ქართველმა მშვილდოსანმა ქალებმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის პლეი ოფის საგზური ბოლო ადგილით მოიპოვეს - 5 აგვისტოს გამართული სარეიტინგო რაუნდი 1831 ქულით დაასრულეს, რაც ზუსტად მე-12 შედეგი აღმოჩნდა.
პლეი ოფის შეხვედრები ქალებში 7 აგვისტოს დაიწყება, ჩვენების პირველი მეტოქე კი მექსიკის საკმაოდ ძლიერი ნაკრებია. ამათში მოგებულს მეოთხედფინალში ტაივანის ნაკრები ელოდება.
ჩვენი ქალებიდან შესარჩევი ეტაპი ყველაზე უკეთ
ხათუნა ნარიმანიძემ ჩაატარა - 625 ქულა დააგროვა, რაც 34-ე შედეგი აღმოჩნდა.
ქრისტინე ესებუა 612-ით 45-ზე გავიდა, ხოლო
იულია ლობჟანიძე 594 ქულით 57-ზე დარჩა.
პირად პირველობაში პლეი ოფი
10 აგვისტოს, ბრაზილიის დროით 10.57 საათზე დაიწყება. ლობჟანიძე 1/32-ედფინალში მექსიკელ ალექსანდრა ვალენსიას შეხვდება, ესებუა - ინდოელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ დეეპიკა კუმარის, ნარიმანიძე - უკრაინელ ლიდია სიჩენიკოვას.