რიო 2016: სამი საფეხური რუსეთისთვის

AutoSharing Option
რუსეთის ოლიმპიურ გუნდს რიო-დე-ჟანეიროს თამაშებში მონაწილეობისთვის სამსაფეხურიანი ფილტრის გავლა მოუწევს, - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა.

"რუსი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის გადაწყვეტილება სამსაფეხურიანი პროცედურაა, - ამბობს ბახი. - პირველი ეტაპია - საერთაშორისო ფედერაციების ფილტრი, რომლებსაც შეუძლია დაადასტუროს თითოეული ათლეტის საერთაშორისო ტესტები; მეორე ფილტრი არ იძლევა იმ სპორტსმენების გამოსვლის საშუალებას, რომლებსაც ოდესღაც დაურღვევიათ ანტისადოპინგო წესები; დაბოლოს, მესამე ფილტრი - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს აზრს. ჩვენ დღეს მესამე ეტაპზე
ვართ, სადაც აღმასკომმა შექმნა სამკაციანი კომისია".

ამ კომისიაში ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სამი წევრი შეიყვანეს: ხუან-ანტონიო სამარანჩი-უმცროსი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო კომიტეტის ხელმძღვანელი უგურ ერდენერი და ათლეტთა კომისიის თავმჯდომარე კლაუდია ბოკელი.

გადაწყვეტილების გამოტანისას, კომისია გაითვალისწინებს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს რეკომენდაციებს. "ყურადღება მიექცევა იმას, რომ ფედერაციების მიერ დამტკიცებული სპორტსმენები არ იყვნენ მოხსენიებულნი რიჩარდ მაკლარენის ანგარიშში", - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ახალი კომისიის ვერდიქტი 5 აგვისტომდე უნდა გახდეს ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს, რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ რუსეთის ოლიმპიურ გუნდში 266 სპორტსმენი შედის.

* * *
ამასობაში, 13 ქვეყნის ანტისადოპინგო ორგანიზაციამ ღია წერილი მისწერა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომელშიც გააკრიტიკა ეს ორგანიზაცია რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე რუსეთის ოლიმპიური გუნდის დაშვების გამო.

მიმართვას ხელი მოაწერეს: აშშ-მ, გერმანიამ, კანადამ, ჰოლანდიამ, იაპონიამ, ავსტრიამ, შვეიცარიამ, დანიამ, ფინეთმა, ახალმა ზელანდიამ, ნორვეგიამ, შვედეთმა და პოლონეთმა.

"ასეთი გადაწყვეტილების მიღებით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აჩვენა, რომ ამ ორგანიზაციას არ ჰყოფნის დამოუკიდებლობა, რაც საჭიროა კომერციული და პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად.

უნდა დავიცვათ დოპინგისგან სუფთა სპორტსმენების ინტერესები. უნდა მიგვეღო რადიკალური გადაწყვეტილება, რათა მსგავსი სიტუაცია აღარასოდეს განმეორებულიყო. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი პასუხისმგებლობა ფედერაციებს გადააბარა, რითაც დაარღვია მთელი პლანეტის სპორტსმენების ფუნდამენტალური უფლებები", - მოჰყავს წერილის ფრაგმენტი გაზეთ The Guardian-ს.

დოპინგთან ბრძოლის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრინციპებს.

* * *
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ დაასახელებს იმ 98 სპორტსმენის გვარს, რომლებმაც დადებითი დოპინგ-სინჯები ჩააბარეს 2008 და 2012 წლების ოლიმპიადების დროს. ამის შესახებ წერს ინტერნეტრესურსი Insidethegames-ი.

22 ივლისს, ოლიმპიურმა კომიტეტმა შეაჯამა პეკინისა და ლონდონის თამაშების სინჯების გადამოწმების მეორე ტალღის შედეგები. 45 სპორტსმენის (30 - 2008 წლის თამაშებიდან, 15 - 2012 წლის ოლიმპიადიდან) ანალიზში აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატები. მაშინ დამნაშავეთა გვარები არ დასახელებულა.

"სპორტსმენების მიმართ სანქციების საკითხი მოგვიანებით უნდა განვიხილოთ. დღეს ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ დამნაშავე სპორტსმენები რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე", - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესმდივანმა მარკ ადამსმა.

ოლიმპიურმა კომიტეტმა, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი სპორტსმენის ვინაობა დაასახელა და მათ სანქციები გამოუტანა. ესენი არიან: უკრაინელი და თურქი ძალოსნები - იულია კალინა (ბრინჯაო 2012 წლის ოლიმპიადაზე) და სიბელ ოზქანი (ვერცხლი 2008 წლის ოლიმპიადაზე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული