ბაქო 2015. ფარიკაობა. ცურვა: დაგეგმილი უმედლობის დღე

AutoSharing Option
გუშინ, 24 ივნისს, ბაქოში თეონა გოგლიძემ რაპირით იასპარეზა და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა - ქვეჯგუფში გამართული 5 პაექრობიდან მხოლოდ ერთი მოიგო. არადა, კიდევ ერთი გამარჯვება და დიდი შანსი იყო, პლეი ოფში გვეხილა. მით უფრო, ამის შესაძლებლობა ნამდვილად ჰქონდა...

ჩვენებური C ჯგუფში გამოდიოდა და პირველი ბრძოლა პოლონური წარმოშობის ბრიტანელ ნატალია შეპარდთან გამართა, ვინც საბოლოოდ პლეი ოფში გავიდა და მეოთხედფინალშიც კი იასპარეზა. გოგლიძე მასთან 4:5 დამარცხდა, თუმცა ანგარიშიდანაც ჩანს, რომ წარმატების შანსი ნამდვილად ჰქონდა.

ჩვენებურმა დათმო მეორე პაექრობაც - ებრაელ დელილა ჰატუელთან
3:5 წააგო. გოგლიძემ ის ერთადერთი გამარჯვებაც ამის შემდეგ მოიპოვა - რუმინელ მარია ბოლდორს 5:3 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედიც გაჩნდა. მით უფრო, ფრანგ აუტსაიდერ ჟულიე ჰუინს ხვდებოდა, ვისაც მანამდე სამივე პაექრობა წაეგო...

სამწუხაროდ, გოგლიძემ ეს შეხვედრა 2:5 დათმო, რაც მისთვის გადამწყვეტიც აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგმაც ჩვენებურივით ამ ერთი მოგებით დაასრულა გამოსვლა...

გოგლიძეს მეხუთე პაექრობაში ბევრად ძლიერი მეტოქე ჰყავდა - გერმანელი ანე საუერი, ვინც ქვეჯგუფიც მოიგო და მეოთხედფინალში დაასრულა ასპარეზობა. ქართველმა ეს პაექრობა 2:5 დათმო, თუმცა პლეი ოფში გასვლის მცირე შანსი კიდევ რჩებოდა, რადგან პირველი შეხვედრა მაღალი ქულით ჰქონდა წაგებული და იქნებ დამატებითი მაჩვენებლების დათვლისას ამას ეშველა... სამწუხაროდ, არც ეს ვარიანტი გამოვიდა, გოგლიძემ ტურნირი 31-ე ადგილზე დაასრულა და 28 იღბლიანს შორის ვერ მოხვდა.

* * *
გუშინვე იასპარეზეს ჩვენმა მოცურავეებმა და წარმატებას ვერც მათ მიაღწიეს. აკაკი ვაშაკიძე უკვე მეორედ დადგა სტარტზე, ამჯერად 100 მეტრზე ბატერფლაით, რომლის გაცურვასაც 2:05.95 მოანდომა, რაც 24-ე შედეგი აღმოჩნდა.

საკვალიფიკაციოში საუკეთესო ჯაკომო კარინი აღმოჩნდა - 1:58.99, ნახევარფინალში კი ბოლო ადგილებით ავსტრიელი ფილიპ მილჩევიჩი (2:03.90) და ბრიტანელი კილ ჩისოლმი (2:03.15) გავიდნენ.

100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში გიორგი ბიგანიშვილი 53.94-ით 58-ე, ჯუდერ ბიჭიკაშვილი კი 54.17-ით მე-60 ადგილზე გავიდნენ. აქ შესარჩევის საუკეთესო შედეგი ბრიტანელ სკოტ დანკანს აღმოაჩნდა - 50.24.

ერთი სიტყვით, ეს დღეც წარუმატებლად დავასრულეთ, თუმცა გუშინდელი დღისგან დიდ შედეგს არც ველოდით. მთავარი იყო, ჩვენს ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოევლინათ...

საქართველოს დელეგაციის მონაგარი კვლავაც 10 მედალია - 3 ვერცხლი და დანარჩენი ბრინჯაო, რითაც გუშინდელი, გვიან ღამის მონაცემებით, 27-ე ადგილზე ვართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ, ცურვის მასწავლებელს ვეძებთ მთელ თბილისში და ვერ ვნახეთ, ისე აუზებზე კარგა გვარიანად არის ფასები მომატებული, შედეგმაც არ დააყოვნა
zaza mig
11:30 25-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული