ჭიდაობა. ოლიმპიური ნაკრები: მოჭიდავეთა რაზმეულები და გამოსვლის განრიგი

AutoSharing Option
რიოს ოლიმპიადაზე საჭიდაო სახეობებში 11 კაცით ვიქნებით წარმოდგენილნი. "თავისუფალთა" ნაკრები სრული გუნდით, ანუ 6 კაცით გამოვა, "ბერძენ-რომაელებმა" კი მხოლოდ ერთი საგზური დაკარგეს და ბრაზილიაში 5 ფალავნით მიდიან.

"თავისუფალთა" ნაკრებში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ზურაბ იაკობაშვილი (65), იაკობ მაქარაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი (86), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125) შედიან.

ამათგან ოლიმპიადაზე მხოლოდ ხინჩეგაშვილს უასპარეზია, სხვებს კი დებიუტი ექნებათ. რეგიონების მიხედვით, ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი - 2-2 კაცი გორსა და თბილისს ჰყავთ. გორს ამჯერად ხინჩეგაშვილი
და პეტრიაშვილი წარმოადგენენ, თბილისს - მაქარაშვილი და ოდიკაძე. თითო წარმომადგენელი ჰყავთ ყვარელს (იაკობაშვილი) და გარდაბანს (ამინაშვილი).

გორმა ამჯერად ცოტა კიდეც დათმო პოზიციები, თორემ ადრეულ თამაშებზე მეტი მონაწილეც ჰყოლია. თუმცა მთავარი ხომ ხარისხია და ორივე გორელი ამჟამინდელი გუნდის გამოკვეთილი ლიდერია. მეტიც - ორივე ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტია. თუმცა აქ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ამ ექვსეულიდან ორი - ოდიკაძე და პეტრიაშვილი წარმოშობით ოკუპირებული სამაჩაბლოდან არიან, ზნაურის რაიონიდან. უბრალოდ, ისინი მოჭიდავეებად თბილისსა და გორში ჩამოყალიბდნენ.

მდიდარი ტრადიციების მქონე კახეთი ამჯერად მხოლოდ ერთი მონაწილის იმედად დარჩა. აი, კახეთისგან განსხვავებით, ქვემო ქართლის და გარდაბნისთვის კი უდავოდ საამაყოა თუნდაც ერთი ოლიმპიელის ყოლა. ზოგადად, ამ რაიონში ბოლო წლებში რამდენიმე ძლიერი საჭიდაო ცენტრი გაჩნდა ცალკეულ სოფლებში და ასაკობრივ გუნდებში გვარიანი წარმატებებიც მოიპოვეს.

გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი ხინჩეგაშვილია - ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და წინა ოლიმპიადის ფინალისტი. ფაქტობრივად, ის ორ წონაში ჩამოყალიბდა ლიდერად - 57-ში ხომ არავის უთმობს პირველობას, ევროპის წლევანდელ პირველობაზე არაოლიმპიურ 61-ში გამოვიდა და უპრობლემოდ გახდა ჩემპიონი. თან, ძალიან ადვილად მოუგო ბოლო ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მომგებ აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს. ფაქტობრივად, ორ წონაში მას წინ ვერავინ უდგება. რაც მთავარია, წინა ოლიმპიადის შემდეგ თავად მოუმატა საგრძნობლად და ახლა "ჭიდაობის ჭეშმარიტ პროფესორად" ჩამოყალიბდა.

წინასწარი მონაცემებით, მას ოლიმპიადის დაწყებამდე გამოაკლდება ერთი მთავარი კონკურენტი - რუსი ვიქტორ ლებედევი ადრე დოპინგის მიღებაში იყო მხილებული და არაა გამორიცხული, ამ თამაშებიდან მოკვეთონ, თუმცა ეს ამბავი ჯერ არ დადასტურებულა.

"თავისუფალთა" ნაკრები ახალგაზრდულიცაა და ტიტულოვანიც - აქ უტიტულო მხოლოდ იაკობაშვილია, რომელმაც უფროსებში ჯერ ვერ მოასწრო მედლების მოხვეჭა, თორემ ასაკობრივ გუნდებში საკმაოდ წარმატებული იყო.

დანარჩენებიდან პეტრიაშვილი ევროპის წლევანდელი ჩემპიონია, ხოლო შარშან ევროპასა და მსოფლიოზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა; ოდიკაძე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია, ამინაშვილი - ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი, მაქარაშვილი - ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი.

გუნდის ყველაზე ასაკოვანი წევრი 30 წლის მაქარაშვილია, ყველაზე ახალგაზრდა - 22 წლის პეტრიაშვილი.

"თავისუფალთა" შეჯიბრება 19-21 აგვისტოს გაიმართება. 19-ში ხინჩეგაშვილი და მაქარაშვილი იჭიდავებენ, 20-ში - ამინაშვილი და პეტრიაშვილი, ხოლო 21-ში - იაკობაშვილი და ოდიკაძე.

"ბერძენ-რომაელთაგან" რიოს ოლიმპიადაზე შმაგი ბოლქვაძე (66), ზურაბ დათუნაშვილი (75), რობერტ კობლიაშვილი (85), რევაზ ნადარეიშვილი (98) და იაკობ ქაჯაია (130) იჭიდავებენ.

"თავისუფალთაგან" განსხვავებით, ამ გუნდში დასავლეთ საქართველო ფართოდაა წარმოდგენილი და უმეტესობას იქაურები შეადგენენ: ბოლქვაძე ბათუმიდანაა, ნადარეიშვილი - აბაშიდან, ქაჯაია - წყალტუბოდან, დანარჩენები კი თბილისელები არიან. გუნდი ძალიან ტიტულოვანიცაა. მისმა სამმა წევრმა ევროპის წლევანდელ პირველობაზე მოიპოვა მედალი - დათუნაშვილი ჩემპიონი გახდა, კობლიაშვილმა ფინალი წააგო, ბოლქვაძე კი მესამეზე გავიდა. ამასთან, ქაჯაიამ ასევე წლეულს ბრწყინვალედ მოიგო ევროპის 23-წლიანთა პირველობა, ხოლო ნადარეიშვილი ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონია.

სხვათა შორის, თავის დროზე ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი ხუთივე მათგანი ყოფილა. ამათგან ყველაზე უფროსები 25-25 წლის დათუნაშვილი და ნადარეიშვილია, ყველაზე პატარა კი 22 წლის ბოლქვაძეა. ნაკრების ყველაზე ახალბედა წევრებიც ბოლქვაძე და კობლიაშვილი არიან. დათუნაშვილის გარდა, ყველა ოლიმპიადის დებიუტანტია.

გუნდში თავისი ტიტულებით და გამოცდილებით დათუნაშვილი გამოირჩევა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ჩავა ბრაზილიაში, მაგრამ წონაში ორი "გველეშაპი" ჰყავს, ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტები, რუსი მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი რომან ვლასოვი და სომეხი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი არსენ ჯულფალაკიანი. დათუნაშვილს დიდი გმირობა მართებს მათ დასამარცხებლად. მით უფრო, ვლასოვის დისკვალიფიკაციაზე ცნობა არ ვრცელდება.

"ბერძენ-რომაელები" ბრაზილიაში 14-16 აგვისტოს იჭიდავებენ. თავდაპირველად მედლების მოპოვებას დათუნაშვილი ეცდება, ვინც 14-ში ჩვენგან კენტად იასპარეზებს, რადგან 59-ში მონაწილე არ გვყავს. მეორე დღეს კობლიაშვილი და ქაჯაია გამოვლენ, 16-ში კი ბოლქვაძეს და ნადარეიშვილს უნდა ვუქომაგოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა თქვენ იცით ბიჭებოოოო!

https://www.youtube.com/watch?v=ZipSuSL-Yd4


qartveli
10:41 28-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული