თბილისმა წარმატებით უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და სტუმრებისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ოლიმპიური სოფელი იყო თუ უშუალოდ ბაზებზე საშეჯიბრებო ატმოსფერო, ყველაფერმა სერიოზული ექსცესების გარეშე ჩაიარა.
ყოველ შემთხვევაში, თავად სპორტული შეჯიბრებების მიმდინარეობა საგრძნობლად არაფერს შეუფერხებია, რაც ფესტივალს ჩაშლამდე მიიყვანდა და აქა-იქ "გრუზინული" მენტალიტეტი კი გამოვავლინეთ. თუმცა კიდევ ვიმეორებ - ამით ფესტივალს საფრთხე არ დამუქრებია, სტუმრები კი კმაყოფილები წავიდნენ.
კმაყოფილნი დავრჩით მასპინძლებიც, რადგან ქართულმა დელეგაციამ 10 მედლით და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-10 ადგილით დაასრულა
ერთი ბრინჯაო ტანმოვარჯიშეებმა შემატეს საერთო მონაგარს, დანარჩენი ორი მედალი კი ისევ ძიუდოისტების მონაგარია. ისევ ძიუდოისტების, რადგან ამ 10-დან 9 ჯილდო სწორედ მათ მოიპოვეს. თუმცა ადრინდელისგან განსხვავებით, როცა ძიუდოშიც მხოლოდ ვაჟებით გავდიოდით ფონს, ამჯერად გოგონებმა 3 მედალი მოგვიტანეს და თან რა ხარისხის - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო!
ბოლო დღეებში ჩვენი ძიუდოისტებიდან ჩემპიონი ონისე სანებლიძე (90) გახდა, ბრინჯაო კი გელა ზაალიშვილმა (+90) მოიპოვა. მანამდე ოქროს მედლებს რობინზონ ბეგლარაშვილი (60), მზია ბებოშვილი (52) და ეთერ ლიპარტელიანი (57) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი - ნატალია ყიფშიძე (48), ზურაბ კახნიაშვილი (50), თემურ ნოზაძე (55) და ბაგრატ ნინიაშვილი (66).
ტანმოვარჯიშეებიდან მესამეპრიზიორი დმიტრი გოვოროვი გახდა ბჯენით ხტომებში.
ამით საქართველოს დელეგაციამ გაიმეორა 2003 წელს ესპანურ მურსიაში მიღწეული შედეგი - მაშინაც 4 ოქრო და მაშინაც მე-10 ადგილი.
* * *
ქართულ დელეგაციას ბოლო ოქროს მედალი ონისე სანებლიძემ მოუტანა, თუმცა გვარიანი ხმაურის ფონზე - მის გამარჯვებას ფინალში რუს ალიუმეკ ტუმაევთან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამ შეხვედრაში მსაჯმა თავიდან სანებლიძეს მოუხსნა ორჯერ ვაზარი, მერე კი ერთხელ რუსსაც გაუუქმა. სანებლიძის იმ გდებებიდან მეორე ნამდვილად იმსახურებდა ვაზარიზე შეფასებას, თუმცა რატომ გააუქმებინეს არბიტრს, ვერ გეტყვით...
გდება ტუმაევმაც გააკეთა, ოღონდ ვარდნისას ფეხში ხელითაც სწვდა ჩვენებურს და მისთვის საბედისწერო სწორედ ეს გახდა. ამ დარღვევისთვის ის მოსახსნელი იყო, მაგრამ მსაჯებმა დაინდეს და მხოლოდ ქულა გაუუქმეს.
ქართველების რეაქცია სანებლიძის გაუქმებულ ილეთებზე გასაგებია, მაგრამ რუსის ამ ეპიზოდზე უცხოელებმაც ატეხეს გნიასი. განსაკუთრებით - ბულგარელებმა, თუმცა მათ არც ხელით შესვლა გახსენებიათ და არც სანებლიძის მოხსნილი ქულები. არადა, მოგვიანებით სანებლიძემ ტუმაევს ისეთი ჩაუტარა, ნეტავ, დაეტოვებინათ ის ვაზარი და სალაპარაკოც არაფერი იქნებოდა...
რუსი ამოსმულს ცდილობდა, მაგრამ ტრაექტორია ვერ გათვალა და ფეხი ქართველის ნაცვლად ჰაერში ამოუსვა, რამაც კონტროლიც დააკარგვინა და ორივე ჩავლებიდან მყარად ჩაბღუჯულმა სანებლიძემ პირდაპირ ბეჭებით დააგდო ტატამზე...
ამის შემდეგაც მოხდა რამდენიმე საგულისხმო ეპიზოდი, რომელთა ნაწილიც მაყურებელმა ვერ იხილა: ჯერ იყო და სანებლიძემ წამოსაყენებლად ხელი გაუწოდა ტუმაევს, თუმცა გაოგნებული მეტოქე არ ჩქარობდა წამოდგომას. ცოტა ხანში ჩვენებურმა მას ხელებით იავნანას კომპოზიცია წარმოუდგინა და ჩვილის დარწევის მსგავსი მოძრაობა გაუკეთა - ზუსტად იმგვარი, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიელმა ბებეტომ რომ მიუძღვნა ახალშეძენილ შვილს.
ამაზე მოგვიანებით დერეფანში გასულს მწვრთნელმა მინდია ბოდაველმა შენიშვნა მისცა, მერე კი ტუმაევთან მიიყვანა და სპორტსმენები შეარიგა. მათ ტატამზეც ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს, მაგრამ ეს უფრო პროტოკოლის დაცვა იყო, ნამდვილი შერიგება კი გასახდელისკენ მიმავალ დერეფანში შედგა, სადაც კიდეც გადაკოცნეს ერთმანეთი და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
სანებლიძე ამ თაობაში ერთ-ერთი გამორჩეული ფალავანია და საერთაშორისო ტურნირებშიც კარგად გამოუჩენია თავი. მან ახლაც გაამართლა ფავორიტის იმიჯი, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეები ჰყავდა. მაგალითად - უკრაინელი ალექსეი ბაბენკო ნახევარფინალში, რომელიც იპონზე დააგდო. მანამდე ქვეჯგუფში სერბ სტეფან მიჩიჩსაც სუფთად მოუგო, პოლონელ ერიკ რიციაკს კი იუკოთი აჯობა.
ოქროს მედლის კანდიდატად განიხილებოდა ზაალიშვილიც და ნახევარფინალშიც გავიდა, მაგრამ იქ ცოტა იჩქარა ავსტრიელთა მომავალ ჩემპიონ სტეფან ჰეგისთან და შებოჭვაზე მოჰყვა. იქნებ ამაში ავბედითი როლი იმანაც შეასრულა, რომ ჰეგის ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე მოუგო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში.
ჩვენებურმა ახლანდელი წაგება ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ გადაიტანა, რადგან ჩემპიონობაზე ოცნებობდა და ძალიან სურდა საკუთარი ქომაგის წინაშე გამარჯვება. ეტყობა, ამან გადაღალა და წაგებაშიც დიდი როლი ითამაშა.
კიდევ კარგი, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში შეძლო მობილიზება აზერბაიჯანელ რუსტამ კოცოევთან. როგორც ამბობენ, ეს კოცოევი აზერბაიჯანელთა ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ზელიმხან კოცოევის ძმაა, რომელიც შარშან უკრაინის სახელით გახდა ევროპის ჩემპიონი, წლეულს კი იგივე ტიტული უკვე აზერბაიჯანიდან მოიპოვა. ეს კოცოევი ფიზიკურადაც მაღალია და როგორც ამბობენ, ასაკიც გვარიანად აქვს დაკლებული - 3-4 წლითო.
თუმცა ზაალიშვილისთვის ამას ხელი არ შეუშლია და სწორი ტაქტიკით საწადელსაც მიაღწია - მოღალა მეტოქე, ფიზიკურად გატეხა და 2 იუკოც მიითვალა.
ქვეჯგუფში ზაალიშვილმა ესპანელი დავიდ დაპარტე სანდსტრიომი და სლოვენიელი ენეი მარინიჩი დააიპონა, ბელორუსი იაჰორ კუხარენკა კი იუკოთი ჩამოიშორა გზიდან.
პარასკევი ერთადერთი დღე აღმოჩნდა ამ ფესტივალის ძიუდოისტთა ტურნირზე, როცა ჩვენები უმედლოდ დარჩნენ. იმ დღეს ორი ჩვენებური ჭიდაობდა - გოგა ქევხიშვილი (81) და ნათია მიქაბერიძე (63). ბიჭების ნაკრების სხვა წევრების მსგავსად, გადაღლა ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ ქევხიშვილსაც ეტყობოდა და პირველივე შეხვედრაში წააგო პოლონელ მიხალ იასკევიჩთან.
ბათუმელი ნათია მიქაბერიძე ტურნირში ჩინებულად ჩაება - პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ნარგიზ ჰაჯიევას ოთხი ილეთი გაუკეთა და ოთხივე სხვადასხვა! შესაშური ტექნიკა, შესაშური სისწრაფე, აზროვნება, ტაქტიკა - ეს ყველაფერი იყო მის ჭიდაობაში. ის ჰოლანდიელთა მომავალ მესამეპრიზიორ სანეე ვერმეერთანაც ვაზარს იგებდა, მაგრამ სიჩქარემ დააზარალა - მეტოქემ შებოჭვაზე დაიჭირა.
სამწუხაროდ, მიქაბერიძე ვერც სანუგეშოში გახდა რამეს შვედ იდა ერიქსონთან და გავარდა. არადა, ორივე წაგება მძიმედ გადაიტანა.
კომენტარები
ონისე სანებლიძე: "მიხარია, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიე. ამ ტურნირისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავე და სასიამოვნოა, შრომა რომ დამიფასდა. ტუმაევთან წაგებული მქონდა ტიუმენში. თან რუსებთან შეხვედრა ჩვენთვის ცოტა მეტია. ამიტომ ორმაგი ჟინით ვჭიდაობდი და დავამარცხე კიდეც. გელა ზაალიშვილი: "ყველა მეტოქე ძლიერი იყო და ამ ტურნირისთვის - კარგად მომზადებული. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ბრინჯაოს მოპოვების მიუხედავად, რადგან ჩემი ოცნება იყო, ამ ფესტივალზე საქართველოსთვის ოქრო მომეპოვებინა. თუმცა არა უშავს - ჩემი კარიერა გრძელდება და ამას დიდ ოლიმპიადაზე გავაკეთებ. ავსტრიელთან უფრო ემოციით წავაგე - გაფრთხილებით რომ დაწინაურდა, დავიბენი და სიჩქარის გამო შეცდომა დავუშვი... კოცოევს იოლად კი მოვუგე, მაგრამ განწყობაზე რომ ვყოფილიყავი, კიდევ უფრო იოლად ვაჯობებდი".
ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ, ამჯერად გუნდი ნორმალურად გამოვიდა, თუმცა პოტენციალი მეტი აქვს, რასაც მომავალში სრულად გამოიყენებს. დღეს ზაალიშვილსაც შეეძლო ფინალში გასვლა, მაგრამ ზედმეტი ემოციებით გადაიტვირთა. შემდგომში უფრო მეტად უნდა გავაანალიზოთ შეცდომები და შესაძლებლობები მეტად გამოვიყენოთ.
წლევანდელი კალენდარი ძალიან რთულია. ეს ფესტივალი ჩვენთან ტარდება და მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა წარმატებით გამოსვლისთვის. თუმცა ორიოდ დღეში მსოფლიოს ჩემპიონატია და ძალები იმისთვისაც უნდა გადავანაწილოთ, რათა ბიჭები ფორმაში იყვნენ.
იყო პატარა ხარვეზები, რამაც ხელი შეგვიშალა მომზადებაში, მაგალითად - სასკოლო გამოცდები, თუმცა წაგებებს მოუმზადებლობას ვერ დავაბრალებ - ცოტა მეტი მობილიზება სჭირდებოდათ. ამ ბიჭებს რომ ვხედავ, ყოველთვის უფრო მეტს ვგეგმავ, ვიდრე აქ მიაღწიეს. სამი ოქრო მაინც უნდა მოგვეპოვებინა.
მინდია ბოდაველი: (ძიუდო, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ალბათ, მედლების რაოდენობიდან გამომდინარე, გამოსვლა დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა მეტიც შეგვეძლო, მაგალითად, 50, 55, 73, 81 კილოგრამებში. ახლა მათ ისეთებთან წააგეს, რომლებსაც უცხოეთში აუცილებლად მოუგებდნენ.
სამწუხაროდ, ბიჭებს აქ დიდი წნეხი ჰქონდათ - ეს ტელეფონზე დარეკვები, ეს ყოველდღიური ყურადღება, აბა, თქვენ იცით, აბა, ჩემპიონობაო და ამგვარები. იძულებულნი გავხდით და მერე ტელეფონები საერთოდ ჩამოვართვით. რამდენიმემ თავისი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ აჩვენა.
ახლა მსოფლიოზე მივდივართ. დუდაშვილს რთული ტრავმა აქვს, თუმცა შედარებით გაუარა. ბეგლარაშვილსაც აქვს ტრავმები და პატარ-პატარა პრობლემები სხვებსაც აწუხებთ, თუმცა იქ ეს წნეხი აღარ ექნებათ და ბევრად თავისუფლად იჭიდავებენ".
დავით ქევხიშვილი (საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი): "ჩვენი ორივე გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ვარ, თუ არ ჩავთვლით ბიჭებში 73 და 81 კილოგრამებს, სადაც ფსიქოლოგიური მომენტი იყო პრობლემა. ჭიდაობის ხარისხიც კარგი იყო, მცირე ხარვეზების გარდა. მთავარია, რომ აჩვენეს ბრძოლის ჟინი, დანარჩენი კი დაიხვეწება.
ჭაბუკთა უმცროსი ასაკის დაფინანსების პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. გუშინ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს წერილიც გავუგზავნე, რათა დააფინანსონ ეს ნაკრები, მწვრთნელებს კი შეუნარჩუნდეთ ხელფასი. ეს აუცილებელია, რადგან იმ პროგრამის დიდი დამსახურებაა ახლანდელი წარმატება".
ნიკოლოზ ილიადისი (ძიუდო; საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ფესტივალის ორგანიზაცია უმაღლესი დონისაა. მე ვესწრებოდი ოთხ ასეთ ფესტივალს, ეს კი ყველაზე უკეთესია ყველანაირ ასპექტში. მიხარია, რომ ქართველმა ხალხმა ეს შეძლო. საქართველო ჩემი სამშობლოა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ამიტომ მახარებს ამ ფესტივალის წარმატება. მომსახურე პერსონალის დამოკიდებულება გასაოცარია. თუ რამე შეკითხვაა, თან გადაგყვებიან, ბოლომდე მიგყვებიან და გაჩვენებენ. ისე კი არაა, მიგითითონ და გითხრან, მიდი და ნახეო.
ჩემი ნაკრებით არა ვარ კმაყოფილი. ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე ორი მედალი მოვიპოვეთ, აქ - მხოლოდ ერთი, თუმცა ყოველთვის ერთ დონეზე ვერ იქნები მომზადებული. ვეცდებით, ვითარება მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვასწოროთ.
საქართველოს ნაკრების ბიჭებისგან კარგ ჭიდაობას ველოდით და მათ ასპარეზობაში სიურპრიზი არაფერი ყოფილა. პირიქით - შეიძლება უკეთაც უნდა ეჭიდავათ, გოგოების გამოსვლა კი მართლაც სიურპრიზია. 2 ოქრო და 1 ბრინჯაო დიდი წარმატებაა, რაც სერიოზული ბიძგი იქნება ქართველი გოგოებისთვის. ვფიქრობ, კარგი ხელშეწყობის პირობებში, 2-3 წელიწადში ქართველ ქალებს წინ ვერავინ დაუდგება".
კიარა ლისონი (იტალია, ძიუდო): "საქართველო ძალიან მომეწონა, მართლა ლამაზი ქვეყანაა. ოლიმპიური სოფელიც ლამაზია და კარგი, ტურნირზე კი ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან ავად ვიყავი და კარგად ვერ ვიასპარეზე. ფესტივალიდან ყველაზე მეტად თქვენი ხალხი დამამახსოვრდა თავისი გულთბილი ხასიათის გამო".
გილი შარირი (ისრაელი, ძიუდო): "ფესტივალი ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით - ქალაქის მორთულობა, ყველგან რომ იყო ამ ფესტივალის აღმნიშვნელი წარწერები და ბანერები. ორგანიზებაც მაღალ დონეზეა, ყველაფერი კარგად ტარდება და ოლიმპიური სოფელიც მშვენიერია.
ჩემი გამოსვლითაც კმაყოფილი ვარ, რადგან მეხუთე ადგილზე გავედი. ცოტა კი ცხელა, მაგრამ აქ იმდენად მომეწონა ყველაფერი, მომავალშიც დიდი სიამოვნებით ჩამოვალ თქვენს ქვეყანაში, ამის საშუალება თუ მომეცემა".
თბილისის 2015. კვარცხლბეკი
ბიჭები
81 კგ
1. მურად კურბანისმაილოვი (რუსეთი)
2. მიროსლავ კოპისი (სლოვაკეთი)
3. იან რაიხნტენხსი (ჰოლანდია), აპორ ტოტი (უნგრეთი).
90 კგ
1. ონისე სანებლიძე (საქართველო)
2. ალიუმეკ ტუმაევი (რუსეთი)
3. ალექსეი ბაბენკო (უკრაინა), სიმეონ კატარინა (ჰოლანდია).
+90 კგ
1. სტეფან ჰეგი (ავსტრია)
2. ვლადისლავ ბერეჟკა (უკრაინა)
3. გელა ზაალიშვილი (საქართველო), იაჰორ კუხარენკა (უკრაინა).
გოგონები
63 კგ
1. იოვანა ობრადოვიჩი (სერბეთი)
2. ირინა ხრიაჩევსკა (უკრაინა)
3. ლარა კლიბა (ხორვატია), სანე ვერმეერი (ჰოლანდია).
70 კგ
1. ალისე ბელანდი (იტალია)
2. იოანა პეკოვიჩი (ჩერნოგორია)
3. პეტრა ოპრესნიკი (სლოვენია), კარლა პროდანი (ხორვატია).
+70 კგ
1. ანალიზა კალაგრეტი (იტალია)
2. რაზ ჰერშკო (ისრაელი)
3. მარკეტა პაულუსვა (ჩეხეთი), მერსედეს ჟიგეტვარი (უნგრეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"