რიო 2016. კალათბურთი: "დრიმ თიმი" ჩინეთს ისევ ანადგურებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოკლენდში, "გოლდენ სტეიტის" საშინაო არენაზე აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებმა მორიგი სპარინგი გამართა. მეტოქე ისევ ჩინეთის ნაკრები იყო. აზიის ჩემპიონმა წინა მატჩის მსგავსად, 57 ქულა დააგროვა, ამერიკელებმა კი თავის მონაგარს ერთი ქულა დაუმატეს და თამაში 50 ქულის სხვაობით მოიგეს.

გუშინდელ შეხვედრას დაწყებამდე ჰქონდა ინტრიგა, რადგან "გოლდენ სტეიტის" მოთამაშის რანგში თავის პირველ შეხვედრას ატარებდა ახალ საშინაო არენაზე კევინ დურანტი. ექს-ოკლაჰომელს ფანებმა დიდი ოვაცია გაუმართეს და კარგა ხანი სკანდირებდნენ: KD! KD!

როგორც გახსოვთ, "დრიმ თიმის" წინა ორ შეხვედრაში დურანტი ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდში,
თუმცა, ამჯერად, 13 ქულით შემოიფარგლა. სხვათა შორის, მასპინძელთა პირველი ათი ქულა სწორედ "დურანტულამ" ჩააგდო და 13-ივე ქულა პირველ ტაიმში დააგროვა, რის შემდეგაც ლიდერობა სხვებს გადაულოცა. მაგალითად, დემარკუს კაზინსს, რომელმაც ამ ამხანაგური მატჩების სერიაში მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა - 21 ქულა და 11 მოხსნა. "საკრამენტოს" ცენტრმა თამაშიდან ცხრაჯერ ისროლა და რვა ბურთი მოათავსა კალათში. 20 ქულა დააგროვა კარმელო ენტონიმ, აქედან 14 მესამე მეოთხედზე მოდის.

ბევრს ცდილობდა "გოლდენ სტეიტის" კიდევ ერთი სნაიპერი კლეი ტომპსონი, მაგრამ სროლა არ წაუვიდა - 14-დან ცხრა ტყორცნა ააცილა, მათ შორის, 12-დან რვა აცილებული სამქულიანი იყო, სამაგიეროდ, კლეის თამაშის ორგანიზება გამოუვიდა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.

ამერიკელებმა დაჩაგრეს მეტოქე ფარქვეშ ბრძოლაში: მოხსნების შეფარდება 48-21 (შეტევაში 19-4) იყო. წესით ჩინელები უფრო ნაკლები ანგარიშით წააგებდნენ, საჯარიმოების გამოყენების კატასტროფული პროცენტი რომ არ ჰქონოდათ - 21 თავისუფალი ტყორცნიდან მხოლოდ რვა ჩააგდეს.

მაიკ კრჟიჟევსკის გუნდი შემდეგ შეხვედრას პარასკევს, ჩიკაგოში ვენესუელას წინააღმდეგ ჩაატარებს, ოლიმპიადისთვის მზადებას კი ორშაბათს, ჰიუსტონში ნიგერიასთან მატჩით დაასრულებს, რის შემდეგაც, რიოს თამაშებზე გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მოგება ზედიზედ 66-ე იყო "დრიმ თიმისთვის".

აშშ-ჩინეთი 107:57
31:15, 21:9, 32:15, 23:18
ა: კაზინსი (21+11 ქულა), ენტონი (20), ტომპსონი (15+5 პასი), დურანტი (13), ბარნსი (7), ჯორჯი (6), ჯორდანი (6), ლოური (5), გრინი (4+7 მოხსნა), ბატლერი (4), დეროზანი (4), ირვინგი (2).
ჩ: კი ჟოუ (13), პენ ჟოუ (11), აილუნ გოუ (11+ 6 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული