- რიო 2016. ძუიდო: ორი დღე უმედლოდ - ვერც ტაკატოს ძლევამ გვიშველა [VIDEO]
ცუდი სტარტის მიუხედავად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი თავკაცი მაინც იმედიანადაა და ჩვენი ძიუდოისტებისგან ყველა დარჩენილ წონაში მედალს მოელის.
"პაპინაშვილს ურიგოდ არ უჭიდავია, სამი წინასწარი შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა, იაპონელსაც კარგად მოუგო და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მომზადების პრობლემა არ ჰქონდა.
მარგველაშვილის გუშინდელი გამოსვლა კი სუფთა გამოუცდელობის ბრალია - რაღაც მომენტი გაუშვა და შემთხვევით დავარდა, თორემ პოტენციურად ის სლოვენიელზე უკეთესია. სამწუხაროდ, ხდება ძიუდოში, როცა შეცდომას ვერ გამოასწორებ და ასე მოხდა ახლაც.
გამოცდილებითაც და შესაძლებლობითაც ჩვენი დამრტყმელი ძალა დღეიდან იწყებს ჭიდაობას. 73 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი გამოცდილია, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი. მართალია, ახალ წონაში გადავიდა, მაგრამ უკვე იქაც დაიჭირა თავისი ნიშა. მაინცდამაინც კარგი ბადე არ აქვს, ვფიქრობ, მაინც კარგად უნდა იჭიდაოს და მედალი მოგვიტანოს.
81-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, თან ძირითადი მეტოქეები მეორე მხარეს მოხვდნენ და აქაც დიდი იმედი უნდა გვქონდეს.
90-ში ვალერი ლიპარტელიანისთვის რუსი კირილ დენისოვი უხერხული მეტოქეა, თუმცა მას ნახევარფინალამდე არ ხვდება. აქაც უნდა ველოდოთ მედალს.
მეიმედება ბექა ღვინიაშვილისაც 100-ში, თუმცა ჰოლანდიელი გროლი და ფრანგი მარე მისთვის უხერხული მოჭიდავეები არიან, მაგრამ იმათგან ერთი გამოვა მეოთხედფინალში.
მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილსაც პირველი შეხვედრა ცოტა რთული აქვს, მაგრამ არაა მაინცდამაინც ისეთი ძლიერი იაპონელი ჰარასავა, რომ ვერ მოუგოს. იმედიანად ვარ, დღეიდან ჩვენი შედეგები დაიწყება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"