შოთა ხაბარელი: ჩვენი დამრტყმელი ძალა რიოში დღეიდან იწყებს ჭიდაობას!

AutoSharing Option
ყოფილმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმა, რომელიც ამჟამად პარლამენტის წევრია, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების, ამირან პაპინაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის გამოსვლა შეაფასა და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა.

- რიო 2016. ძუიდო: ორი დღე უმედლოდ - ვერც ტაკატოს ძლევამ გვიშველა [VIDEO]

ცუდი სტარტის მიუხედავად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი თავკაცი მაინც იმედიანადაა და ჩვენი ძიუდოისტებისგან ყველა დარჩენილ წონაში მედალს მოელის.

"პაპინაშვილს ურიგოდ არ უჭიდავია, სამი წინასწარი შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა, იაპონელსაც კარგად მოუგო და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მომზადების პრობლემა არ ჰქონდა.

მომხდარს უფრო იმას დავაბრალებდი, რომ დილით უკეთ იჭიდავა, შესვენების შემდეგ კი სხვა ფაქტორი ამუშავდა - ალბათ, უფრო მეტად ინერვიულა, რადგან ერთი შეხვედრა რჩებოდა ფინალამდე. გადასასვლელში უკვე არ იყო ისეთი განწყობით, როგორც - წინა შეხვედრებში. ამ ყველაფერს ფსიქოლოგიურ მომენტს უფრო ვაბრალებ.

მარგველაშვილის გუშინდელი გამოსვლა კი სუფთა გამოუცდელობის ბრალია - რაღაც მომენტი გაუშვა და შემთხვევით დავარდა, თორემ პოტენციურად ის სლოვენიელზე უკეთესია. სამწუხაროდ, ხდება ძიუდოში, როცა შეცდომას ვერ გამოასწორებ და ასე მოხდა ახლაც.

გამოცდილებითაც და შესაძლებლობითაც ჩვენი დამრტყმელი ძალა დღეიდან იწყებს ჭიდაობას. 73 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი გამოცდილია, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი. მართალია, ახალ წონაში გადავიდა, მაგრამ უკვე იქაც დაიჭირა თავისი ნიშა. მაინცდამაინც კარგი ბადე არ აქვს, ვფიქრობ, მაინც კარგად უნდა იჭიდაოს და მედალი მოგვიტანოს.

81-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, თან ძირითადი მეტოქეები მეორე მხარეს მოხვდნენ და აქაც დიდი იმედი უნდა გვქონდეს.

90-ში ვალერი ლიპარტელიანისთვის რუსი კირილ დენისოვი უხერხული მეტოქეა, თუმცა მას ნახევარფინალამდე არ ხვდება. აქაც უნდა ველოდოთ მედალს.

მეიმედება ბექა ღვინიაშვილისაც 100-ში, თუმცა ჰოლანდიელი გროლი და ფრანგი მარე მისთვის უხერხული მოჭიდავეები არიან, მაგრამ იმათგან ერთი გამოვა მეოთხედფინალში.

მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილსაც პირველი შეხვედრა ცოტა რთული აქვს, მაგრამ არაა მაინცდამაინც ისეთი ძლიერი იაპონელი ჰარასავა, რომ ვერ მოუგოს. იმედიანად ვარ, დღეიდან ჩვენი შედეგები დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სპორსმენებისგან ფულს იხებდა
abrez
23:43 08-08-2016
0
სწორედ ეს შოთა ხაბარელი და გიორგი ლორთქიფანიძე არიან სპორტის დამანგრევლები. ყველა ნორმალურ პროექტს ბლოკავენ და ქრთამს ითხოვენ. ლერი ხაბელოვსაც ხელს უშლიან. იმედია, ახალ პარლამენტში აღარ იქნებიან.
გიო
22:40 08-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული