც სამართალია, გაფრთხილებას ორივე თანაბრად იმსახურებდა.

თუმცა ვერც ჩიდრაშვილმა მოუმატა და ვერ გააკეთა ის ერთი ილეთი, რაც გამარჯვებას მოუტანდა. არბიტრი მასპინძელს რომ სიმპათიით ეპყრობა, არახალია, ხოლო ამ ვითარებაში მიკერძოება კიდევ უფრო დიდი რომ იქნებოდა, საიდუმლო არავისთვის უნდა ყოფილიყო. უბრალოდ, შენ შენი უნდა გააკეთო და მსაჯის კეთილსინდისიერების იმედად არ უნდა დარჩე.

ბოლოს ჩიდრაშვილმაც აღნიშნა, რომ მეტიც შეეძლო, რაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გამოავლინა რუმინელ ორლანდო გრუიტასთან, ვისაც დამაჯერებლად მოუგო.

მამულაშვილმა სლოვენიელი ტადეი ცუტუკი უპრობლემოდ, 4:0 დაჯაბნა, ნახევარფინალში კი ვერაფერს გახდა აზერბაიჯანელ ამილ გასიმოვთან - 0:10. საკმარისია ითქვას, რომ მეტოქემ ორჯერ გაუკეთა 4-ქულიანი გდება.

მამულაშვილს დამამშვიდებლის ფინალშიც გაუჭირდა გამარჯვება ბულგარელ მარტინ ივანოვთან - 3:2. მეტოქის გაფრთხილებების ხარჯზე პირველი ქულა ჩვენებურმა მიიღო და დიდხანსაც ინარჩუნებდა ამ უპირატესობას, თუმცა ბულგარელმა კარგად გამოცერა გარეფეხით და 2-ქულიანზე დააგდო - 1:2. მამულაშვილი ცოტა გააქტიურდა და თავადაც გააკეთა ორქულიანი ილეთი - 3:2.

როგორც ველოდით, დავით კარბელაშვილმა (90) წინააღმდეგობა ვერ გაუწია რუსთა მომავალ ჩემპიონ ალსიმ ჩერნოსკულოვს - 0:2 წააგო. თუმცა მისი ჯანმრთელობის ფონზე, ესეც დიდი მიღწევაა. ასევე მოლოდინისამებრ, რუსი ფინალშიც გავიდა და ჩვენებურიც გაიყოლა დამამშვიდებელ წრეში, სადაც პირდაპირ ფინალში "დაჯდა". ეს იმიტომ, რომ ამ წონაშიც, როგორც დანარჩენებში - 74-ის გარდა, ძალიან ცოტა ხალხი გამოდიოდა.

მოგეხსენებათ, სამბოში მონაწილეობა კვოტირებული იყო და ჭიდაობის უფლება მხოლოდ ლიცენზირებულებს ჰქონდათ. ბრინჯაოს ფინალში მისი მეტოქე მასპინძელი კანან გასიმოვი გამოდგა, ვისაც ფრიად დაძაბულ ბრძოლაში, 1:1-ზე მოუგო. ფალავნებმა ორივე ქულა მოწინააღმდეგის გაფრთხილების ხარჯზე მიიღეს. კარბელაშვილმა ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრაც მოიგო.

დასანანი ბრძოლა წააგო მძიმეწონოსანმა ნოდარ მეტრეველმა - ბელორუს იური რიბაკს მშვენიერი ოთხქულიანი გდება გაუკეთა, მაგრამ მეტოქემ იქვე შებოჭა - იქნებ ჯობდა, საერთოდ არ გაეკეთებინა ის გდება. ნახევარფინალში რიბაკიც დამარცხდა და მეტრეველი სანუგეშოში ვერ გადავიდა.

პირველივე წრეში დამარცხდნენ ჩვენი გოგონებიც - შორენა შარაძემ (60) რუსთა მომავალ ჩემპიონ იანა კოსტენკოსთან 0:4 წააგო, თეონა სუხიტაშვილმა (68) სელინ კონდეს ერთი ქულა კი აართვა, მაგრამ 3 დაკარგა და გამოვარდა. შარაძე სანუგეშოში კი გადავიდა, თუმცა რად გინდა - არასპორტული საქციელისთვის მოხსნეს და წარმატების ყველა იმედი გადაგვეწურა.

ვახტანგ ჩიდრაშვილი:
"ნახევარფინალში მსაჯებმა წამაგებინეს მასპინძელ სპორტსმენთან, გდება არ მომცეს და ბოლო წამებზე გასაფრთხილებელიც იყო. შეიძლება, მეც შემეძლო მეტის გაკეთება, მაგრამ სპორტია და ყველაფერი ხდება. ჩემგან ყველა ოქროს ელოდა და შეიძლება, ამანაც იქონია გავლენა".

კახა მამულაშვილი:
"გამოსვლით და შედეგით კმაყოფილი არა ვარ. ეგაა, რომ წაგებას და უმედლოდ დარჩენას ჯობია. მომზადებული კარგად ვიყავი, მწვრთნელებმა ყველაფერი გააკეთეს, ვერ ვიტყვი, რომ რამე დაგვაკლდა, მაგრამ სპორტია, დღეს იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო...

ცოტა ფსიქოლოგიურადაც გადავიღალეთ - ევროპული თამაშებია, პირველად გამოვდიოდით და ვერ გავუძელით ამ დაძაბულობას.

აზერბაიჯანელ გასიმოვს ერთხელ შევხვდი - შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვუგე, მაგრამ მას შემდეგ ბევრად აქვს მომატებული. თან საკუთარ ქვეყანაში ჭიდაობდა და ორმაგად ძნელი იყო მასთან შეხვედრა".

დავით კარბელაშვილი:
"ევროპის ჩემპიონატზე მძიმე ტრავმა მივიღე - ბარძაყის კუნთი გამიწყდა და მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა. სიარული მიჭირდა და ფეხს კარგად ვერ ვადგამდი. სულ 12 დღე მქონდა მოსამზადებლად და არ იყო გამორიცხული, ჩემ ნაცვლად სხვა წაეყვანათ.

მწვრთნელებმა მკითხეს კიდეც, შევძლებდი თუ ვერა ჭიდაობას. გუნდის ექიმებმა - ზურაბ კახაბრიშვილმა, გიორგი ლომიძემ და გიორგი ქავთარაძემ ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.

ფეხი მტკიოდა, მიშლიდა მოძრაობაში და ამიტომ იყო, ფეხით შესვლებს, ილეთებს რომ ვერ ვაკეთებდი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შედეგით კმაყოფილი ვარ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული