რიო 2016. შვიდკაცა რაგბი: დაბრუნება 112 წლის შემდეგ

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე შეჯიბრება სპორტის ორ ახალ სახეობაში ჩატარდება. თამაშებს 112 წლის განშორების შემდეგ დაუბრუნდება რაგბი, უფრო სწორად, შვიდკაცა რაგბი, რომელიც სავარაუდოდ, ოლიმპიურ თამაშებს დაამშვენებს და ახალ აუდიტორიას შესძენს. ამასთან ერთად, რიოში მეგოლფეებიც იასპარეზებენ.

რა არის შვიდკაცა რაგბი? აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მაიკ ფრაიდეის განმარტებით, ეს არის:

"თამაში, სადაც შვიდი მაღალკვალიფიციური, სწრაფი და შემტევი სტილის მოთამაშე ასეთივე რაოდენობის მოწინააღმდეგეს უპირისპირდება ნატურალური ზომის მოედანზე".

რაგბისგან განსხვავებით, აქ წესები ძალიან მარტივია, რაც მას ყველასთვის იოლად აღსაქმელს ხდის. ორი გუნდი ცდილობს, ერთმანეთს
ლელო გაუტანოს, რომელიც ხუთ ქულად ფასდება; გარდასახვა, ისევე, როგორც ჩვეულებრივ რაგბიში, აქაც ორი ქულაა. თოთოეული ტაიმი შვიდ წუთს გრძელდება, მხოლოდ ფინალი შედგება ორი ათწუთიანი ტაიმისგან.

გუნდების შემადგენლობაში, როგორც წესი, სამი მორკინალი და ოთხი უკანახაზელია. ყველა მათგანი უნდა იყოს სწრაფი, მოქნილი და ღონიერი. შერკინებაში მხოლოდ სამი-სამზე დგომია; მიწოლა, ცხადია, მიღებულია. დერეფანშიც სამი კაცი დგება. ბურთისთვის ბრძოლა აქაც დაშვებულია.

რიოში ქალთა გუნდების შეჯიბრება "დეოდოროს" სტადიონზე 6 აგვისტოს დაიწყება. კაცთა ტურნირი კი სტარტს 9 აგვისტოს აიღებს.

კაცები
A ჯგუფი: ფიჯი, აშშ, არგენტინა, ბრაზილია
B ჯგუფი: სამ. აფრიკა, ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი
C ჯგუფი: ახ. ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, კენია, იაპონია

ქალები
A ჯგუფი: ავსტრალია, აშშ, ფიჯი, კოლუმბია
B ჯგუფი: ახ. ზელანდია, საფრანგეთი, ესპანეთი, კენია
C ჯგუფი: კანადა, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, იაპონია

კაცთა ტურნირზე ფავორიტი ფიჯის ნაკრებია, რომელმაც წლევანდელი მსოფლიოს სერიაც მოიგო. თუმცა მას უმძაფრეს კონკურენციას გაუწევს აშშ-ის, სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები. გამორიცხული არ არის, მათ დავაში არგენტინის შვიდკაცა რაგბის ნაკრებიც ჩაებას, რომელიც ახლახან ეროვნული ნაკრების უკანახაზელებით, ხუან იმჰოფითა და მატიას მორონით გაძლიერდა.

ქალთა შეჯიბრებაში კი ფავორიტი ავსტრალიაა. ამ გუნდმაც წლეულს მსოფლიოს სერია მოიგო. მისი კონკურენტები ფიჯი, ახალი ზელანდია და დიდი ბრიტანეთი იქნებიან.

მოდით, თვალი გადავავლოთ იმ ვარსკვლავებს, რომლებიც რიოს ოლიმპიადაზე შეეცდებიან, მრავალთ რაგბი შეაყვარონ და ქომაგად გახადონ.

კოლინზ ინჯერა (კენია)
ის შვიდკაცა რაგბის ლეგენდაა. კენიელთა უმთავრესი მელელოვე ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენია. რაგბისგან თავისუფალ დროს კოლინზი ნაირობიში ერთ-ერთი კომპანიის პიარმენეჯერად მუშაობს. მისი მთავარი მიზანი იქნება, საკუთარ გუნდს უმძიმეს ჯგუფში, სადაც მეტოქეები ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და იაპონია იქნებიან, წარმატება მოუტანოს.

ემილი სკარეტი (დიდი ბრიტანეთი)
ინგლისის ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და მთავარი დამრტყმელი. ის გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ინგლისის ნაკრებთან ერთად. ემილი დიდი ბრიტანეთის ნაკრების ლიდერი იქნება რიოში. ის სერიოზული ძალაა ამ გუნდისთვის და, სავარაუდოდ, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

სონი ბილ ვილიამსი (ახ. ზელანდია)
ის ოლიმპიადზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იქნება. "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში სონი ბილიმ ორჯერ მოიგო მსოფლიოს თასი. ამასთან ერთად, წარმატებით თამაშობს რაგბი ლიგას და სერიოზული მიღწევები აქვს პროფესიულ კრივში. მისი კერპი მუჰამედ ალია. სონი ბილ ვილიამსმა ძალების მოსინჯვა შვიდკაცა რაგბიშიც სცადა და რიოდან მედლის გარეშე წასვლა არ უნდა.

სეაბელო სენატლა (სამ. აფრიკა)
სამხრეთაფრიკელი საუკეთესო მელელოვე იყო გასულ სეზონში მსოფლიოს სერიაში. მის ანგარიშზე 66 ლელოა. მას ზე რაგბის გათამაშებაში ასპარეზობის გამოცდილება აქვს "სტორმერზის" შემადგენლობაში. სეაბელოს შეეძლო შესანიშნავი კარიერა ჰქონოდა დიდ რაგბიში, ისევე, როგორც გარემარბ ბრაიან ჰაბანას. თუმცა, სენატლა, რომელიც ერთ-ერთი უსწრაფესი მეშვიდკაცეა, თავისი არც ამჟამინდელი ბედითაა უკმაყოფილო.

პორტია ვუდმენი (ახ. ზელანდია)
ის მორაგბეთა ოჯახიდანაა. მისი მამა და ბიძა გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში "ოლ ბლექის" ღირსებას იცავდნენ. პორტია ვუდმენი 2015 წელს შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ქალთა შორის. ამასთან ერთად, მან ნეტბოლის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა.

პერი ბეიკერი (აშშ)
სენატლაც კი აღიარებს, რომ პერი ბეიკერი მასზე უფრო სწრაფია. ეს უკანასკნელი ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა. "ფილადელფია იგლზმა" გუნდიდან ტრავმის გამო გაუშვა და ამერიკული ფეხბურთის ნაციონალურ ლიგაში მისი თამაშის შანსი მინიმუმამდე შემცირდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის შვიდკაცა რაგბის ნაკრებში თამაშის დაწყებით თავს უშველა. ბეიკერი, ადვილი შესაძლებელია, შვიდკაცა რაგბის ლეგენდად იქცეს.

სავენაკა რავაკა (ფიჯი)
ფიჯის ნაკრების ლეგენდარულ მწვრთნელს, ბენ რაიანს რავაკას დიდი იმედი აქვს. არანაკლებ იმედებს ამყარებენ მასზე ინგლისური "სარასენზის" მესვეურები, რომელთანაც ფიჯელმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. ფიჯი ოლიმპიადაზე კაცთა ტურნირის ფავორიტია. თუ გადაავლებთ თვალს ამ გუნდის შემადგენლობას, ადვილი გასაგები იქნება, რატომ. ნებისმიერი მათგანი ოლიმპიადის მშვენება იქნება, რავაკას მაინც ვერავინ შეედრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული