ირაკლი უზნაძე: გუნდში განწყობა კარგია და იმედია, ტრავმები შედეგზე არ იმოქმედებს

AutoSharing Option
დღეს, 25 ივნისს, ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებში ძიუდოისტებიც ჩაებმებიან, რომლებსაც ახლა მთელი ჩვენი იმედები უკავშირდება.

გუშინ ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესაც შევხვდით და გუნდის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ.

"მზადების ბოლო ეტაპი კარგად გავიარეთ, დასკვნითმა შეკრებამ გეგმის მიხედვით ჩაიარა. სამწუხაროდ, საშუალო სიმძიმის რამდენიმე ტრავმაა, თუმცა გუნდში განწყობა კარგია და, ვიმედოვნებთ, ეს არ იმოქმედებს შედეგზე.

ამჯერად ცოტა უფრო სერიოზული ტრავმებია, ვიდრე ჩვეულებრივ ახლავს ხოლმე შეჯიბრებებს. პაპინაშვილს ისევ გაუხსენა 6 თვის წინ გაკეთებულმა ოპერაციამ
და ბოლო 10 დღე აწუხებდა. რეაბილიტაციაც გაიარა, მაგრამ ამ მოკლე ხანში რაც მოხერხდა, ისაა, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში არ სტკივა, მხოლოდ ჭიდაობისას აწუხებს.

ტატალაშვილს კოჭი ისედაც სტკიოდა, მარგიანმა კი ბაქოში წინა შეჯიბრებაზე იტკინა მუხლი. მანაც გაიარა ხანგრძლივი რეაბილიტაცია, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ შეკრებაზე მაინც შეახსენა თავი და სრულფასოვნად ვერ დაიტვირთა.

ბოლო შეკრებაზე ლიპარტელიანმაც მუხლი დაიზიანა.

ამ 9 სპორტსმენიდან 8-ს ვინ შეხვდებოდა, რეიტინგიდან გამომდინარე, თითქმის ვიცოდით და წილისყრაში სიურპრიზი არაფერია. განუთესავი მხოლოდ შავდათუაშვილი იყო და ისიც ასცდა ტატალაშვილს.

თუმცა შეგვხვდა რამდენიმე უხერხული მეტოქე. მაგალითად, ჭრიკიშვილთან ბელგიელი მოხვდა, 73-ში ჩვენებს ფრანგები "დაუჯდათ", ისინი კი მუდამ ანგარიშგასაწევნი არიან.

პაპინაშვილთან ებრაელია უხერხული მეტოქე, თუმცა საჭიდაო ყველასთანაა - ევროპის ჩემპიონატზე მოუმზადებელი არავინ ჩამოვიდოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული