ლერი ხაბელოვი: რიო დე ჟანეიროში ლონდონზე უკეთესად უნდა გამოვიდეთ

AutoSharing Option
ზაფხულის რიგით 31-ე ოლიმპიადა კარს მოგვადგა - იგი რიო დე ჟანეიროში 5-21 აგვისტოს ჩატარდება და თამაშებისთვის მზადებაც გადამწყვეტ ფაზაში შედის.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ჯერჯერობით 14 სახელობით ლიცენზიას ითვლის, რაც არ არის სახარბიელო შედეგი, რადგან ამ ეტაპისთვის ცოტა მეტი იგეგმებოდა, თუმცა სალიცენზიო მარათონი მაისამდე გრძელდება და იმედია, დარჩენილ დროში წინა თამაშების 35-კაციან მაჩვენებელს თუ არ გადავაჭარბებთ, არც ჩამოვრჩებით. მით უმეტეს, რეიტინგის მიხედვით, ჩვენს ხუთ ძიუდოისტს ასევე გარანტირებული აქვს ოლიმპიადის საგზური.

რა გაკეთდა დღემდე და რა იგეგმება საოლიმპიადოდ, ამაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური
კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი გვესაუბრება.

- როგორ ემზადება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის, რას გეგმავთ თამაშებამდე დარჩენილ პერიოდში?
- ბუნებრივია, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობის მთავარი საზრუნავი იყო და არის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული გამოსვლა.

კარგად გვესმის, რომ არა მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტის, არამედ ყველა სპორტული უწყებისა და ორგანიზაციის ოთხწლიანი ნამოღვაწარი, უპირველესად, სწორედ ბრაზილიაში ნაჩვენები შედეგებით შეფასდება. ნაკრები გუნდების მომზადებასა და შედეგზე პასუხისმგებლობა ძირითადად სპორტის ოლიმპიური სახეობების ფედერაციებს და ნაკრებთა მწვრთნელებს ეკისრებათ, ჩვენ კი, მთავრობის თანადგომით, სპორტის სამინისტროსთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ წარმატების მოსაპოვებლად საუკეთესო პირობები შევუქმნათ.

ჩვენი მიდგომა ასეთია: მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპორტულ ფედერაციებს და ნაკრებ გუნდებს, ამავე დროს - მათგანაც მოვითხოვოთ მაქსიმუმი.

დაფინანსება ძირითადად ოლიმპიური პროგრამებით ხორციელდება. კომიტეტის სათავეში მოსვლისთანავე მოვახერხეთ, რომ ბიუჯეტში გაჩნდა ცალკე მუხლი და გამოიყოფა თანხები. ახალი ოლიმპიური ციკლის პირველივე წლიდან - 2013-დან ვამზადებთ სპორტსმენებს. გავაანალიზეთ რეალური ვითარება, გამოიკვეთა პრობლემები, შედგა მოკლე და გრძელვადიანი გეგმები მთელი ოლიმპიური ციკლისთვის, რათა უდანაკარგოდ გაგვევლო მზადების თითოეული ეტაპი. ამ მიზნის მისაღწევად საქმეში ჩავრთეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა აღმოფხვრილიყო ადრინდელი პრობლემები, როცა სპორტსმენებს არ ჰქონდათ შეკრებებსა და შეჯიბრებებზე წასვლის საშუალება. ეს პრობლემები მოგვარებულია, ასე რომ, ბიუჯეტში ჩადებულ 90 მილიონ ლარს სათანადო ეფექტი მოჰყვა. სამი წლის განმავლობაში სპორტის ბიუჯეტის 30-მილიონიანი ზრდა იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია სპორტის განვითარებით.

გუნდების დაფინანსების კუთხით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. თუ დავინახეთ, რომ კონკრეტულ სპორტსმენს ლიცენზიის მოპოვების მცირე შანსი მაინც აქვს, მას ვაფინანსებთ. მაგალითად, როგორც კი ჩოგბურთის ფედერაციამ ნიკოლოზ ბასილაშვილის დახმარების თხოვნით მოგვმართა, მაშინვე დავიწყეთ მისი დაფინანსება. ის რეიტინგში 117-ეა, საგზურის მოსაპოვებლად კი ასეულში მოხვედრაა საჭირო. ვიმედოვნებთ, ის მოიპოვებს ლიცენზიას.

ასევე ვეხმარებით სხვა სახეობებსაც. მაგალითად, ფარიკაობაში სანდრო ბაზაძეს ვაფინანსებთ, მას შარშანაც დავეხმარეთ - შეკრებაც მოვუწყვეთ და ტურნირებზეც გავუშვით. წლეულსაც ასე იქნება ბოლო სალიცენზიო შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად. ზოგ სპორტსმენს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ამისთვისაც მზად ვართ. ასევე მზად ვართ, ნებისმიერ დროს დამატებით დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენთვის წამყვან სახეობებს - ძიუდოს, თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, ძალოსნობას თუ სხვას...

- დაახლოებით რამდენი ლიცენზიის მოპოვების გეიმედებათ, ვაჯობებთ წინა ოლიმპიადას?
- დეკემბერში, როცა სესია ჩავატარეთ, მაშინაც ვთქვით, რომ იმ პერიოდში წინა თამაშებთან შედარებით უფრო მეტი ლიცენზია გვქონდა. ეს გვაძლევს საიმისო იმედს, რომ ბრაზილიაში, ალბათ, 30-35 სპორტსმენი გვეყოლება, ანუ დაახლოებით იმდენივე, რამდენიც ლონდონში. შეიძლება ცოტა მეტიც იყოს ან - პირიქით, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ძირითადი ბირთვი უკვე გამოკვეთილია.

ასევე ცნობილია სპორტის ის სახეობები, რომლებშიც შეიძლება წარმატების პრეტენზია გვქონდეს - ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, რომელთაც ძალოსნობაც დაემატა - ძალიან მნიშვნელოვანია ლაშა ტალახაძის გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე. გასახარი იყო მშვილდოსანთა გამოსვლა - ქალთა ნაკრებმა გუნდური საგზური მოიპოვა და რიოში სამივე იასპარეზებს. ორი სპორტსმენი გვეყოლება ტანვარჯიშის სახეობებში.

ლიცენზიების მოსაპოვებლად მუშაობა ისევ გრძელდება. ველოდებით მძლეოსნობისგან, სადაც ერთი საგზური უკვე გვაქვს. გვეიმედება ცურვა, კრივი და კიდევ რამდენიმე სახეობა.

- იმ სახეობების წამოსაწევად, დასახმარებლად თუ იგეგმება რაიმე დამატებითი ღონისძიებები, რომლებშიც მოულოდნელი ჩავარდნა გვქონდა?
- თქვენ, ალბათ, უპირველესად, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას გულისხმობთ, სადაც ჯერ არც ერთი ლიცენზია არ გვაქვს. ეს ძალიან გასაკვირი და დამაფიქრებელია. იმედია, ამ სახეობაში სამ ლიცენზიას მაინც მოვიპოვებთ, ჩვენ საამისოდ ყველანაირად ვეხმარებით.

- გარკვეული სიძნელეების მიუხედავად, ქართულ სპორტში წინსვლაც შეინიშნება, - საგრძნობი პროგრესია ძალოსნობაში, კრივში, მშვილდოსნობაში, სხვა სახეობებში ახალგაზრდებშიც გვაქვს სერიოზული წარმატებები, ანუ წარმატებულ სახეობათა ოდენობა იზრდება...
- ეს იმიტომ, რომ სპორტს მეტი ყურადღება ეთმობა. სამაგალითოდ თუნდაც თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი გავიხსენოთ - სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობდა მის სამზადისში და შეგვემატა კიდეც კარგი ბაზები, ამას კი, ცხადია, შედეგიც მოსდევს. ყველა სახეობას სჭირდება პოპულარობა და აქტივობა, ეს კი აჩენს მოტივაციას - მეტი ბავშვი ინტერესდება ამ სახეობებით.

რაც თბილისში გაკეთდა, რაიონებშიც უნდა გაკეთდეს, იქაც უნდა აშენდეს ბაზები, რაც უკვე დაგეგმილია. ვფიქრობ, ეროვნული გუნდები შევსებას ძირითადად რაიონებიდან უნდა იღებდნენ.

- თუმცა ფედერაციებში თანამედროვე ყაიდის მართვა, მენეჯმენტი მაინც დიდი პრობლემაა, ისევე, როგორც მსაჯთა და მწვრთნელთა გადამზადება. ამ კუთხით თუ იგეგმება მუშაობა?
- გეთანხმებით, ეს მართლაც დიდი პრობლემაა. ჩვენს სპორტში დაახლოებით 4 200 მწვრთნელ-მასწავლებელია დასაქმებული, აქედან ნახევარს კი არ აქვს სპეციალური განათლება. სკოლებში, ფაქტობრივად, მოშლილია სპორტული მეცადინეობა, არადა, კვირაში, მინიმუმ, 4 საათი მაინც უნდა ეთმობოდეს; ისიც საკითხავია, როგორია მეცადინეობის ხარისხი - ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. სავსებით ცხადია, რომ სპეციალისტებს მომზადება სჭირდებათ. მწვრთნელი უნდა ერკვეოდეს მოზარდთან მუშაობის ელემენტარულ საკითხებში - კვება, წონის კლება, მედიცინა, საერთო განვითარება, უნდა ფლობდეს სპეციალურ ცოდნას, არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ილეთების შესწავლით.

ვიმეორებ - ამას საგანგებო მომზადება სჭირდება, რასაც ემსახურება სპორტის უნივერსიტეტი და კოლეჯი, რომლებიც უკვე ამუშავდა. ეს საშუალებას მოგვცემს, თანდათან, ეტაპობრივად გავზარდოთ ამ დარგის სპეციალისტთა რაოდენობა.

ზოგადად, სპორტს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. უცხოეთის ბევრ ქვეყანაში სპორტის მასწავლებელი ნებისმიერი საგნის მასწავლებელზე ორჯერ მეტ ანაზღაურებას იღებს. ჩვენც უნდა გავზარდოთ სპეციალისტების მოტივაცია. როცა მწვრთნელს ჯანმრთელ ბავშვს ვაბარებთ, სულაც არ გვინდა, არასწორი წვრთნის შედეგად მან რამე დაიზიანოს, პირიქით - უფრო მეტად უნდა გაჯანსაღდეს. სწორედ ამიტომ აღვადგინეთ სპორტის უნივერსიტეტი და კოლეჯი.

მწვრთნელ-სპეციალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სპორტული მენეჯმენტის ხარისხის გასაუმჯობესებლად კი ყოველწლიურად დაახლოებით 4-5 პროგრამას ვაფინანსებთ, რაც ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის თანხებით ხორციელდება. სემინარები უკვე ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში, ტყვიის სროლაში, ძიუდოში. ძალიან საინტერესო პროგრამა ავამოქმედეთ კალათბურთში, რომელსაც 60 000 დოლარით დავეხმარეთ.

ერთი სიტყვით, ვისაც კვალიფიკაციის ამაღლება და უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა სურს, მზად ვართ, დავეხმაროთ. თავად ჩვენ ვთხოვთ ფედერაციებს, რომ შემოიტანონ თავიანთი წინადადებები, რაშიც აუცილებლად დავეხმარებით.

- როგორ მიმდინარეობს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, როგორიცაა დელეგაციის წევრთა შემოსვა, გამგზავრება და ასე შემდეგ?
- ამ საკითხებზე წელიწადზე მეტია, ვმუშაობთ. ერთ თვეში უკვე ჩამოგვივა ოლიმპიური ფორმა, რომელსაც ისევ წამყვანი იაპონური კომპანია "მიზუნო" გვიმზადებს. სააღლუმო ტანსაცმლის თაობაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ქართულ კომპანია "სამოსელი პირველთან". თუ მათ ვერ შეძლეს დაკვეთის შესრულება, მაშინ გამორიცხული არაა, კონკურსი გამოვაცხადოთ და ამ გზით შევარჩიოთ ახალი პარტნიორი. ვნახოთ, ეს საკითხი საბოლოოდ რამდენიმე კვირაში გადაწყდება.

რიოში გამგზავრების რამდენიმე ვარიანტს ვამუშავებდით. საბოლოოდ გადაწყდა, რომ გავემგზავრებით გერმანული "ლუფტჰანზას" რეისებით, მიუნხენის გავლით. ჩვენი დელეგაცია რიოში რამდენიმე ნაკადად გაემგზავრება, რადგან სპორტსმენთა ნაწილი ადრე იწყებს შეჯიბრებას, ზოგიც - გვიან. უკანაც ასე, ნაწილ-ნაწილ გამოემგზავრებიან.

- რიო დე ჟანეიროში "ქართული სახლი" თუ იქნება?
- ბრაზილია ჩვენგან ძალიან შორია, ასე რომ, ჩვენი ოლიმპიური სახლის მოწყობა ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა, თანაც, ბრაზილიასთან არც სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს. თუმცა საქართველოს წარმოსაჩენად გარკვეული აქტივობები იგეგმება, ოღონდ ეს ვერ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორიც სხვა დროს იყო.

- როგორ ვარაუდობთ, დაახლოებით რამდენი კაცი იქნება ოფიციალურ დელეგაციაში?
- დელეგაციის წევრთა რაოდენობა სპორტსმენთა ოდენობაზეა დამოკიდებული. ამასთან, დელეგაციაში შედიან მოწვეული სტუმრები - ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სპორტის მინისტრი. მათ უკვე დავუგზავნეთ მოსაწვევები. დელეგაციაში ასევე შედიან ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი. რაც შეეხება ოლიმპიურ სოფელს, ვფიქრობთ, რომ იქ 70-მდე კაცი გვეყოლება - მისიის ხელმძღვანელობა, სპორტსმენები, მწვრთნელები, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი.

- პროგნოზები იოლი საქმე არ გახლავთ, მაგრამ გაქვთ წინა ოლიმპიადის შედეგის გაუმჯობესების იმედი?
- ჩვენს დევიზს თუ მივყვებით - "უკეთ, ვიდრე ლონდონში" და თან ჩვენი სპორტსმენების შარშანდელ გამოსვლებს გავიხსენებთ, რიო დე ჟანეიროში ლონდონზე უკეთესად უნდა გამოვიდეთ. ცხადია, ამაში იგულისხმება ოქროს ორი მედალი, რასაც სხვა სახეობებში სხვა სინჯის ჯილდოებიც დაემატება.

- წარმატებას რომელი სახეობებისგან ელით?
- უპირველესად, ესაა ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა. ეს ის სახეობებია, სადაც უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება შეგვიძლია, თორემ წარმატება არც სხვა სახეობებშია გამორიცხული.

- დაბოლოს: დოპინგი, რამაც ბოლო წლებში ბევრი დააკარგვინა ქართულ სპორტს. როგორ აპირებთ ამ სენთან ბრძოლას?
- ძალიან ცუდია, რომ მავანნი კიდევ ცდილობენ ასე მუშაობას. დოპინგის მომხმარებლებს "ჭუჭყიან სპორტსმენებს" ვეძახი. არაფრით არ შეიძლება ამის გაკეთება - სპორტსმენი სუფთა უნდა იყოს, არ უნდა მოატყუოს ქომაგი და დადგენილი წესებით უნდა ითამაშოს. ახლა დოპინგზე ძალიან გამახვილებულია ყურადღება, იცით, რომ რუსეთში მთელი ნაკრებები ჩავარდნენ ამაზე.

შარშან, წლის დასაწყისში, ათზე მეტი ჩვენი სპორტსმენი ამხილეს დოპინგის მოხმარებაში, ეს კი საქართველოსთვის დიდი რიცხვია. ოლიმპიურ კომიტეტში საქმიანობის დაწყებისთანავე არაერთხელ შევხვდით მწვრთნელებს, სპორტსმენებს. მათ გარკვევით ვუხსნიდით, რომ ამის გაკეთება უპატიებელია და არ შეიძლება. ამ საქმეში აუცილებელია თქვენი - მედიის ჩართვაც.

კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ყველა - არ მოიხმარონ დოპინგი და არ მოატყუონ საზოგადოება, თორემ უმკაცრესად დაისჯებიან - საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს ახალი კოდექსით, პირველივე შემთხვევაში სპორტსმენს ეძლევა არა 2-წლიანი, არამედ უკვე 4-წლიანი დისკვალიფიკაცია, ანუ ავტომატურად გამოტოვებს ოლიმპიადას. ამიტომ, როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, კვლავაც მოვუწოდებ მწვრთნელებსაც, ექიმებსაც, სპორტსმენებსაც - არ დაუშვან არანაირი შეცდომა, დაიცვან პატიოსანი თამაშის წესები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მარტო მოწოდება არ კმარა ბატონო ლერი. უკვე გაბაზრებულია რო საქართველოს ჩემპიონატებზე ტუპტა დოპინგ კონტროლი ტარდება და არსად არ მიდის ტესტი და არავინ არ ისჯება
რეზო
22:27 11-02-2016
0
მარტო მოწოდება არ კმარა ბატონო ლერი. უკვე გაბაზრებულია რო საქართველოს ჩემპიონატებზე ტუპტა დოპინგ კონტროლი ტარდება და არსად არ მიდის ტესტი და არავინ არ ისჯება
რეზო
22:26 11-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული