ქართველმა მუშკეტერმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახალგაზრდებს შორის პირადი პირველობა სამჯერ მოიგო, გუნდურში კი თითო ვერცხლი და ბრინჯაო დაიმსახურა. სანდროსთვის განსაკუთრებით წარმატებული წლევანდელი სეზონი გამოდგა: გაზაფხულზე პრაღაში ევროპელ მოფარიკავეთა ბოლო სალიცენზიო ტურნირზე რიოს ოლიმპიური თამაშების საგზური დაიბევა... ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა. ამ შეჯიბრების მერე ესპანეთის დედაქალაქში მსოფლიოს თასზე იყოჩაღა - უძლიერეს მეტოქეებთან პაექრობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. სამაგიეროდ, ბულგარულ პლოვდივში
დღეს სანდრო ბაზაძე ოლიმპიადაზე სადებიუტო შეხვედრას 31 წლის მასპინძელ რენზო აგრესტასთან გამართავს. ბრაზილიელი მოხმალავე გამოცდილი სპორტსმენია - 2004, 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, პანამერიკულ თამაშებში ოთხჯერ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, პანამერიკულ ჩემპიონატებში 2013 წელს გაიმარჯვა, სამჯერ მესამე ადგილი დაიკავა, შარშან შეიარაღებული ძალების მსოფლიო თამაშები მოიგო.
- აგრესტა რეიტინგში მეთექვსმეტეა, - გვითხრა მერაბ ბაზაძემ, რომელსაც გუშინ რიოში შევეხმიანეთ. - სანდრო მას წლეულს ორჯერ შეხვდა და ორჯერვე გაიმარჯვა: ჯერ მოსკოვის ხმალზე ქვეჯგუფში 5:4 სძლია, ხოლო ბრაზილიაში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 5:0 მოუგო. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ანგარიშში სხვაობა სამამდე გავზარდოთ.
სანდრომ წარმატებით გაიარა აკლიმატიზაცია, შეეგუა ბრაზილიურ დროსა და ჰავას, ყოველდღიურად მონდომებით ვარჯიშობს. ერთი ეს არის, რომ აგრესტასთან შეხვედრაზე ბევრს ფიქრობს. არც არის გასაკვირი - ეს ხომ მისი დებიუტია, თანაც სტარტზე მასპინძელი ჰყავს მეტოქედ. ვცდილობ, გავამხნევო.
გუშინ ძიუდოზე ვიყავით, მეოთხედფინალის ჩათვლით, ავთანდილ ჭრიკიშვილს ვუქომაგეთ, მერე ოლიმპიურ სოფელში დავბრუნდით, რომ დღევანდელი პაექრობისთვის დასვენება მოესწრო. იმედია, ქომაგებს გავახარებთ...
ბაზაძე-აგრესტას შორის გამარჯვებული მეორე წრეში კიმ იუნგ-ჰვანგსა (სამხრეთი კორეა) და იოანდის ირიარტეს (კუბა) შორის უძლიერესს შეხვდება. ამ პაექრობაში კორეელი აშკარა ფავორიტია: 32 წლის კიმი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია გუნდურში, მსოფლიოს ჩემპიონატებში თითო ვერცხლი და ბრინჯაო აქვს მოგებული, აზიის ხუთგზის ჩემპიონია და აზიური თამაშების ოქრო-ვერცხლის მფლობელი. ცხადია, უტიტულო კუბელს ასეთ სახელოვან მოფარიკავესთან გამკლავება გაუჭირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"