თბილისი 2015. ჩოგბურთელი ანა მაქაცარია მეორე წრეში გავიდა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა მაქაცარიამ "თბილისი 2015"-ის ევროპის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ შეჯიბრებაში პირველი წრე გადალახა.

პირველ წრეში მაქაცარიამ აზერბაიჯანელი ფიდანა ხალიზადე ორ სეტში დიდი უპირატესობით, 6:3 6:0 დაამარცხა.

პირველ სეტში ქართველმა აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგეს მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო. მეორე სეტში მაქაცარიას უპირატესობა კიდევ უფრო დიდი გახდა, რაც მეტოქის მშრალი ანგარიშით დამარცხებაში აისახა.

მეორე წრეში ანა მაქაცარია ესტონელ მაილენ ნუუდისა და ბულგარელ გერგანა ტოპოლოვას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

"ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით. კიდევ უფრო მოტივირებული ვარ შემდეგი მატჩისთვის. ვის შევხვდები, ცოტა ხანში
გახდება ცნობილი", - განაცხადა ანა მაქაცარიამ.

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ოყო. პირველი დღეა და ქართველმა უკვე შესანიშნავი თამაში აჩვენა და მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ველოდებით დანარჩენი ქართველების შედეგებს", - განაცხადა ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა.

დღეს მთავარ კორტზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი აზერბაიჯანელმა რასულ გოჯაევმა და მოლდოველმა ვასილე დონტუმ გახსნეს. მოლდოველმა აზერბაიჯანელი 2 სეტში დიდი სხვაობით, 6:2 6:0 დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა.

მეორე წრეში მოლდოველი ჩოგბურთელი პოლონელ რაფალ მიხალსკის შეხვდება, რომელმაც ისლანდიელი დანიელ ბიატურ სიდალი დიდი უპირატესობით 6:1 6:1 დაამარცხა.

მთავარი კორტის პარალელურად, თამაშები კიდევ რვა კორტზე მიმდინარეობს. მესამე კორტზე იტალიელმა რიკარდო პერინიმ ბელორუსი მაქსიმ ვერბოვენი ანგარიშით 6:3 6:3 დაამარცხა. მეხუთე კორტზე ესტონელმა ერიკ პარტსმა სომეხ დავით ნაზარეტიანს ანგარიშით 6:3 6:0 სძლია. მეექვსე კორტზე თურქმა მუსტაფა ერდოღანმა ლიხტენშტეინელი ერიკ დეკლან პეპარდი აშკარა უპირატესობით - 6:1 6:1 დაამარცხა. მერვე კორტზე კი ჩეხი ტომას მაჩაკისა და ესპანელი ალეხანდრო ვედრი-კასტეიანოს შეხვედრა ესპანელის გამარჯვებით - 6:3 6:4 დასრულდა.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

წყარო: tbilisi2015.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული