[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან] "ლელო" მეორედ მოხვდა მსოფლიოს რჩეულ სპორტულ გამოცემათა სიაში

AutoSharing Option
პრესის 100 მუშაკი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც აკრედიტებულნი იყვნენ 10 და მეტ ოლიმპიურ თამაშებზე, 8 აგვისტოს რიოში შეხვედრა-დაჯილდოებაზე მიგვიწვიეს. ღონისძიებას "იაპონიის სახლმა" უმასპინძლა, რომელიც აქ ოლიმპიადასთან დაკავშირებით ფუნქციონირებს. ეს ტრადიცია დამკვიდრდა ლონდონში 2012 წელს გამართული თამაშებიდან.

ორგანიზატორებმა - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ დაჯილდოებისთვის "იაპონიის სახლი" იმიტომაც ამჯობინეს, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს ტოკიო უმასპინძლებს. ეს ყურადღება ჯეროვნად დააფასეს იაპონელებმაც - რაკი ამ დღეს მსოფლიოს მასმედიის ყურადღების ცენტრში რიოდან იაპონიაც მოექცა ამ ღონისძიების გამო, მასპინძლებმა შთამბეჭდავ სივრცეში ფართოდ
წარმოადგინეს ყველაფერი თვალსაჩინო, რაც უკვე მზად აქვთ საოლიმპიადოდ. იაპონელები კი, მოგეხსენებათ, თადარიგიანი ხალხია და უკვე ვიხილეთ ძალიან ბევრი რამ, რითაც თავს მოიწონებენ 2020 წლის თამაშების მასპინძლები.

არ მოვერიდებით და ვიტყვით, რომ ამ ყველაფრის ხილვისას ბრაზილიელებს, რომლებიც რიოში ოლიმპიადის მასპინძლობისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდნენ, წესით, ბევრი რამის გამო, სულ მცირე, უხერხულობა უნდა იგრძნონ მაინც.

მოკლედ, დაჯილდოება შედგა. შედგა ვეტერანი ცნობილი სპორტსმენების თანამონაწილეობით. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ოლიმპიური ჩირაღდანი მიიღო სამახსოვროდ, იყვნენ ფოტორეპორტიორები. ეს გასაგებიცაა, პროფესიონალი ფოტოგრაფები ათწლეულობით მუშაობენ პრესაში და იშვიათად ჰყავთ შემცვლელი რედაქციაში.

მცირე იყო მწერალ ჟურნალისტების რაოდენობა, კიდევ უფრო მცირე (ხელის თითებზე ჩამოსათვლელი) ერთი გამოცემიდან 10 და მეტ ოლიმპიადაზე აკრედიტებულთა რიცხვი. სწორედ ამ კატეგორიაში გავიდა ქართული სპორტული გაზეთი "ლელო", რაც უდავოდ მისასალმებელია. ესაა "ლელოს" თაობების და ბოლო ათწლეულში "პალიტრამედიის" დამსახურება, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს "ლელოს" შესანარჩუნებლად.

დავძენთ, რომ 2012 წელს პირველ დაჯილდოებულთა სიაშიც მოხვდა "ლელოს" ჟურნალისტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული