ძიუდოს ნაკრები რომ არა, პირველ ევროპულ თამაშებში ქართული დელეგაცია არც ისე წარმატებით გამოვიდოდა.
ჩვენი დამრტყმელი ძალა ამ თამაშებში ყველაზე ბოლოს ჩაება და მაჩვენებელი აგვიმაღლა. მართალია, იმ დროს უკვე გვქონდა დაუგეგმავი და მოულოდნელი მედლები მხატვრულ ტანვარჯიშსა და მშვილდოსნობაში, საკმაოდ კარგად გამოვიდნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც, რომლებმაც 5 მედალი მოიპოვეს და მთლიანობაში, გუნდიც კარგად იყო მომზადებული, მაგრამ მათ გამოსვლას აკლდა მთავარი გვირგვინი - ოქროს მედალი.
აი, სწორედ ეს ხარვეზი შეავსეს ძიუდოისტებმა და ორი ჩემპიონი გაუხდათ.
როგორც ვთქვით, ბაქოში დაუგეგმავი მედლებიც მოვიპოვეთ, მაგრამ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადამდე 1 წლით ადრე ზოგადად ქართული სპორტისთვის მაინც მუქი სურათი დავინახეთ - წამყვანი სახეობებიდან (რაშიც, უპირველესად, ჭიდაობები იგულისხმება) ზოგან ძალიან ჩამოვრჩით ლიდერებს, ზოგან სულაც ფსკერზე დავიძირეთ, ეგრეთ წოდებულ "უძრავ სახეობებში" კი არანაირი წინსვლა არაა და კვლავაც მაჩანჩალებად ვრჩებით.
ვერაფრით ვახერხებთ ისეთ მასობრივ, მრავალდისციპლინიან სახეობებში საერთაშორისო სტანდარტებამდე მიახლოებასაც კი, როგორიცაა საწყლოსნო სახეობები და მძლეოსნობა - სამწუხაროდ, ლიდერებს ძალიან ჩამოვრჩებით.
არასახარბიელო სურათი მივიღეთ სპორტულ ტანვარჯიშში, ნიჩბოსნობაში, ფარიკაობაში...
თუმცა ასაღორძინებელ სახეობებს თავი დავანებოთ და ეგრეთ წოდებულ სტრატეგიულებშიც კი რეგრესია - კრიტიკას ვერ უძლებს ბერძენ-რომაელთა გამოსვლა, რომლებიც საერთოდ უმედლოდ დარჩნენ; სამბისტები, ვგონებ, ამ მასშტაბური თამაშების გავლენის ქვეშ მოექცნენ და ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლეს (აკი ამას თვითონაც ამბობდნენ); მოკრივეებიც უმედლოდ დარჩნენ, ტყვიის სროლაში კი არათუ მედალი, ლიცენზიაც საჭოჭმანო გაგვიხდა...
მშვილდოსნებმა რაც გააკეთეს, იმ ასპექტში ეს ძალზე კარგია, მაგრამ ის მედალი არაოლიმპიურ დისციპლინაშია მოპოვებული, ოლიმპიადაზე კი, სადაც ძლიერ ევროპულ ქვეყნებს - უკრაინას, საფრანგეთს, რუსეთს, გერმანიას და სხვებს კორეა, ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, მექსიკა და სხვებიც დაემატებიან, ძალიან გაგვიჭირდება.
კარგი იყო ძიუდოისტების გამოსვლა, რომლებმაც საკმაოდ მაღალ დონეზე მომზადებული გუნდი ჩაიყვანეს, რომელსაც ეტყობოდა მწვრთნელთა ხელი, და დაამტკიცეს, რომ მსოფლიოს პირველობისთვის სწორ გზაზე დგანან. ბუნებრივია, მათ სამუშაო კვლავაც ბევრი აქვთ და ბევრი რამეც უნდა გამოასწორონ, მაგრამ მთავარია, ზუსტად იციან, რა უნდათ და მიზნისკენაც დასახული გეგმის შესაბამისად მიდიან.
ამ გუნდს ეტყობოდა მწვრთნელის ხელი, ადრინდელი ხარვეზები ამჯერად გამოსწორებული იყო. მაგალითად, ამირან პაპინაშვილმა (60) დასძლია ბრინჯაოსთვის ბრძოლის კომპლექსი და ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ ამ ეტაპზე დამაჯერებლად იმარჯვა, ნუგზარ ტატალაშვილმა (73) კი - ფინალისა, ვინც ებრაელ საგი მუკისთან წაგების მიუხედავად, გადამწყვეტ შეხვედრაში მოწოდების სიმაღლეზე იდგა (უბრალოდ, მან მსაჯს ვერ აჯობა), საოცარი პროგრესი ჰქონდა ადამ ოქრუაშვილს (+100), ხოლო მეორე ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) შეტევას კარგად შეუხამა დაცვა. ამასთან, გაუმჯობესებული იყო მთელი რიგი საჭიდაო კომპონენტები.
თავისუფლების უჩემპიონო რიგიანობა
ურიგოდ ნამდვილად არ გამოსულან "თავისუფლები" - 8 კაციანმა გუნდმა 5 მედალი მოიპოვა (2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო), მაგრამ არ იყო ოქრო, რასაც მათგან ნამდვილად ველოდით. ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57) დისკვალიფიკაცია, რომელიც ჩემპიონობის რეალური კანდიდატი იყო, მაგრამ ფაქტია - მას ის შეცდომა არ უნდა დაეშვა და ციმბირული წარმოშობის ავყია ბელარუსს ჩხუბში არ უნდა აჰყოლოდა. თან, იმ მომენტში აგებდა და კაცმა არ იცის, საბოლოოდ გახდებოდა თუ არა ჩემპიონი.
ზოგადად, "თავისუფლებას" ეტყობოდათ მომზადება, მათ ტურისტებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი გვარიანად ჩამორჩებიან წამყვან ქვეყნებს - რუსეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ოქროზე ფიქრი ძალიან თამამი ოცნება მგონია.
არადა, მსოფლიოს პირველობებსა და ოლიმპიადაზე მათ ირანი, აშშ და კიდევ ბევრი ძლიერი ქვეყანა ემატება ანუ მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე ოქროს მოპოვება კიდევ უფრო გაგვიჭირდება.
ფოტოზე: საქართველოს დელეგაცია თამაშების გახსნის ცერემონიალზე
საჭიდაო პრობლემები და დოპინგი
ზოგადად, ჭიდაობაში მოსალოდნელზე მეტი პრობლემა გამოჩნდა. უმთავრესი მაინც ისაა, რომ ფალავნებს ილეთების გაკეთება უნდა შეეძლოთ. არადა, ბაქოში თუ რამე გდება ვიხილეთ, აბსოლუტური უმეტესობა ძალისმიერი ტიპისა იყო (როცა მეტოქეს აიღებ და გადააგდებ), ქართული ჭიდაობის ილეთები კი ნაკლებად ჩანდა. თან თუ ძალისმიერ სტილში ჭიდაობ, მაშინ ფიზიკურადაც ბევრად უკეთ უნდა იყო მომზადებული, რასაც ჩვენები ვერ ავლენდნენ (ბევრს ჩოქბჯენიდან მეტოქის დატრიალებაც გაუჭირდა) და ჩოქბჯენში ჩაყვანაც უნდა შეგეძლოს.
თუმცა ეს პრობლემა კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქ დავინახეთ - სამწუხაროდ, ჩვენი მოჭიდავეები ზედმეტად არიან დამოკიდებულნი იმ რიგის დამხმარე ფარმაკოლოგიურ თუ საკვებ დანამატებზე, რაც დოპინგის კატეგორიაში გადის. ისინი უკვე აშკარად ითხოვენ ამას და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამის გარეშე მათ ვერ წარმოუდგენიათ წარმატების მოპოვება.
თან ბაქოში ერთი სერიოზული სახის დარღვევაც დადასტურდა, რასაც დანაშაულის კვალიფიკაციაც შეიძლება მიეცეს - უკვე ღიად ლაპარაკობდნენ, რომ საქართველოს ჩემპიონატის წინ ფალავნები ნამდვილად იღებენ დამხმარე საშუალებებს, რის გამოც აქ კარგად ჭიდაობენ, მაგრამ უცხოეთში საკუთარ თავს არ ჰგვანან.
როცა მაისში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე ამის შესახებ ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა განაცხადა, აქ წამლებს იღებენ და მერე უცხოეთში შეგნებულად აგებენ, დოპინგზე რომ არ ჩავარდნენო. ამან მეხის გავარდნასავით დაიქუხა, მაგრამ ბაქოში, ზედ დარბაზში მწვრთნელებსაც და ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებსაც წამოსცდათ, აი, ეს იცის, საქართველოს ჩემპიონატზე რაღაცებით რომ იჭყიპებიანო.
ეს ხმები ბერძენ-რომაელთა ტურნირისას წამოსცდათ, თუმცა ნუ გამოვრიცხავთ, რომ ამ მხრივ "თავისუფლებში" ყველაფერი იდეალურადაა - ბოლო წლებში მათაც ბევრი ჩაუვარდათ დოპინგზე.
არ გამოვრიცხავ, ბერძენ-რომაელთა ისეთი გამოფიტვის მიზეზიც სწორედ ეს დამატებითი რამეები იყოს - შეიძლება, დრო ზუსტად ვერ გათვალეს, თორემ ვერაფრით ამიხსნია, რა მოუვიდათ, რა დაემართათ იქ, რატომ იყვნენ ისე უნიათოდ? მით უფრო, ბევრმა წინა თვეებში ჩინებულად იჭიდავა! მათგან მხოლოდ ზურაბ დათუნაშვილს (74) გამოვარჩევ, რომელიც ნამდვილად გამოირჩეოდა კარგი მომზადებით და მისი უმედლოდ დარჩენა მსაჯების ბრალია. დანარჩენთაგან არა უშავდა ფირუზ წულუკიძეს (66).
ერთი სიტყვით, ეს პრობლემა ჭიდაობაში მწვავედ დგას და მას ფედერაციამ აუცილებლად უნდა მიხედოს.
იქნებ ვინმე მომედავოს, ყველა ქიმიაზეა გადასულიო და დიდწილად მართალიც იქნება, მაგრამ ის რუსები და აზერბაიჯანელები თუ იღებენ რამეს, შედეგსაც აღწევენ. თან რაც უნდა ვილაპარაკოთ, ფალავნებიც ძლიერად ჰყავთ მომზადებული - ილეთებსაც აკეთებენ, ტაქტიკურად სწორად ჭიდაობენ და ფიზიკურადაც მშვენივრად არიან მომზადებულნი.
კარგი იქნება, სპორტსმენებს (არა მხოლოდ ჭიდაობაში) საქართველოს ჩემპიონატის წინაც თუ შეამოწმებენ - მაშინ ზემოხსენებულ მაქინაციას თავიდან ავირიდებთ.
ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა - უცხოეთში თუ შედეგი არ გააკეთეს და დოპინგის შიშით შეგნებულად წააგეს, რაღა აზრი აქვს საქართველოს პირველობის მოგებასო... როგორც ამბობენ, ამით საქართველოს ჩემპიონობისთვის განკუთვნილ ხელფასს ინაღდებენ... არადა, ეს თანხა სულ რაღაც 500 ლარია და ღირს კი ამისთვის კარიერის გაწირვა?
ყოფნა-არყოფნის დილემა
ზოგადად, ბაქოში საჭიდაო სამყარომ ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება: ჩაწყობა, შეხვედრების ყიდვა-გაყიდვა, მსაჯთა არაობიექტურობა, ფეარ-პლეის და ყოველგვარი ზნეობრივი პრინციპების ფეხქვეშ გათელვა - ეს ყველაფერი ჭიდაობისთვის დღესაც თანამდევია. ძაღლის კუდი არ სწორდება და მხოლოდ რაფაელ მარტინეტის შეცვლა საქმეს ნამდვილად არ შველის. ჩვენთვის ძალიან ცუდია, ჭიდაობას ოლიმპიადის პროგრამიდან თუ ამოიღებენ, მაგრამ სოკ-ში, ოლიმპიურ მოძრაობაში ასეთი გასვრილი სახეობის ადგილი არაა. თუმცა კიდევ უფრო ცუდია, რომ ამ ვაჭრობაში ჩვენებიც აღმოჩნდნენ გარეულნი.
ჩემ მიერ დასახელებული პრობლემების შესახებ საქმის კურსშია ოლიმპიური კომიტეტი. იმედია, სპორტის სამინისტრომაც იცის ამის შესახებ და ორივე ერთად ზომებსაც მიიღებს, თორემ "სპორტული ტურიზმი" კიდევ დიდხანს გვექნება გარანტირებული.
ლიცენზიებიც გაგვიჭირდება
ბაქოში ნანახით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მედლების მომპოვებელი სახეობების გეოგრაფია თანდათან მცირდება. თუმცა მედლები კი არა, რიოს ოლიმპიადისთვის ლიცენზიების მოპოვებაც არ გაგვიჭირდეს თუნდაც წინა თამაშებთან შედარებით. ბაქოში ქართული სპორტის მთელი სპექტრი იყო წარმოდგენილი, რასაც რიოსთვის მხოლოდ ძალოსნობა თუ დაემატება, არცთუ კარგი რეალობა ვიხილეთ. ძალოსნობას ნამდვილად აქვს პერსპექტივა; ვთქვათ და კრივშიც ნუ გამოვრიცხავთ "გასროლას", ოღონდ აქ დიდწილად მაინც გამართლებაზე ვართ დამოკიდებული, მეტ ოპტიმისტურს კი ვერაფერს გეტყვით;
ტანვარჯიშში სალომე ფაჟავა უდავოდ ძალზე ნიჭიერი სპორტსმენია, მაგრამ ოლიმპიადაზე მსაჯთა გულის მოგება ბევრად ძნელი იქნება;
ფოტოზე: სალომე ფაჟავა
ფარიკაობაში სანდრო ბაზაძეს ის უგუნური დისკვალიფიკაცია რომ არ მიეღო, იქნებ ბაქოში კი მოეპოვებინა შედეგი, ოღონდ საოლიმპიადოდ ეს დიდი ოპტიმიზმის იმედი ვერ იქნებოდა.
აბა, სხვა რომელი სახეობებიდან ველოდებით მედლებს? ისიც საკითხავია - დაფინანსების გაზრდის მერე რატომ უარესდება შედეგები?
ახალგაზრდების პერსპექტივა
ბაქოში ძიუდოისტების, თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა და მხატვრული ტანვარჯიშის გარდა, კარგი რაც გამოჩნდა, ეს მშვილდოსნობასა და ტყვიის სროლაში არსებული ახალგაზრდა თაობა და დამაიმედებელი პერსპექტივაა. ტყვიის სროლაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს 15 წლის ლიზი კილაძემ და ნინო სალუქვაძის შვილმა, 17 წლის ცოტნე მაჭავარიანმა, რომლებიც სულ რამდენიმე ქულით ჩამორჩნენ ფინალურ ოქტეტს. კილაძემ 379 ქულით დამატებითი მაჩვენებლით სალუქვაძესაც კი გაუსწრო, თუმცა ეს შედეგი 5 ქულით ნაკლებია მის პირად რეკორდზე, მაჭავარიანმა კი, პირიქით, გააუმჯობესა თავისი მიღწევა და ის 574-მდე გაზარდა, რაც ახალგაზრდებში ქვეყნის რეკორდია.
არადა, ახალ თაობაში კიდევ ბევრია კარგი მონაცემების მქონე. თუნდაც ბიჭების წლევანდელი გამოსვლა გავიხსენოთ, როცა მარტში ახალგაზრდების ევროპირველობაზე გუნდურში ბრინჯაო მოიპოვეს.
ფაქტია, მათზე ფულის დახარჯვა ღირს, როგორც მშვილდოსნებზე, სადაც ქალებისგან ველოდით წარმატებას, მაგრამ ლაშა ფხაკაძემ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა და დაამტკიცა, რომ ბევრის მიღწევა შეუძლია. ჯერ მას გამოცდილება აკლია, თუმცა 21 წლისაა და ეს არც გაემტყუნება.
ფოტოზე: ლაშა ფხაკაძე
აი, ქალთა ნაკრებს უფრო სტაბილურობა აკლია და მათი მთავარი მიზანი ამ კომპონენტის ამაღლება უნდა იყოს, რათა ძლიერ მეტოქეებთან მოგებას უფრო სუსტებთან წაგება არ მიაყოლონ, კარგი სერიის შემდეგ არ ჰქონდეთ ჩავარდნა.
ფაქტია - ევროპის მასშტაბით მათაც შეუძლიათ მედლის მოპოვება. მათი ბოლოდროინდელი შედეგები პირობების ცოტათი გაუმჯობესებამ მოიტანა და, იმედია, დაფინანსება არ შეუმცირდებათ. თან, აუცილებელია მასობრიობის გაზრდაც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"