ნინო ოძელაშვილი: ცუდს არაფერს არ ვაკეთებთ, პირიქით - სამშობლოს ვასახელებთ

AutoSharing Option
სახელოვანი გვარის წარმომადგენელი ნინო ოძელაშვილი ახალი ისტორიით ამდიდრებს საკუთარ გვარს - ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი სამბოში.

ჭიდაობის გარდა, სამბოს სამყარომ მან თავი ცეკვითაც გააცნო, როცა შარშანდელი ევროპირველობის ფინალის დასრულებისთანავე ცეცხლოვანი მთიულური ჩამოუარა და ყაზანის სპორტის სასახლეს ოვაციები მოსწყვიტა.

- როგორ აღნიშნა ევროპის ჩემპიონობა ცეკვით ნინო ოძელაშვილმა რუსეთში [VDEO]

ნინო პირველი ქართველი ქალია, ვინც უფროსებში საჭიდაო სახეობებში ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ჭიდაობა თავიდან ძიუდოში დაიწყო, თუმცა მერე ნელ-ნელა სამბოში გადაინაცვლა და კარიერის ძირითად წარმატებებსაც იქ მიაღწია - ევროპის ორგზის ჩემპიონი,
მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი, მსოფლიოს პირველობის ფინალისტი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი თუ მედალოსანი.

- ალბათ, უკვე შეეჩვიეთ ევროპის ჩემპიონობას და ეს გრძნობა თქვენთვის უცხო აღარაა.
- თუმცა ეს ყოველთვის მაგარი შეგრძნებაა და იმის განცდაც გაქვს, რომ კიდევ და კიდევ უფრო მეტად ასახელო შენი ქვეყანა; რომ არ გაქვს წაგების უფლება. ამ გამარჯვებებით საკუთარი თავის რწმენაც კიდევ უფრო გაიზარდა და უფლის ძალას ვგრძნობ. ტიტულს რომ ვიცავ, ეს ყველაზე კარგი შეგრძნებაა, ხოლო შენი სამშობლოს ჰიმნს რომ უსმენ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

- თუმცა ამბობენ, ტიტულის შენარჩუნება მოპოვებაზე უფრო ძნელიაო.
- კი, მართლაც ძნელია, რადგან ბევრი ფიქრი გიწევს ტიტულის შენარჩუნებაზეც და იმაზეც, როგორ დაამარცხო მეტოქე. თან ის რუსი - ირინა ალექსეევა ძალიან ძლიერი გოგოა, მსოფლიოს ჩემპიონი.

- ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ნინო ოძელაშვილის ოქრო და ქართული ცეკვა [VIDEO]

მასთან ორჯერ დამარცხებულიც ვარ, თუმცა მინიმალური ანგარიშით, 0:1. ოღონდ, სამი წლის წინ იაპონიაში მსოფლიოს პირველობის ფინალში ცოტა მსაჯების მიკერძოებაც იყო. ახლანდელ ფინალს ვინც უყურა, გაეცინებოდა არბიტრთა მოქმედებებზე, რომლებიც ორი ქულის ნაცვლად ერთ ქულას გაძლევენ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი მოწინააღმდეგეა ყველასთვის და ორმაგი ბრძოლა გვიწევს - მსაჯებსაც ვეჭიდავებით და მეტოქეებსაც. მიხარია, რომ ეს შევძელი.

საერთოდ, მიზანდასახული და პრინციპული ვარ. მივყვები ჩემს დასახულ გეგმას და ყველაფერს ვდებ საქმეში. წარმატებას დიდ პასუხისმგებლობად მივიჩნევ, რადგან, როცა ამ საქმეს ეკიდები, თან ხარ ევროპის ჩემპიონი ანუ წარმატებული, ხოლო საქართველოში ბევრს ეიმედება შენი და უნდა, რომ ასახელო, ამ ყველაფერს მე ძალიან დიდ პასუხისმგებლობად მივიჩნევ და მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ რაც შეიძლება მეტი ვიშრომო და ეს ნდობა გავამართლო.

შეიძლება, ზოგიერთ ბიჭზე მეტსაც კი ვმუშაობ და ისეც ყოფილა, იქით ვამხნევებდი მათ. მაგალითად, ასე იყო, როცა ფონდ "ქართუში" ხელფასები მოგვიხსნეს - შემოვდივარ და ზის მთელი გუნდი, სახე ჩამოსტირის ყველას. მსოფლიოზე უფრო კარგად გამოვალთ, მხოლოდ ფული ხომ არაა. ოღონდ ისიც მესმის, რომ ფული ყველას სჭირდება - ოჯახები ჰყავთ და ფული აუცილებელია, სპორტსმენმა ბუღალტერობასა და ინჟინერობაზე არ უნდა იფიქრო, შენი საქმიანობით უზრუნველყოფილი უნდა იყო.

- თქვენ ხომ არა ხართ უკმაყოფილო, მიიღეთ პრემიები, რაც შარშანდელი წარმატებისთვის დაიმსახურეთ?
- კი, რა თქმა უნდა. ადრეულ წლებს თუ გავიხსენებთ, საერთოდ არ გვქონდა არაფერი. ეგ კი არა, ტურნირებზეც ჩვენი ხარჯებით გვიწევდა წასვლა. მადლობა უფალს, რომ ვითარება შეიცვალა და ფინანსურად ცოტა წამოვიწიეთ. ერთიანად არ ხდება ყველაფერი, მაგრამ ვიმედოვნებ, უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი.

- რუსებს ზედიზედ მეორე ფინალი მოუგეთ, რაზეც, ალბათ, ძალიან განაწყენდებოდნენ. რას გეუბნებოდნენ ისინი?
- სხვათა შორის, რუსებს ძალიან ვუყვარვარ, ასე მხიარული გოგო რომ ვარ და სულ ვცეკვავ. ბევრი მოდიოდა, იღებდნენ ფოტოებს, ზოგი ტიროდა კიდეც. მთელი მედია მოვიდა, ყველა ჟურნალისტი და იღებდნენ ინტერვიუს. ქომაგებმა ისიც კი მითხრეს, შემოდგომაზე სოჭში, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ველოდებით შენს ცეკვასო. ღმერთის წყალობით, იქაც მექნება ცეკვის საბაბი.

ახლაც ვიცეკვე - მინსკში, მაგრამ ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ ცოტა შემზღუდა სალტოების მხრივ, არ გინდა, თორემ დაგსჯიო. არადა, ძალიან მიყვარს, თუმცა შევიკავე თავი. ოღონდ ბოლომდე ვერ მოვითმინე და მაინც წავუცეკვე.

შარშან რომ გავიმარჯვე ყაზანში, მუსიკა ჩამირთეს, რაც ახლა არ ყოფილა, მაგრამ ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილს ვუხდი დიდ მადლობას, რომელმაც დამიძახა - მიდი, ნინო, შეუბერეო და მეც ჩამოვუარე.

- ოჯახმა, ქომაგებმა როგორ მიიღეს ეს გამარჯვება?
- რა თქმა უნდა, გაუხარდათ და დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემი და საქართველოს სიხარული გაიზიარა. მე მგონი, მართლაც სასიხარულო ფაქტია - ცუდს არაფერს ვაკეთებ. პირიქით - საქართველოს ვასახელებ, ამ შემთხვევაში კი გოგოს და ბიჭს მნიშვნელობა არა აქვს. მეც გახარებული ვარ ძალიან - ზოგი ქუჩაში მცნობს, მილოცავენ და მიხარია.

- ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინაა?
- მამაჩემს ფანატიკურად უყვარს სპორტი და მისი ძალიან დიდი წვლილია ამ წარმატებებში, მაგრამ გულშემატკივრად დედას მივიჩნევ. ცხადია, ოჯახის დანარჩენი წევრები - ჩემი და-ძმებიც დიდი ქომაგები არიან, ნათესავები, მეგობრები და ასე შემდეგ. შეიძლება, სრულიად უცხო გულშემატკივრებიც მყავდეს, საერთოდ რომ არ ვიცოდე.

- თქვენი აზრით, რაა საჭირო, რომ ქალთა ჭიდაობა კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ქვეყანაში?
- ვფიქრობ, სოფლებში უნდა გაიხსნას სამბოს რაც შეიძლება მეტი ჯგუფი და გაიზარდოს მასობრიობა. სოფლებში ბევრი კარგი გოგოა, მაგრამ ბევრს არ აქვს ქალაქში ვარჯიშზე სიარულის საშუალება. მათთვის უნდა იყოს სკოლები ადგილებზე, რომ პატარაობიდანვე ჩამოყალიბდნენ სამბისტებად. დღეს გოგოები სამბოში ძალიან ცოტანი ვართ, რაც ცუდია, რადგან არ გვყავს საკმარისი სპარინგ-მეტოქეები.

- როგორ ატყობთ, შეიცვალა საქართველოში მენტალიტეტი და მოჭიდავე ქალი ჩვეულებრივი ამბავი გახდა, თუ ჯერ ისევ ალმაცერად გიყურებენ?
- იმ ხალხს მინდა მივმართო, ვინც ფიქრობს, რომ ჭიდაობა ქალის საქმე არაა - ხომ შეიძლება, ქალიც ისევე იყოს ძლიერი, როგორც - კაცი? ქართველი კაცი ვერ იქნებოდა ძლიერი, გვერდით ქართველი ქალი თუ არ ეყოლებოდა. ისტორიას თუ გადავხედავთ, ბევრი ძლიერი ქალი გვყავდა. ალბათ, ცხოვრება უინტერესო იქნებოდა, ყველა ერთფეროვანი რომ ვყოფილიყავით. მე ღმერთმა ამის ნიჭი, ამის შესაძლებლობა მომცა, რომ ამ სფეროში ვასახელო საქართველო. შეიძლება, უმაღლესიც დაამთავრო, მაგრამ არავინ არ გიცნობდეს, მე კი მეამაყება, რომ ამ სფეროში ვარ. დიდ მადლობას ვუხდი მშობლებს, რომ მაზიარეს სპორტის ამ სახეობას.

სამწუხაროდ, ჯერ ისევ გვაქვს შემთხვევები, როცა ამბობენ, ჭიდაობა რა ქალის საქმეაო, თუმცა წინა წლებს თუ შევადარებთ, მსგავსი ფაქტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. ჩვენ ხომ ცუდს არაფერს არ ვაკეთებთ. პირიქით - სამშობლოს ვასახელებთ.

- თავის დროზე ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგიხდათ ამ გზაზე?
- დიახ, ბევრის, რადგან ერთ-ერთი პირველი გოგო ვარ, ვინც ჭიდაობა დაიწყო, ბიჭები კი ახლაც რაღაც ისე ამბობენ, აი, მოჭიდავეო გოგოო, და ხომ წარმოგიდგენიათ, მაშინ რა იქნებოდა! ბევრჯერ იყო საუბარი, წადი, სხვა საქმეს მოჰკიდე ხელი; რა გინდა, რატომ დადიხარო, ქალის ადგილი სამზარეულოშიაო და ამგვარები.

- როგორც ვიცი, თქვენს სპორტსმენობაში მშობლებმა, განსაკუთრებით კი მამამ დიდი როლი შეასრულა...
- მშობლებს ძალიან უყვართ სპორტი. მამამ მართლაც ყველაფერი გააკეთა, რომ შვილები სპორტს გავყოლოდით. 5 და-ძმანი ვართ - 3 ძმა, 2 - და და ხუთივე სპორტსმენი ვართ. კარატე, კრივი, ჭიდაობა, ტანვარჯიში, ფეხბურთი - მამაჩემი ყველაფერზე გვავარჯიშებდა სახლში. ადრე, გაჭირვების წლებში ხშირად ისეც ყოფილა, რომ გზის ფული არ გვქონია, რის გამოც წყნეთიდან ფეხით ჩამოვსულვართ თბილისში სავარჯიშოდ და უკანაც ფეხით დავბრუნებულვართ.

ცხადია, დღეს მამა ძალიან კმაყოფილია ჩემი შედეგებით, თუმცა ყოველთვის მაინც მეტს მთხოვს, რადგან ცოტა ჯიუტიც ვარ და ცოტა - თავისებურიც.

აქვე არ შემიძლია, არ ვახსენო ძიუდოს ფედერაციის და ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერა. აგრეთვე - ჩვენი მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ზოგადად - გუნდის წარმატებებში, რადგან სწორად და კარგად გვავარჯიშებს.

შარშან გოგოები ევროპის ჩემპიონატზე გუნდურში მესამე ადგილზე გავედით. ახლაც, მძიმე წონაში ელენე ქებაძეს ფინალი რომ მოეგო, მეორეზე გავიდოდით. ვფიქრობ, ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო უკეთესი მიღწევები გვექნება.

- საოჯახო საქმეები რამდენად გიზიდავთ და თუ გრჩებათ ამისთვის დრო?
- სამზარეულოში საქმიანობა მიყვარს, მაგრამ ვერ ვახერხებ, რადგან დროის უმეტეს ნაწილში შეკრებაზე ვართ, ხოლო სახლში დედაჩემი ამზადებს. თუმცა, რაც გულით მომინდება, უცებ გავაკეთებ. რაც მთავარია, კარგი ხელი მაქვს და მიყვარს ეგ საქმე, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო მეტს ვისწავლი. როცა სახლში ვარ, ვცდილობ, სამზარეულოს გარდა სხვა რამეებიც მოვახერხო.

- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის როგორ მოემზადებით და ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტებად?
- რამდენიმე დღეში უკვე დავიწყებთ ვარჯიშს. როგორც ვიცი, ყაზახეთში უნდა გამოვიდეთ საერთაშორისო ტურნირში და იმისთვის ვემზადებით. მსოფლიოს პირველობამდე კიდევ გამოვალთ შეჯიბრებებში, მეტოქეებს რაც შეეხება, სავარაუდოდ, რუსებს სხვა მონაწილე ეყოლებათ. ისინი სულ ცვლიან შემადგენლობას. მათთან ასეა მიღებული: რუსეთის ჩემპიონი გამოდის მსოფლიოს პირველობაზე, ვიცე-ჩემპიონი - ევროპისაზე.

თუმცა ჩემთვის ყველაზე სერიოზული კონკურენტი მაინც უკრაინელი ნატალია სმალი იქნება, ვისთანაც ერთხელ მოვიგე და ორჯერ წავაგე. ახლა ევროპის ჩემპიონატზე ის ამ რუსთან დამარცხდა - ალექსეევასთან, თუმცა ძლიერი სპორტსმენია, თან ჩემთვის ცოტა უხერხული მეტოქე და მსოფლიოზე მისთვის ვემზადები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნინო, გენაცვალე !!! მართალია, შენი გადასაწყვეტია, მაგრამ, იქნებ, ძიუდოში გეცადა შენი ძალები,.. არ მინდა, კარიერა, არაოლიმპიურად დაამთავრო.... შენი გადასაწყვეტია, იქნებ, დაფიქრებულიყავი......
მიშა63
22:20 03-06-2017
0
სულ წარმატებები ნინო მრავალჯერ გესახელებიოს ერი მადლობა ბატონ ვაჟას ერის საამაყო შვილის გაზდისათვის
თემურ ონიანი
21:42 03-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული